ზრდასრული ადამიანები იშვიათად იძინებენ ბალიშის გარეშე, თუმცა ბავშვი თავიდან საწოლში უბალიშოდ წევს. რომელი ასაკიდან სჭირდება ბავშვს ბალიში?
სპეციალისტების შეფასებით, ბავშვებს ბალიში ორ წლამდე საერთოდ არ სჭირდებათ, რადგან მისგან სარგებელი არ არის, ხოლო ზიანი - მოსალოდნელია. მთავარი საფრთხე ის არის, რომ პატარა ბავშვი, თუ სახით ქვევით მოხვდა, შეიძლება დაიხრჩოს, რადგან ძილში გადაბრუნება ჯერ არ შეუძლია.
ახალშობილებისთვის სრულიად საკმარისია რამდენიმე ფენად დაკეცილი ქსოვილი, რომელიც მატრასის ქვეშ, თავის მხარეს არის მოთავსებული და ქმნის მსუბუქ, ნაზ დახრილობას. ამ შემთხვევაში თავი ოდნავ აწეული იქნება, რაც ხელს შეუწყობს თავისუფალ სუნთქვას და შეამცირებს ხშირი ამოქაფების რისკს. მთავარი პირობაა, რომ დახრილობა არ აღემატებოდეს 30 გრადუსს.
ადრეულ ასაკში ბალიშის გამოყენებამ შეიძლება ხერხემლის გამრუდებაც გამოიწვიოს, რადგან ბალიშზე ჩვილის თავი და კისერი არათანაბრად მდებარეობს. ცალკეულ შემთხვევებში (მაგალითად, თუ ბავშვს აქვს კისრის გადახრა ან სხვა პათოლოგია) ექიმმა შეიძლება რეკომენდაცია გასცეს სპეციალურ ორთოპედიულ ბალიშზე.
ასევე ბავშვებისთვის, რომლებშიც ხშირია გულისრევა, ან ექიმის რეკომენდაციით სჭირდებათ თავისა და კისრის პოზიციის სწორად დაყენება, იყენებენ სპეციალურ პატარა „პეპლის ფორმის“ ბალიშს. ეს სრულიად საკმარისია. მსგავსი ბალიშები ჩვეულებრივ გამოიყენება არა ახალშობილებისთვის, არამედ ორი თვის ასაკიდან.

მთავარი არ არის ბალიშის არსებობა ან არარსებობა, არამედ ის, რამდენად კომფორტულად სძინავს ბავშვს. ყველაზე სწორი გზა იმის დასადგენად, სჭირდება თუ არა ბავშვს ბალიში, არის რამდენიმე დღის განმავლობაში დაკვირვება, როგორ სძინავს მას. სცადეთ, დააწვინოთ ბავშვი ბალიშზე — თუ ძილის დროს ბალიშიდან ჩამოცურდება, ეს ნიშნავს, რომ მისთვის უფრო კომფორტულია ბალიშის გარეშე ძილი. ბავშვი ყოველთვის თავად გიკარნახებთ, რა არის მისთვის უკეთესი.
როდის შეიძლება ბავშვისთვის ბალიშის შეძენა
ორი წლის შემდეგ ბავშვს უკვე შეიძლება შეუძინოთ „ნამდვილი“ ბალიში. მთავარი სწორად შერჩეული შემავსებელია. მასალა უნდა იყოს ჰაერგამტარი და ბუნებრივი. უმჯობესია აირჩიოთ ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული მოდელი, არც ძალიან რბილი და არც ძალიან მაგარი.
ბავშვებისთვის ასევე შესაფერისია ორთოპედიული ბალიშები, მაგალითად ლიოცელის შემავსებლით: ის შთანთქავს ტენს, არ აგროვებს მტვერს, კარგად ირეცხება და არ იწვევს ალერგიას. ეს ხშირად სინტიპონში ერევათ, თუმცა სრულიად სხვა მასალაა (ეტიკეტზე აწერია Lyocell / TENCEL). სინტიპონი პოლიესტერია, ლიოცელი კი ცელულოზა.

ასევე კარგია მატყლის ბალიში, რომელშიც სინთეტიკური ბოჭკოა დამატებული — ასეთი მოდელის პლუსი ის არის, რომ დიდხანს ძლებს. ძალიან გავრცელებული მასალაა ევროპაში.
ბუმბულისა ბალიშების შეძენა მცირეწლოვანი ბავშვისთვის არ არის რეკომენდებული — მათში შეიძლება მტვრის ტკიპები გაჩნდეს და ხშირად ალერგიასაც იწვევს. ბალიშის ზედაპირი აუცილებლად ბუნებრივი ბამბის ქსოვილისგან უნდა იყოს დამზადებული. ასევე სისტემატურად გამ ოიყენეთ მოსახსნელი შალოთები, რომ მისი გარეცხვა შესაძლებელი იყოს.
ბალიშის სისქე ბავშვის ასაკის მიხედვით უნდა შეარჩიოთ:
სამ წლამდე — სისქე არ უნდა აღემატებოდეს 3 სმ-ს;
სამიდან ხუთ წლამდე — არაუმეტეს 5 სმ;
ხუთიდან ათ წლამდე — არაუმეტეს 10 სმ.