„ექიმის საათი“ სკოლებში - პროექტი ბავშვების ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოებისთვის - მშობლები

„ექიმის საათი“ სკოლებში - პროექტი ბავშვების ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოებისთვის

2026-02-06 11:05:25+04:00

„ძალიან მიყვარს ბავშვები, ჩემი პროფესია და დღითიდღე ვრწმუნდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე“, - ამბობს თბილისის არქიმედეს სკოლის მესამე კლასის დამრიგებელი, პედაგოგი ქეთევან დიაკონიძე.

ქეთევანი 28 წლისაა და 7 წელია სკოლაში ასწავლის. მისი სკოლა ერთ-ერთია იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, სადაც „ექიმის საათის“ საპილოტე პროექტი მიმდინარეობს.

608286308-899715109413178-6830763400505374958-n-1770361607.jpg

ქეთევან დიაკონიძე

ავტორი: დინა ოგანოვა/UNFPA

„ექიმის საათი“ მოსწავლეებს საკუთარი სხეულის, ჰიგიენის, საფრთხის შემცველი სიგნალების ამოცნობასა და უსაფრთხო ქცევების სწავლაში ეხმარება. გაკვეთილები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებს როგორებიცაა: ჯანსაღი კვება, პირადი ჰიგიენა, თანასწორობა, უსაფრთხოება, ბულინგი, პირადი სივრცე, სხეულის ავტონომია და წარმოდგენილია თამაშებით, დისკუსიებით, შემთხვევების განხილვით, მოკლე ანიმაციებითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით.

„რესურსად მოწოდებულმა თეორიულმა მასალამ, სხვადასხვა ტიპის ინტერაქტიურმა სავარჯიშოებმა და ვიდეომასალამ საშუალება მოგვცა საინტერესო, სასარგებლო და მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები ჩაგვეტარებინა“, - ამბობს ქეთევანი.

616766303-878384014958723-1653947880482164978-n-1770361630.jpg

ქეთევან დიაკონიძე

ავტორი: დინა ოგანოვა/UNFPA

მისი თქმით, ბავშვებმა გაიაზრეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: პირადი სივრცის დაცვა, კარგი და ცუდი შეხების ერთმანეთისგან გარჩევა; ისწავლეს, რომ როდესაც რაღაც არ სიამოვნებთ, თამამად შეუძლიათ ამის ვერბალურად გამოხატვა. იციან, რამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე.

„აღნიშნულ საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანია ბულინგის თემაც. ბავშვებმა ისწავლეს, რა არის ბულინგი, ჩაგვრა და რა ზიანი მოაქვს მას ბავშვებისთვის. როგორ გაარჩიონ ბულინგი და ჩაგვრა კონფლიქტისაგან“ - ამბობს პედაგოგი ქეთევან დიაკონიძე.

ქეთევანი დარწმუნებულია, რომ „განვლილი საკითხები დაილექება მათ მეხსიერებაში და შემდეგ, შესაბამისად გამოიყენებენ ცხოვრებაში“.

589940776-1247356274012757-5187148409726804968-n-1770361718.jpg

ქეთევან დიაკონიძე, „არქიმედეს სკოლა“/

ავტორი: დინა ოგანოვა/UNFPA

სკოლებში ჯანმრთელობასა და პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, პროგრამას - „ექიმის საათი“ გაეროს მოსახლეობის ფონდი, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომასთან“ ერთად ახორციელებს.

„მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებს ადრეული ასაკიდანვე მათზე მორგებული ფორმით მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც მათ დაეხმარებათ ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებაში. „ექიმის საათის“ პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი უნარების გამომუშავებას, რაც დადებით გავლენას ახდენს ბავშვების დაცულობაზე, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე. აუცილებელია, რომ საგანმანათლებლო პროცესში სათანადო ყურადღება ეთმობოდეს ჯანმრთელობასა და პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების სწავლებას, რითაც საფუძველი ჩაეყრება ინფორმირებული, პასუხისმგებლობიანი და უსაფრთხო ქცევის ჩამოყალიბებას მოზარდებში,“ - განმარტავს ნანა ავალიანი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) გენდერის პროგრამის ანალიტიკოსი.

