რუსეთში მომხდარ ამბავს საერთაშორისო მედია აშუქებდა. სანქტ-პეტერბურგის რეგიონში 9 წლის პაშას მასშტაბური ძებნა ოთხი დღე მიმდინარეობდა. მისმა გაუჩინარებამ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ძებნაში ათობით მოხალისე, პოლიციელი, საგამოძიებო კომიტეტი და სასწრაფო დახმარების სამსახურები მონაწილეობდნენ. პაშას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თითქმის ყოველ საათში ახლდებოდა და გამომძიებლები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობდნენ.
ბავშვი 30 იანვარს, შუადღის საათებში გაუჩინარდა. ის სოფელ გორელოვოში ცხოვრობდა. მშობლებს უთხრა, რომ სასეირნოდ მიდიოდა. შემდეგ კი ტალინის გზატკეცილზე მდებარე ჰიპერმარკეტში გაჩერდა. ამის შემდეგ ბავშვი სახლში აღარ დაბრუნებულა. როდესაც ოჯახმა აღმოაჩინა, რომ ის უკვალოდ გაქრა, პოლიციას შეატყობინა და ძებნა იმავე საღამოს დაიწყო.

კამერების ჩანაწერების მიხედვით, მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ, პაშა ავტოსადგომზე აღმოჩნდა, სადაც დაზიანებული ბამპერებით დატვირთულ თეთრ მანქანას მიუახლოვდა და ჩაჯდა. ამის შემდეგ, გამომძიებლებმა თეთრი მანქანისა და მისი მძღოლის ძებნა დაიწყეს.
თვითმხილველების თქმით, ბიჭი ბოლოს უცნობ მამაკაცთან ერთად თეთრ Toyota-ში შენიშნეს. იქამდე ბიჭი ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა, სადაც საჭმელს ითხოვდა. შემდეგ ავტოსადგომზე მივიდა, სადაც მუშაობდა კიდეც და მძღოლებს ფულის სანაცვლოდ, ფარების გარეცხვას სთავაზობდა.
"ის თეთრ ჯიპში მყოფ მამაკაცს ესაუბრებოდა. მამაკაცმა მას სწრაფი კვების რესტორანში ბურგერი უყიდა, შემდეგ კი პაშა მის მანქანაში ჩაჯდა", - იხსენებს თვითმხილველი.
ამის შემდეგ ბიჭი აღარავის უნახავს.
გამომძიებლებმა მანქანის მფლობელის ვინაობა დაადგინეს და მის სახლში სწრაფადვე მივიდნენ, თუმცა მამაკაცი ადგილზე არ დახვდათ. მეზობლების თქმით, მამაკაცი ძალიან ჩაკეტილი იყო და არავის ესაუბრებოდა. მათივე ინფორმაციით, ოფიცრების ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე, მამაკაცმა მანქანა გარეცხა, შემდეგ სხვა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, ეზოს კარი კი ღია დატოვა.
საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე "მკვლელობის" მუხლით აღძრა, თუმცა გამომძიებლები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ განიხილებოდა ყველა შესაძლო ვერსია, მათ შორის გატაცება და უკანონო დაკავება.
ბაღებსა და ტყიან ადგილებში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, ეძებდნენ მიტოვებულ შენობებს, წყლის ობიექტებს. ჰიპერმარკეტიდან ამოღებული ჩანაწერების მიხედვით, ბავშვი თეთრ მანქანაში ჯდება, შემდეგ კი მანქანის კვალი იკარგება. საბოლოოდ, ბავშვის კვალს მაინც კამერების ჩანაწერებით მიაკვლიეს.

4-დღიანი ძებნის შემდეგ, ბიჭი, სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს. დაკავებულმა მამაკაცმა კი მკვლელობა აღიარა. დამნაშავემ ბავშვი სანქტ-პეტერბურგიდან 162 კილომეტრში მდებარე სოფელ ლუჟაიკაში დაახრჩო.
მედიის ცნობით, 38 წლის პეტრ ჟ. პაშას იცნობდა. ბავშვი ავტოსადგომზე მუშაობდა და მძღოლებს ფულის სანაცვლოდ, ფარების გაწმენდას სთავაზობდა. მათ მიმოწერაც ჰქონდათ. როგორც შეტყობინებებიდან ირკვევა, ბავშვმა რაღაც იცოდა და მამაკაცს დუმილის სანაცვლოდ, ფულს სთხოვდა.

დამნაშავე თავდაპირველად ბრალს არ აღიარებდა. შემდეგ კი მკვლელობა აღიარა. როგორც ცნობილია, იგი არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოებს ინახავდა და ეს პაშამ იცოდა. ჯერჯერობით, უცნობია, რა სასჯელი ელის მამაკაცს, რომელმაც ბავშვის მკვლელობა აღიარა.