თანამედროვე მშობლებში სულ უფრო ხშირად გვხვდება მიდგომა, რომელსაც პირობითად „უცრემლო ბავშვობას“ უწოდებენ. მისი არსი ის არის, რომ ბავშვი მაქსიმალურად იყოს დაცული სირთულეებისგან, დისკომფორტისგან, წარუმატებლობისა და ნეგატიური ემოციებისგან. ერთი შეხედვით, ეს ზრუნვისა და სიყვარულის გამოვლინებაა, თუმცა პრაქტიკაში ხშირად სრულიად საპირისპირო შედეგს იძლევა.
ბუნებრივია, ყველა მშობელს სურს, მისი შვილი ბედნიერი იყოს და თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს. თუმცა ზღვარი ნამდვილ ზრუნვასა და იმ მდგომარეობას შორის, როცა ბავშვი თანდათან არადამოუკიდებელი და არათავდაჯერებული ხდება, პრაქტიკულად, წაშლილია.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მშობლები ვერ ამჩნევენ, რამდენად სწრაფად იზრდება ბავშვი. ხშირად ის „პატარა“ რჩება მშობლის თვალში არა მხოლოდ ადრეულ ასაკში, არამედ ხუთი, შვიდი და რვა წლისაც კი. შედეგად, ბავშვი ვერ იღებს ასაკისთვის შესაფერის პასუხისმგებლობას და დამოუკიდებლად მოქმედების გამოცდილებას.
ადრეულ ასაკში ბავშვს ნამდვილად სჭირდება დახმარება და მხარდაჭერა. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: რაც უფრო გვიან მივცემთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას, მით ნაკლები დრო ექნება მას ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარების ჩამოსაყალიბებლად — როგორც ყოფითის, ისე სოციალური ურთიერთობების მხრივ.
თუ ხუთი წლის ბავშვს არ ვანდობთ ჩაცმასა და გახდას, ხოლო რვა წლისას — მარტივი საჭმლის მომზადებას ან საკუთარი დროის მართვას, მაშინ იმ მომენტში, როცა მას დამოუკიდებლად მოუწევს მოქმედება, აუცილებლად გაუჩნდება აზრი: „ამას შევძლებ? არ შემიძლია“.
ჰიპერმზრუნველობა ხშირად ვლინდება არა მხოლოდ შინ, ყოფით საკითხებში, არამედ ბავშვის განათლებისა და ჯანმრთელობის საკითხებშიც. ასეთ შემთხვევაში მშობლები ხშირად ცდილობენ თავად განსაზღვრონ, როგორ უნდა იმუშაონ მასწავლებლებმა ან ექიმებმა, უგულებელყოფენ პროფესიულ რეკომენდაციებს და დარწმუნებულები არიან, რომ უკეთ იციან, რა არის ბავშვისთვის სწორი.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვები ხშირად უფრო პასიურები, შებოჭილები და ნაკლებად თავდაჯერებულები არიან. მშობლები ამ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტი დახმარებით პასუხობენ, რაც საბოლოოდ პრობლემას მოგვარების ნაცვლად, უფრო ამძიმებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რისკი ჩნდება მაშინ, როცა მშობლები ბავშვს სხვადასხვა მიზნისთვის ამზადებენ და თან ელიან, რომ შედეგი ზუსტად მათ წარმოდგენებს დაემთხვევა. ბავშვები ასეთ მოლოდინებს ძალიან კარგად გრძნობენ და ხშირად უკვე მომზადების ეტაპზე იწყებენ ნერვიულობას.
ეს შინაგანი დაძაბულობა ხელს უშლის ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში. წარუმატებლობის შემთხვევაში კი ის აუცილებლად ამჩნევს მშობლის იმედგაცრუებას, რაც მომავალში ამცირებს მის მოტივაციას ახალი მიზნების დასახვისა და მიღწევის მიმართ.
შეცდომა ბავშვის განვითარების აუცილებელი ნაწილია. სწორედ შეცდომების გზით ყალიბდება აზროვნება, ანალიზის უნარი, გამძლეობა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის გამოცდილება.
ბავშვი, რომელსაც შეცდომის დაშვების საშუალებას არ აძლევენ, ვერ სწავლობს დამოუკიდებლად ფიქრს. ის სწავლობს მხოლოდ ერთს — გამოიცნოს უფროსის მოლოდინი და ეშინოდეს, რაიმე „არასწორად“ არ გამოუვიდეს. შედეგად ყალიბდება შეცდომის შიში, რომელიც ხშირად ვლინდება ფრაზებში: „არ მინდა“, „არ გამომივა“, „მერე გავაკეთებ“.
ასეთი ბავშვები გაურბიან რთულ ამოცანებს, ადვილად ანებებენ თავს დაწყებულ საქმეს და მძაფრად რეაგირებენ შენიშვნებზე. ეს არ არის სიზარმაცე ან ხასიათის პრობლემა — ეს არის გამოცდილების, თავისუფლების ნაკლებობა.
ნამდვილი მხარდაჭერა არ ნიშნავს ბავშვის ნაცვლად მოქმედებას. მხარდაჭერა ნიშნავს მის გვერდით ყოფნას მაშინ, როცა ის თავად ცდილობს. მისთვის დროის, შეცდომის დაშვების საშუალების მიცემას. წარმოქმნილ დისკომფორტთან შეგუება და არა ნებისმიერი პრობლემის დაუყოვნებლივ აღმოფხვრას.
ფრაზები, როგორიცაა „კიდევ სცადე“, „მოდი ერთად ვიფიქროთ“, „რა შეიძლება სხვანაირად გავაკეთოთ“, ბავშვს ბევრად მეტს აძლევს, ვიდრე მყისიერი ჩარევა და პრობლემის მის ნაცვლად გადაჭრა.
ბავშვის შეცდომებზე მშობლის რეაქცია საბოლოოდ აყალიბებს მის დამოკიდებულებას ცხოვრებასთან. თუ შეცდომა აღიქმება კატასტროფად, ბავშვი მის თავიდან აცილებას შეეცდება. თუ შეცდომა გამოცდილებად იქცევა, ბავშვი ემოციურად და მენტალურად იზრდება.
სწორედ ასე ყალიბდება შინაგანი საყრდენი - არა მოლოდინი, რომ ყოველთვის ვინმე გადაარჩენს, არამედ რწმენა: „მე თავად შევძლებ“.