ორგანიზაცია „თანადგომას“ ფსიქოლოგი, ხათუნა ხაჟომია მიიჩნევს, რომ ბავშვების დაცვის და ძალადობის პრევენციის ერთადერთი გზა არის სწორი, ასაკზე მორგებული განათლების მიცემა. სწორედ ამიტომ შეიქმნა „ექიმის საათი“:

„ჩვენ ხშირად ვიგებთ შემზარავ ისტორიებს… ასეთი შემთხვევები შიშის გარდა კითხვებსაც უნდა აჩენდეს: რა უნდა იცოდეს ბავშვმა, რომ დაიცვას თავი? ვინ უნდა ასწავლოს? რას უნდა ეყრდნობოდეს სკოლა ასეთი განათლების მიწოდებისას? ბევრ მშობელს უჭირს ბავშვისთვის პირადი უსაფრთხოების თემებზე საუბარი“, - ამბობს ის.

„ექიმის საათის“ პროგრამა შემუშავებულია მრავალპროფილური გუნდის მიერ, ფსიქოლოგის, პედიატრისა და პედაგოგის მონაწილეობით და მოიცავს პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით განკუთვნილ თემებსა და საგაკვეთილო სცენარებს, ჯამში 48 ინტერაქტიურ გაკვეთილს.

„არქიმედეს სკოლის“ დამრიგებელი, ქეთევან დიაკონიძეც აღნიშნავს, რომ ბავშვები აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში, თავისუფლად აყალიბებენ მოსაზრებებს და მსჯელობენ სხვადასხვა თემაზე. „ექიმის საათის“ ბავშვების საჭიროებებზე მორგებული პროგრამით კმაყოფილია დაწყებითი კლასების მასწავლებელი და მშობელი, მაიკო ვაშაყმაძეც.

„თითქოს ეს პატარა ბავშვები ხდებიან მასწავლებლები და ჩვენ - მოსწავლეები, როლებს ვიცვლით, თავისუფლად ვსაუბრობთ, ბევრ რამეს გვასწავლიან, გვაფიქრებენ სხვანაირად. ძალიან დადებითად მოქმედებს ბავშვებზე… კარგია, რომ ამ ასაკში იწყებს ბავშვი ფიქრს თავის საკუთარ საზღვრებზე, თავდაცვის საშუალებასაც გამოიმუშავებს. საზოგადოებაში რომ გადის, ასეთ თემებზე პრობლემა აღარ შეექმნება, არ მოუწევს იმაზე ფიქრი, როგორ დაიცვას თავი - აქ სწავლობს ვინ არის ბულერი, ვინ ახდენს მასზე გავლენას“, - ამბობს ის.

მაიკოს თქმით, თავად სკოლა ისე დაამთავრა, რომ კლასში მსგავს საკითხებზე მოსწავლეები ერთმანეთშიც არ საუბრობდნენ:

„ესენი ისეთ ასაკში არიან, როცა პრობლემებს აწყდებიან, მაგრამ არ იციან გამოსავალი. ჩვენ ვეხმარებით, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ: გაკვეთილის პროცესში შემოგვაქვს სიტუაციური ანალიზი, მსჯელობენ რა არის პრობლემა, მსჯელობენ გამოსავალზე - როგორ შეიძლება გადაჭრან ეს საკითხი. საკუთარი ცხოვრებიდანაც გვიზიარებენ მაგალითებს. ეს თემები ამოაქვთ გულიდან“, - ამბობს ის. მაიკოს მიაჩნია, რომ ამ საგნის სწავლება ყველა კლასში სასარგებლო იქნება, რადგან მაღალ კლასებში ბავშვების წინაშე არსებული გამოწვევები კიდევ უფრო იზრდება.

სკოლის პედიატრი, მანანა შუბლაძე მიიჩნევს, რომ „ექიმის საათი“ არის სივრცე, სადაც ბავშვისთვის მარტივად, მისთვის გასაგებ ენაზე ხდება ინფორმაციის მიწოდება.

621813884-1953536595372610-4702397174442055929-n-1770361759.jpg

მანანა შუბლაძე

ავტორი: დინა ოგანოვა/UNFPA

„გაკვეთილების მიზანი არის პრევენცია. ბავშვი გრძნობს, რომ სკოლაში არის ადამიანი, რომელთანაც შეუძლია დასვას კითხვები მისთვის საჭირო სამედიცინო თემების შესახებ და აღარ განიცდის უხერხულობას. მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ცნობიერება ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, რომ პრაქტიკაში ჩამოუყალიბდეთ სწორი ჩვევები… სკოლისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვის უსაფრთხოებაა დაცული და მშობლებიც გრძნობენ, რომ საიმედო გარემოშია მათი შვილი“, - ამბობს მანანა.

