პარასპორტსმენი, ლიკუნა ჩაჩიბაია, საკუთარ პოდკასტში თავის ისტორიას იხსენებს და ჰყვება, რომ 2012 წელს სასწაულებრივად გადარჩა. ტრავმის შედეგად კი ხელი დაკარგა:
- მე ვარ ლიკუნა ჩაჩიბაია, 29 წლის. 2012 წელს გადმოვვარდი მეცხრე სართულიდან და დიახ, სასწაულებრივად გადავრჩი. არანაირი კომპლექსი, არანაირი ჩაკეტილობა და ასე შემდეგ, როგორი სტერეოტიპებიც ჩვენ გვაქვს, არ მქონია და ამით ძალიან ვამაყობ. ვცდილობ, რომ ყოველდღიურად, ვისაც გადავაწყდები მსგავსი დეფექტითა თუ ისტორიით, მსგავსი შემთხვევით, როგორიცაა უხელობა ან უფეხობა, სულ მინდა, რომ აი, ასე, თავადაც თამამი, ძლიერი და წარმატებული იყოს.
იხილეთ გადაცემა სრულად
პატარა ამონარიდი ლიკუნას რამდენიმე წლის წინანდელი მონათხრობიდან:
- 29 მაისს მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა შანსი იყო, გადავრჩი. თუმცა, ამის გამო ჩემმა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. გადავრჩი და მომეცა შანსი სიცოცხლით ისევ დავმტკბარიყავი.
3 დღე კომაში ვიყავი, ამ დროს მომკვეთეს ხელი. რა თქმა უნდა, რადგან მე გათიშული ვიყავი ჩემს თანხმობას ვერ მიიღებდნენ, ეს მშობლების თანხმობით მოხდა. თუ ხელის ამპუტაციას არ გამიკეთებდნენ, განგრენა განვითარდებოდა და მერე უკვე ვეღარ გადავრჩებოდი. 3 დღის მერე როცა გავიღვიძე, დაბმული ვიყავი, რომ ამ ამბის გამო არ გავგიჟებულიყავი. ექიმების ფუსფუსი და ჩურჩული მესმოდა: „არ იცის, ვერ ვეტყვით“ და ა.შ. მივხვდი, რომ რაღაც პრობლემა იყო. ფეხები გავამოძრავე - ვგრძნობდი, ამით უკვე ბედნიერი ვიყავი. თავი მარცხენა მხარეს მქონდა დაბმული და მაგაზე მივხვდი, რომ მარჯვენა ხელი დავკარგე...
სანამ მივხვდებოდი, რომ ხელი არ მქონდა, მეგონა, რომ ვერ ვლაპარაკობდი და ხმა დავკარგე. ვერ ვიძახდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვას - „დედა“. ზუსტად ამან გამაგიჟა, მეგონა, რომ ხმას ვეღარასოდეს ამოვიღებდი. არადა, აპარატი, რომელზეც შეერთებული ვიყავი, ბოლომდე იყო ჩასული და მიზეზიც ეს იყო, რატომაც ხმას ვერ ვიღებდი. აპარატის მოხსნის მერე რომ ვთქვი პირველი სიტყვები - „დედა მინდა“ - უბედნიერესი ვიყავი მართლა...

დედაჩემის შემოსვლა მოვითხოვე და ჩვეულებრივი, ნორმალური ტონით ვკითხე, რატომ არ მითხარი, რომ არ მაქვს ხელი-მეთქი? არანაირი გაგიჟება, დეპრესია და პანიკა არ მქონია, ამას რომ ვეკითხებოდი. დედაჩემს ძალიან გაუხარდა ხელის დაკარგვას ასე მშვიდად რომ შევხვდი, ცხოვრება გავაგრძელე, გავუძელი ყველა გამოწვევას და სირთულეს. ხალხის რეაქციას და კიდევ ათას რამეს, რაც წინ დამხვდა..."
რეაბილიტაციის შემდეგ ლიკამ დაიწყო ცეკვა და საკმაოდ კარგად გამოსდიოდა. მონაწილეობა მიიღო პროექტ „ნიჭიერში“, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა მისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ ჰქონდა უამრავი საინტერესო შემოთავაზება. ამის შემდეგ ისწავლა ცურვა და პროფესიულად მიუდგა ამ საკითხს. ცურვის დაწყებიდან რამდენიმე თვეში წავიდა პირველ შეჯიბრზე პორტუგალიაში.
თუმცა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ლიკა მაინც აწყდება და ებრძვის იმ სტერეოტიპებს, რომელიც საზოგადოებაშია დამკვირებული.
„ცხოვრებაში ხშირად ვაწყდები საბჭოთა კავშირის დროინდელ მენტალობას, ვცდილობ გავუმკლავდე, მაგრამ უკვე იმდენად დამღლელია, ასე საჯაროდ გადავწყვიტე გამოვსულიყავი და მიმემართა ამ უსულო ხალხისთვის. მინდოდა ხმამაღლა მეთქვა, რომ ჩვენც გვაქვს უფლება სრულფასოვანი ცხობრება გვქონდეს“, - ამბობს ლიკა.