ნეიროფსიქოლოგითამარ გაგოშიძე "სალომე კასრაძის პოდკასტში" საუბრობს, რა გამოწვევების წინაშე დგანან თანამედროვე მშობლები და ბავშვები:
- დღეს მშობლობა არის გმირობა. მე ასე მგონია... კიდევ უფრო მეტი გმირობა იქნება მომავალში იმიტომ, რომ გარემო ძალიან ცვალებადია და ასევე, ძალიან ცვალებადი იქნება. პროფესიის დაუფლება მთავარი აღარ იქნება. ჩემს პროფესიაზე არ ვლაპარაკობ. ფსიქოლოგია იქნება ერთ-ერთი ის პროფესია, რომელიც არ გადაშენდება იმიტომ, რომ სერიოზული პრობლემები გაჩნდება.
განათლება კომპეტენციებზე უნდა იყოს მიმართული. რომ ვიძახი, წერა-კითხვა და ანგარიში უნდა ვასწავლოთ ბავშვებს-მეთქი, მქოლავენ. წერა-კითხვა და ანგარიში რას ნიშნავს? სკოლადამთავრებულმა მარტივი პროცენტი გამოთვალოს. რთულ პროცენტზე არ ვლაპარაკობ... ანუ ეს მაღალი დონის აკადემიური უნარებია. წაკითხულის გააზრება, კარგი წერა... ვინ ვიცით? ერთ წინადადებას კითხულობენ, მეორეს - არა და იქიდან გამოაქვთ აზრი. ამ თვალსაზრისით, პრობლემა გვაქვს. რისთვის ვამზადებთ ბავშვებს, რისთვის ვხარჯავთ ამდენ ფულს? კარგია, სწორია, რომ ეს გმირი მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვის განათლებაში დიდი თანხა ჩადონ. სწორია... მაგრამ, რა განათლებაში - ამაზე ლაპარაკი.
თამარ გაგოშიძე ამავე გადაცემაში საუბრობს, როდის უნდა შევუსრულოთ ბავშვს სურვილი და როდის არა:
- ჩვენ ვუწესებთ ჩარჩოს და ვეუბნებით: "კანფეტი გექნება ჭამის მერე." მშვიდად, ჩხუბის გარეშე ვეუბნებით. ატეხს ამბავს, რომ ახლა უნდა. ამ დროს მშობელს ტირილისა და წივილ-კივილის ატანა უჭირს. იცით რატომ უჭირთ? ჰგონიათ, რომ ბავშვს რაღაც დაემართება. ინდივიდუალურად ყველა მშობელს ვეუნბები და ახლაც მინდა, ვთქვა - ბავშვს, რომელიც მოთხოვნის მიზნით ტირის იმიტომ, რომ სხვა რესურსი არ გააჩნია და არც ემოციური რეგულაცია აქვს განვითარებული, რომ გაჩერდეს, მშობელს კიდევ ეშინია და ფიქრობს, რომ ნერვული სისტემა გაუფუჭდება, ასე არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა ბავშვი მოთხოვნის, მანიპულაციის მიზნით ტირის, ამით არაფერი უფჭდება. მაგრამ, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვის ტირილი არ უნდა უგულებელვყოთ და ჩვენ პირიქით ვშვებით. მაგალითად, საბავშვო ბაღში რომ ვტოვებთ ბავშვს და რომ ტირის, ყველა გვეუბნება და ჩვენც ვიჯერებთ, რომ არა უშავს, იტირებს და გადაუვლის...ასე არ არის. ტირის იმიტომ, რომ სეპარაციის შფოთვა აქვს. ეს არის ეგზისტენციური შფოთვა, რომლის ასე დატოვება არ შეიძლება.