ლეგენდარული დიზაინერი ვალენტინო გარავანი, მოდის სახლ "ვალენტინოს" დამფუძნებელი, 93 წლის ასაკში, 2026 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა რომის რეზიდენციაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.
მან მოდის სახლი Valentino 1960-იანი წლების დასაწყისში თავის პარტნიორ ჯანკარლო ჯამეტისთან ერთად დააარსა. სხვადასხვა დროს მის კლიენტებს შორის იყვნენ პრინცესა დაიანა, ჟაკლინ კენედი და ოდრი ჰეპბერნი.
სიცოცხლეში მდიდრული ცხოვრების, კომფორტის, ფუფუნების და სილამაზის მოყვარულმა ვალენტინომ საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ 2 მლრდ დოლარად შეფასდა. აქ შედის მდიდრული სასახლეები, ვილები და პენტჰაუსები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში (პრესტიჟული ვილები საფრანგეთსა და იტალიაში, პარიზის მახლობლად მდებარე შატო, რეზიდენციები ლონდონში, შალე შვეიცარიაში, პენტჰაუსი მანჰეტენზე), იახტა, მანქანები, კერძო ხელოვნების კოლექცია, ორი კომპანია.

დიზაინერს პირდაპირი მემკვიდრეები არ დარჩენია, არც ცოლი ჰყავდა და არც შვილი. ამიტომ, მისი უზარმაზარი ქონება თავდაპირველად მისი ანდერძის მიხედვით გადანაწილდება.
იტალიური გამოცემა Il Messaggero-ს ცნობით, ვალენტინოს ქონების მთავარი მემკვიდრე მისი მეგობარი და დიდი ხნის ბიზნესპარტნიორი, ჯანკარლო ჯამეტი იქნება, რომელთანაც მან მოდის სახლი დააარსა. გაზეთის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ვალენტინოს მთავარი მემკვიდრეები ასევე იქნებიან ძმები შონ და ენტონი საქსები, რომლებიც დიზაინერის გარემოცვაში გაიზარდნენ და მისი შვილებივით იყვნენ, ასევე ბრიუს ჰოკსემი, მოდის სახლის ერთ-ერთი დიდი ხნის თანამშრომელი. შესაძლოა, მემკვიდრეობის ნაწილი ვალენტინოს უახლოეს ოჯახს, მის უფროს დას და შვილთაშვილს გადაეცეთ, როგორც ამას იტალიური კანონმდებლობა ითვალისწინებს.