შეიძლება თუ არა ბავშვის აღზრდა დასჯის გარეშე — და რა საზღვრები არ უნდა გადაკვეთოს მშობელმა - მშობლები

შეიძლება თუ არა ბავშვის აღზრდა დასჯის გარეშე — რა საზღვრები არ უნდა გადაკვეთოს მშობელმა

2026-02-06 10:54:16+04:00

თითქმის ყველა დედა და მამა ოცნებობს, რომ შვილების აღზრდა დასჯის გარეშე შეძლოს. თუმცა რეალობაში მხოლოდ ახსნა-განმარტება და დარწმუნება ყოველთვის საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა: რა ტიპის დასჯაა დასაშვები და რა — დაუშვებელი ნებისმიერ შემთხვევაში?

ბავშვები განსხვავებულად რეაგირებენ ერთსა და იმავე მეთოდებზე. ის, რაც ერთისთვის უმნიშვნელოა, მეორისთვის შესაძლოა მთელი ცხოვრების ტრავმად იქცეს. ამიტომ მშობლებმა უნდა იხელმძღვანელონ ზოგადი პრინციპებით, რომლებიც ბავშვის ფსიქიკას არ დააზიანებს.

ძირითადი წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია

თუ შესაძლებელია, დასჯას მოერიდეთ

თუ ხედავთ, რომ ბავშვი უკვე განიცდის სინანულს და დანაშაულის გრძნობას, დამატებითი დასჯა ზედმეტია. ხშირად საკმარისია, ბავშვმა გააცნობიეროს, რატომ იყო მისი ქცევა მიუღებელი.

დასჯა უნდა შეესაბამებოდეს ქმედებას

არაპროპორციულად მძიმე და ხირად დასჯამ შეიძლება უკუშედეგი გამოიწვიოს — ბავშვი გაბრაზდეს, ჩაიკეტოს საკუთარ თავში და სინანულის ნაცვლად უსამართლობის განცდა გაუჩნდეს.

დასჯა უნდა იყოს ერთჯერადი და დროით განსაზღვრული

თუ ბავშვი უკვე დაისაჯა, ერთსა და იმავე შეცდომაზე დაბრუნება არ ღირს. ასევე დაუშვებელია დასჯის „დამატება“. აუცილებელია, მშობელმა წინასწარ განსაზღვროს კონკრეტული ვადა და თავადაც მკაცრად დაიცვას ის.

შემთხვევითი შეცდომებისთვის დასჯა დაუშვებელია

დასჯა შეიძლება შეეხოს მხოლოდ განზრახ ქმედებას. თუ ბავშვმა შეცდომა შემთხვევით დაუშვა, საკმარისია ემოციების გამოხატვა და ახსნა, რატომ იყო ეს თქვენთვის მტკივნეული.

დანაშაულს დასჯა უნდა მოჰყვეს მაშინვე

დაგვიანებულ დასჯას აღზრდითი ეფექტი თითქმის არ აქვს. ბავშვი ვერ აკავშირებს ქცევას შედეგთან და ვერ იგებს, რატომ ისჯება.

ახსენით, ახსენით და კიდევ ერთხელ ახსენით

ბავშვებმა ხშირად უბრალოდ არ იციან ან ვერ აღიქვეს ზუსტად წესები. მნიშვნელოვანია, მშობელმა მკაფიოდ აუხსნას, რა იყო არასწორი და რატომ მოჰყვა ამას კონკრეტული რეაქცია.

უთხარით ბავშვს, რომ გიყვართ

დასჯის შემდეგ აუცილებლად გაუსვით ხაზი, რომ უკმაყოფილო ხართ არა ბავშვით, არამედ მისი ქცევით. სიყვარული და ემოციური უსაფრთხოება არასდროს უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.

ყველაზე უსაფრთხო დასჯის ფორმები

  • საყვარელი საქმიანობის დროებითი შეზღუდვა მაგალითად, მულტფილმების ყურება, თამაში ან სტუმრად წასვლა. მნიშვნელოვანია, რომ ვადა იყოს გონივრული.

  • ქმედების შედეგების გამოსწორება დაღვრილი ან დასვრილი ნივთის გაწმენდა ბავშვს პასუხისმგებლობას ასწავლის.

  • დაფიქრების დრო ბავშვს უნდა შეეძლოს ახსნას, რა გააკეთა არასწორად და როგორ აპირებს მომავალში სხვაგვარად მოქცევას.

  • დამატებითი დახმარება სახლში განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა შეცდომა დაუდევრობას ან არეულობას უკავშირდება.

როგორ დასჯაა კატეგორიულად დაუშვებელი

  • ნებისმიერი ფიზიკური ძალადობა

  • შეურაცხყოფა და დამცირება

  • ყვირილი

  • იგნორირება და ემოციური გამიჯვნა(გაბუტვა)

  • დაშინება

  • დასჯა სხვა ადამიანების თანდასწრებით

  • საკვების, წყლის, ძილის, ტანსაცმლისა და სხვა ძირითადი საჭიროებების შეზღუდვა

როდესაც დასჯა დასრულდება, არ დაგავიწყდეთ შერიგება, ჩახუტება და ემოციური კავშირის აღდგენა. ბავშვს უნდა დარჩეს განცდა, რომ იგი უპირობოდ საყვარელია და რომ ოჯახში დასჯა მიზანი კი არა, უკიდურესი ზომაა.

ფიზიკური დასჯა აუარესებს ბავშვის ქცევას და არანაირი დადებითი შედეგი არ მოაქვს - ზაზა თელია ფიზიკური დასჯის შედეგებზე