19 წლის პარასპორტსმენი, გიორგი ზარქუა, ფართო საზოგადოებამ 2024 წლის ეროვნულ გამოცდებზე გაიცნო, როცა მან, წინააღმდეგობების მიუხედავად, წარმატებულად ჩააბარა გამოცდები. ამჯერად ის ლიკუნა ჩაჩიბაიას პოდკასტში საკუთარი ისტორიის შესახებ საუბრობს.
ბიჭი ზედა კიდურების გარეშე დაიბადა და როგორც თავად ამბობს, ბიოლოგიურმა მშობლებმა დაბადებისთანავე მიატოვეს:
- მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო რაღაცნაირად აგენეზიის დიაგნოზი. ჩემმა ბიოლოგიურმა მშობლებმა ადგილზევე მიიღეს გადაწყვეტილება. უფრო მეტად მამამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემნაირი შვილი არ სჭირდებოდა. წარმოშობით სამეგრელოდან ვარ. ზარქუა ვარ გვარად. ჩემი ნამდვილი სახელი და გვარია გელა ზარქუა. არავინაც არ დამარქვა, არავის გვარი არ მოუცია. ეს, სავარაუდოდ, ვიღაცამ პირდაპირ გადმოიტანა იმიტომ, რომ ჩემი და მამაჩემის სახელები იდენტურია. მასაც გელა ერქვა და მეც გელა მქვია. როგორც კი დავიბადე, პირველივე წამიდან, არც კი უფიქრიათ ჩემს სახელსა და გვარზე. შეიძლება, რომელიმე ექთანმა გააკეთა ეს ყველაფერი. შეიძლება, უბრალოდ დაემთხვა. არ ვიცი. ფაქტია, რომ აბსოლუტურად იდენტური სახელები გვაქვს. ნათლობის სახელი გიორგია. ხალხი ნათლობის სახელს მეორეულ სახელად იყენებს. მე, პირიქით, "გიორგი" პირველად სახელად ვაქციე.
იხილეთ გადაცემა სრულად:
ამონარიდი გიორგის წლების წინა ინტერვიუდან:
- სპორტულ კარიერას გავაგრძელებ. ბევრ ჩემპიონატზე საკმაოდ ბევრი, მაღალი სინჯის ოქროს მედალი მაქვს დაგროვებული... სპორტი ადამიანს კიდევ უფრო მეტად უხანგრძლივებს სიცოცხლეს და ბედნიერებას. პარალელურად, საკუთარ თავს ვუმტკიცებ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს: ვიაზრებ, რამდენად დიდი მიღწევები მაქვს სპორტის ამ სახეობაში - პარატაეკვონდოში და ძალიან მიხარია. სპორტის ამ სახეობას კორეული ძირი აქვს. ერთ-ერთი საბრძოლო ხელოვნება გახლავთ, რომელიც ჩემი პირადი აზრით, ყველაზე კარგი და ლამაზია. შეგიძლია, ტაეკვონდოში 100%-ით ჩაერთო: არა მხოლოდ ძალაზეა ორიენტირებული, არამედ - მენტალურ განვითარებაზე, გონებაზე...
- სპორტის ამ სახეობაში როგორ მოხვდი?
- ჩემმა ტრენერმა - ბატონმა შოთა გოჩიაშვილმა მიპოვა, როცა 15 წლის ვიყავი: მომესალმა (გვერდით 2-ლიტრიანი გამაგრილებელი სასმელი მედგა და ვფიქრობდი, ხვალ შაურმა მეჭამა თუ სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტში წავსულიყავი). მეც მივესალმე, - გამარჯობა. ჩემი მეგობრისგან გიცნობთ, ბატონო შოთა-მეთქი. - უი, სასიამოვნოა, ანუ იცი, ვინც ვარ და მიხვდი, რაც მინდაო?.. შემდეგ, სახლში ვიჯექი, გაზიან სასმელს ვსვამდი, დედაჩემი კი ბატონ შოთასთან ერთად ჩემს სპორტულ კარიერაზე საუბრობდა... მერე სატესტო ვარჯიშზე მიმიყვანეს. ყველაფერი მომეწონა და სპორტის ამ სახეობაში ჩავერთე.
- დედასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გქონდათ?
- კი. მაგალითად, ჩემი გარდატეხის ასაკი საერთოდ ვერ გავიგეთ, რა იყო. მეშინოდა, იმ პერიოდში არ შევიცვალო-მეთქი. შეიძლება, ცვლილებას საკუთარ თავზე ნაკლებად ამჩნევ ადამიანი, მაგრამ გარშემო მყოფებს როგორ ექცევი, თავად ისინი ხომ ხედავენ, არა? მოკლედ, ეგ პერიოდი ჩვეულებრივად გავიარე, ყოველგვარი დაძაბულობის, სახლიდან გაქცევების გარეშე... არა, ერთხელ შინიდან კი გავიპარე, მაგრამ ეგ სხვა რამის გამო მოხდა (იღიმის)...
- როდის გააცნობიერე, რომ ასე ვთქვათ, სტანდარტული გარეგნობა არ გაქვს?
- დიახ, სტანდარტული გარეგნობა არ მაქვს: სარკეში ჩემს თავს რომ დავინახავ, ფეხზე წამოვუდგები ხოლმე, ისეთი ლამაზი ვარ (იცინის). სერიოზულად რომ გითხრათ, რა თქმა უნდა, საზოგადოების დამოკიდებულებას ვგრძნობ და ვიცი, ჩვეულებრივად არ გამოვიყურები, მაგრამ ვფიქრობ, ისეთ პერიოდში დავიბადე, როცა გარეგნობით ადამიანის შეფასება ნელ-ნელა კვდება - რაღაცნაირად, ადამიანები ერთმანეთის გაცნობაზე, რეალურ შეფასებაზე გადავდივართ და გარეგნობის სტიგმით არ შემოვიფარგლებით. ძველად ასე არ ხდებოდა: ძირითადად, როცა ადამიანს დაინახავდნენ, რომელიც შშმ პირს ჰგავდა, მასთან არც კომუნიკაცია უნდოდათ, არც - არაფერი. სხვათა შორის, ბევრი ბიჭისგან გამიგია, რომ გოგოების თაობა შეიცვალა. რეალურად, ყველაზე მეტად რომანტიკა მიყვარს. ვფიქრობ, ჩემს თაობაში რომანტიკა ნელ-ნელა ქრება, მაგრამ შშმ პირობა სტიგმის ნაწილი აღარაა. თითქოს ჩვენი თაობა ამ საკითხს ვასწორებთ. მიხარია, რომ გოგოსთან ურთიერთობაში პირველი ნაბიჯი თავადაც გადამიდგამს და ასევე, ბევრ გოგოს თავად გამოუჩენია ინიციატივა.