რას ნიშნავს სქესობრივი მომწიფება და როდის არის ის ნაადრევი ან დაგვიანებული - თემაზე გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" სექსოლოგი, პროფესორი ლევან კობალაძე საუბრობს:
- როდესაც სქესობრივ მომწიფებაზე ვსაუბრობთ, ეს ძალიან ინდივიდუალურია. სხვადასხვა ბავშვის შემთხვევაში, შეიძლება, რამდენიმე თვესა და წელშიც კი იყოს განსხვავება. ისევე, როგორც სხვა ნიშნები - ვიღაც უფრო მაღალია, ვიღაც უფრო დაბალი და ასე შემდეგ.
არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებსაც მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ არ გამოეპაროს. არის ნაადრევი სქესობრივი მომწიფება და არის დაგვიანებული. ნაადრევ სქესობრივ მომწიფებაზე ვსაუბრობთ, როდესაც გოგონებში 8 წელზე და ბიჭებში 9 წელზე უფრო ადრე იწყება სქესობრივი მომწიფება. ეს გარკვეული ნიშნებითაა გამოხატული და მშობელმა ზუსტად ამას უნდა მიაქციოს ყურადღება. მერე, ცხადია, ერთვება პროფესიონალი. შესაძლოა, ბავშვს გამოკვლევები დასჭირდეს, მკურნალობა და ასე შემდეგ. მაგრამ, ეს უკვე ექიმის პასუხისმგებლობაა.
ნაადრევი სქესობრივი მომწიფების დროს, როგორც გოგონებში, ასევე ვაჟებში, სასქესო ჰორმონების ჭარბი სინთეზი ხდება. ეს პროცესის დაჩქარებას იწვევს. ის, რაც, ნორმალურ შემთხვევაში, ცოტა უფრო გვიან ასაკში უნდა დაწყებულიყო, ნაადრევად ხდება.
მშობლებმა გოგონების შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ ნიშნებს: თუ გაჩნდა თმიანობა, განსაკუთრებით, სასქესო ორგანოების არეში, დაიწყო სარძევე ჯირკვლების განვითარება, ზრდა. შეიძლება, ტკივილი, ერთგვარი გამონადენიც აღენიშნებოდეს, როდესაც იწყება მენარქე, ნაადრევი მენსტრუაცია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნიშანია ზრდის სწრაფი, ნახტომისებური დაჩქარება. უცებ გამაღლდებიან, თავიანთ კლასელებს გადაუსწრებენ. თითქოს, ერთი მხრივ, სასიხარულოა, რომ სიმაღლეში იზრდება.
მაგრამ, აქ მეორე პრობლემას ვეჯახებით. თავიდან ასეთი დაჩქარებული ზრდა, შემდგომ იწვევს იმას, რომ შეიძლება, ძვლებში ზრდის ზონები დაიხუროს და მერე პირიქით, ზრდაში ჩამორჩენა დაიწყოს.
მშობელმა ვაჟებში ნაადრევად პენისისა და სათესლე ჯირკვლების ზრდა, ხმის ცვლილება, თმიანობა, თუ შეამჩნია, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოს.
ეს ნიშნები არ უნდა გამოგვეპაროს იმიტომ, რომ შესაძლოა, გარკვეულ პათოლოგიურ პროცესებზე მიგვანიშნებდეს. შეიძლება, ეს სიმსივნური პროცესები იყოს, ჰიდროცეფალია, ტრავმები, რომლებზეც შეიძლება, არც იფიქროს მშობელმა...
როდესაც მეორადი ნიშნებით ვატყობთ, რომ რაღაც ნორმაში არ ჯდება, ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ.
ასევე, არანაკლებ საყურადღებოა მშობლებისთვის სიტუაცია, როდესაც, პირიქით, სქესობრივ მომწიფებაში ჩამორჩენაა. გოგონებში 13, ბიჭებში 14 წლის ასაკიდან თუ არ ხდება სქესობრივი მომწიფების დაწყება და იმ ნიშნების გამოვლენა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, უკვე საყურადღებოა. გოგონებს 15 წლის ასაკის შემდეგ მენსტრუაცია თუ არ აქვთ, ეს უკვე საგანგაშო ნიშანია.
