სასკოლო ფორმა, ეტაპობრივად, მაღალკლასელებისთვისაც სავალდებულო გახდება - მინისტრის მოადგილე - მშობლები

სასკოლო ფორმა, ეტაპობრივად, მაღალკლასელებისთვისაც სავალდებულო გახდება - მინისტრის მოადგილე

2026-02-04 10:22:02+04:00

სასკოლო ფორმა 1-6 კლასის შემდეგ, ეტაპობრივად, სავალდებულო მაღალკლასელებისთვისაც გახდება. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ეს "შეგუების ამბავია".

"1-6 კლასი რატომ?! იმიტომ, რომ ნელ-ნელა გადავალთ. მერე იქნება მე-7, მე-8 და ა.შ. შეგუების ამბავია და ამიტომ. სასკოლო ფორმების ვიზუალთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, თუნდაც კერძო სკოლებში და მსოფლიოში აპრობირებულ გამოცდილებებს ვიყენებთ და გამოვიყენებთ. სოციალურად დაუცველებისთვის, ვისაც 60 000-ზე ქვემოთ აქვს ქულა, სასკოლო ფორმას სახელმწიფო დააფინანსებს, მაგრამ ასევე, ჩვენ ვფიქრობთ ყველა იმ მოქალაქეზე, რომლებმაც თავად უნდა შეიძინონ ფორმა. ამიტომ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რომ ხელმისაწვდომი იყოს სასკოლო ფორმა ფინანსურადაც და ფიზიკურადაც ლოკაციურ ნაწილში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, სოციალურად დაუცველებს სასკოლო ფორმას სახელმწიფო შეუძენს.

"ჩვენ ვფიქრობთ ყველა იმ მოქალაქეზე, რომლებმაც თავად უნდა შეიძინონ სასკოლო ფორმა, ამიტომ ძალიან ბევრსვმუშაობთ იმაზე, რომ ხელმისაწვდომი იყოს ფინანსურადაც და ფიზიკურადაც, ლოკაციურ ნაწილში, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა განათლების კომიტეტში გამართულ სხდომაზე .

ფორმების შეახებ განცხადება განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ჯერ კიდევ განათლების რეფორმის მკონცეფციის წარდგენისას გააკეთა.

"ვფიქრობთ, იყოს ეროვნული სიმბოლიკის გარკვეული ელემენტებით. შეიძლება, მუნიციპალიტეტთან ან ქალაქთან დაკავშირებული სიმბოლიკაც იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მსჯელობის და განხილვის საგანია და ეს ჯერ იდეებია, რომლებიც თავში გვიტრიალებს. როდესაც ჩამოვაყალიბებთ კონკრეტულ კრიტერიუმებს, გამოვაცხადებთ კონკურსს და ვაპირებთ, წარმოდგენილი ნამუშევრები საყოველთაო კენჭისყრაზე და განხილვაზე გავიტანოთ საზოგადოებაში. და საზოგადოებამ შეარჩიოს რამდენიმე ვარიანტი, რომელი ფორმა იქნება მათთვის მისაღები, 3 ან 5 ვარიანტი. ერთი და ორი არ იქნება. შემდეგ თითოეულ სკოლას მიეცემა საშუალება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი დიზაინის ფორმა შეარჩიოს და შეაკერინოს. მე მგონი, აქ საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ გვიხარია, ჩვენი შვილები როგორი გამოწყობილები იქნებიან.

ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, არაერთ შეხვედრაზე ვყოფილვარ, სადაც გაჟღერებულა ფორმის საკითხი და რასაც ვუყურებ, ეს საკითხი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მოთხოვნაა. ამიტომ, მით უმეტეს, როდესაც საზოგადოება მთლიანად იქნება ჩართული ფორმის დიზაინის შერჩევაში და საუკეთესოს გამოვლენაში, და იქნება რამდენიმე ვარიანტი ასარჩევად, ვფიქრობთ, ეს იქნება გამჭვირვალე და მისაღები ყველასთვის. სავალდებულო კი ფორმა გახდება შემდეგი, 2026-27 სასწავლო წლიდან.

ჩვენ დაახლოებით გავიანგარიშეთ, ერთი კომპლექტი რა დაჯდება და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, ის ოჯახები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროში აღრიცხულები არიან სოციალური სამსახურების მიერ, ამ ოჯახების მოსწავლეები ფორმის კომპლექტს მიიღებენ უსასყიდლოდ სახელმწიფოსგან.

ასევე ვფიქრობთ, რომ ამ ფორმების შეკერვა უზრუნველყონ სახელმწიფო პროფესიულმა სასწავლებლებმა, სადაც მაღალ დონეზეა განვითარებული სამკერვალოები და ასევე ერთ-ერთი სოციალური პროექტის სახით გვაქვს, რომ ერთ-ერთი პროფესიული კოლეჯი "მოდუსი", რომელიც ფუნქციონირებს ქალაქ რუსთავში, მათ აქვთ ფილიალი გახსნილი რუსთავის მე-5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც ქალი მსჯავრდებულები ასევე არიან ჩართული სამკერვალო საქმიანობაში. სოციალური პროექტის სახით გვაქვს იდეა, რომ ისინიც ჩავრთოთ ამ პროცესში. და შესაბამისი დადგენილება გამოსცეს მთავრობამ, რომ ტენდერის გარეშე, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც შეფასებული არიან 60 ათასი ან ნაკლები ქულით სოციალური მუშაკების მიერ, მათთვის ფორმები შეიკეროს პროფესიული სასწავლებლების მიერ. რაც შეეხება დანარჩენს, ეს უკვე კონკრეტული სკოლების მიერ უნდა მოხდეს გატენდერება. და შესაძლებელია, რომ ინდივიდუალურად მშობელმა იზრუნოს და შეაკერინოს, ან იყვნენ შესაბამისი კომპანიები.

უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ კონკურსს, რომ გაზაფხულის დასაწყისისთვის, საზოგადოების ჩართულობით, გვქონდეს ფორმის რამდენიმე ნიმუში შერჩეული, რომ სკოლებს უკვე შეეძლოთ შერჩევა.

ეს არის სატესტო რეჟიმი. გვაინტერესებს პროცესები როგორ განვითარდება. ბევრ სკოლას ახლაც აქვს ფორმები, კერძო სკოლების უმრავლესობასაც. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე სკოლას ვესტუმრე და განსაკუთრებით რეგიონებში, ბევრ სკოლას აქვს მიღებული ეს გადაწყვეტილება და სასკოლო ფორმები აქვთ ბავშვებს ყველა კლასში. თუმცა რადგან დიდი ხანია გამოვედით სავალდებულო პრინციპიდან, მნიშვნელოვანია რაღაც ეტაპები გავიაროთ, ამიტომ ტესტურ რეჟიმში შემოგვაქვს. ეს კულტურა ეტაპობრივად უნდა დავაბრუნოთ სკოლაში. ამ ეტაპზე მე-6 კლასის ჩათვლით. შემდგომში ამ პროცესს დავაკვირდებით და გავიგებთ, მართებული იქნება თუ არა ზედა კლასებშიც ფორმის შეტანა." - განაცხადა მინისტრმა.

ვფიქრობთ, ფორმები იყოს ეროვნული სიმბოლიკით... გამოვაცხადებთ კონკურსს, საზოგადოების ჩართულობით ავარჩევთ ვარიანტებს და შემდეგ სკოლა გადაწყვეტს, რომელს შეარჩევს... - ვინ შეკერავს ფორმებს, ვისთვის იქნება უფასო და როგორია ხედვა? მინისტრის პასუხები