დღეს თითქმის ყველა სკოლას ჰყავს ექიმი, სპეციალისტი, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ბავშვების ჯანმრთელობაზე. მათ მიერ გაკვეთილების ინტერაქციული ფორმატით ჩატარება ეფექტური გზაა, მოსწავლეებმა ჯანმრთელობასთან და პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესები გაიაზრონ და რეალურად აითვისონ. სკოლის ექიმი, მასწავლებელთან ერთად, წარმოადგენს სანდო, კომპეტენტურ ადამიანს, რომელსაც ბავშვმა შეიძლება რჩევისთვის და დახმარებისთვის მიმართოს.

609669806-1440333407686390-4403373451813708128-n-1770361800.jpg

აფხაზეთის სკოლა

ავტორი: დინა ოგანოვა/UNFPA

მასწავლებლების თქმით, სწავლების დაწყებამდე პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს მშობლებს, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი, მზაობა და სურვილი, რომ მათაც ჩაუტარდეთ მსგავსი გაკვეთილები შვილებთან სწორი კომუნიკაციისთვის.

„დღევანდელ რეალობაში ბავშვის დაცვა მხოლოდ ჰიპერ-ზრუნვით ან აკრძალვებით შეუძლებელია. უსაფრთხო გარემო იქმნება ცოდნით. „ექიმის საათი“ სწორედ ამ ცოდნას აძლევს მოსწავლეებს თამაშით, მშვიდად, ასაკის გათვალისწინებით, პროფესიონალების დახმარებით. სწორად ჩატარებული „ექიმის საათის“ ერთი ინტერაქციული გაკვეთილიც კი შეიძლება გახდეს ის ფაქტორი, რომელიც ბავშვს საფრთხისგან დაიცავს. ეს ნიშნავს, რომ პროგრამა ეფექტურია და მისი ყველა სკოლაში დანერგვა - ძალიან მნიშვნელოვანი,“ - ამბობს ხათუნა ხაჟომია.

592010454-1223335495964902-460895685490001069-n-1770361813.jpg

„არქიმედეს სკოლა“

ავტორი: დინა ოგანოვა/UNFPA

აღსანიშნავია, რომ საპილოტე პროექტი „ექიმის საათი“ 2021 წლიდან დღემდე 28 სკოლაში ჩატარდა.პროექტის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის 1-6 კლასის მოსწავლეებისთვის შემუშავდა 8-8 საგაკვეთილო სცენარი, ექიმებს და დამრიგებლებს კი ჩაუტარდათ ონლაინ ტრენინგები.

ხათუნა ხაჟომია განმარტავს, რომ პროგრამის დაწყებამდე ყოველთვის ხდება მშობლებთან შეხვედრა და სწორედ მათ მხარდაჭერაზე დგას პროცესის წარმატება.პროგრამის მიმდინარეობისას, „თანადგომას“ ჯგუფი მონიტორინგს უწევს საგაკვეთილო პროცესს, რათა მოხდეს დაკვირვება, როგორ რეაგირებენ ბავშვები შეთავაზებულ ინფორმაციაზე და ინტერაქციულ სავარჯიშოებზე.

„პროგრამის დასასრულს, ბოლო გაკვეთილზე მშობლები ხშირად თავად გვიკავშირდებიან მადლობის სათქმელად. შვილები სახლში ბევრი ახალი თემით ბრუნდებიან, საუბრობენ, აცნობიერებენ რისკებს და იწყებენ საკუთარი უსაფრთხოების დაცვას“, - აღნიშნავს ის.

ჯანმრთელობისა და პირადი კეთილდღეობის პროგრამები, რომელსაც „ექიმის საათი“ მოიცავს, კურიკულუმზე დაფუძნებული სწავლისა და სწავლების პროცესია, რომლის მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდების ცოდნის დონის ამაღლება, უნარ-ჩვევების გამომუშავება და მათში იმ ღირებულებების გაძლიერება, რომლებიც მათსავე ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საწინდარია. ეს ასევე მოიცავს სწორ წარმოდგენებს სოციალური და სქესობრივი ურთიერთობების შესახებ, იმის გააზრებას, თუ როგორ აისახება მათი არჩევანი მათი და მათი გარშემომყოფების ცხოვრებაზე და, ყველაფერთან ერთად, მათი უფლებების რეალიზებაზე მთელი ცხოვრების მანძილზე.