დაგვიანებულ სქესობრივ მომწიფებას შესაძლოა, ძალიან ბევრი სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. მათ შორის, ქრომოსომული ანომალიები, გენეტიკური მუტაციები. ამ შემთხვევაში, სასქესო ჰორმონების სინთეზის დეფიციტია. ზრდაში ჩამორჩებიან და ესეც საგანგაშო ნიშანია. აქაც შეიძლება, მიზეზები სხვადასხვა იყოს: სიმსივნური პროცესებიდან დაწყებული, ტრავმები, მედიკამენტოზური ჩარევა, იმუნოდეფიციტური მდგომარეობა. ასევე, ეს შეიძლება, იყოს კვებითი აშლილობების, მეტაბოლური სინდრომის ფონზე, ჭარბი, ინტენსიური ვარჯიშების, გადაწრთვნის დროს, ფარისებრი ჯირკვლის, ღვიძლის, სხვა ორგანოების ფუნქციონალური დარღვევების შემთხვევები.
ერის გამრავლებისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობა აუცილებელია. ეს ადამიანის ერთ-ერთი ბაზისური მოთხოვნილებაა. მისი ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში იწყება. პრობლემები, რომლებიც მერე იჩენს ხოლმე თავს, ერთ დღეში არ ჩნდება. ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ, ბავშვობის ასაკიდანაა. აქ მშობელს განსაკუთრებული როლი აქვს, რომ არ გამოეპაროს ის ნიშნები, რომლებიც შესაძლოა, გარკვეულ პათოლოგიაზე მიანიშნებდეს. დროული ჩარევითა და მკურნალობით შესაძლოა, მომავალში ძალიან დიდი პრობლემები ავიცილოთ.
ყურადღების მიქცევა ჩვილობის ასაკშიც კი უნდა დაიწყოს. მაგალითად, კრიპტორქიზმი, ეს არის მდგომარეობა, როდესაც სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში არ არის ჩამოსული. ადრე ასეთი მიდგომა იყო: 5 წლამდე ამას საერთოდ არ თვლიდნენ პრობლემად. მერე ოპერაციას აკეთებდნენ. დღევანდელი მიდგომა სრულიად შეცვლილია. 1 წლამდეც კი თუ არ მოხდა ჩამოსვლა, ოპერაცია აუცილებლად გასაკეთებელია. მოგეხსენებათ, სათესლე ჯირკვალს ორი ფუნქცია აქვს. ერთი სპერმის გამომუშავება, მეორე სასქესო ჰორმონების გამომუშავებაა, რომელიც რეპროდუქციული აქტივობისათვის აუცილებელია. როდესაც სათესლე ჯირკვალი მუცლის ღრუში რჩება, სათესლე ჯირკვალს მაღალი ტემპერატურა არ უყვარს. მუცლის ღრუში ტემპერატურა ბევრად მაღალია, ვიდრე გარეთ. შესაბამისად, მაღალი ტემპერატურის პირობებში, ის ნორმალურად განვითარებას ვეღარ ახერხებს. თუ ჩარევა დაგვიანებულია, მისი ზომა, ფუნქციონირება, ყველაფერი დეგრადირებულია. ამას ემატება კიდევ ერთი ფაქტორი: მაღალი ტემპერატურის პირობებში შეიძლება, სიმსივნური გადაგვარება მოხდეს. ამიტომ, მშობლებმა არ უნდა გადადონ. დააკვირდნენ ბავშვს, თუ ხედავენ ერთ-ერთი ან ორივე სასქესო ჯირკვალი არ არის ჩამოსული სათესლე პარკში, სასწრაფოდ ქირურგს უნდა მიმართონ.