ბილ გეიტსის ყოფილმა მეუღლემ, მილიარდერმა და ფილანტროპმა, მელინდა ფრენჩ გეიტსმა, ახალ ინტერვიუში ფინანსისტთან და პედოფილთან, ჯეფრი ეპშტეინთან ყოფილი ქმრის შესაძლო კავშირზე ისაუბრა. ინტერვიუს დროს, მან ეპშტეინის კრიმინალურ საქმიანობაში ყოფილი ქმრის მონაწილეობა ირიბად დაადასტურა, თუმცა დეტალების დასახელებისაგან თავი შეიკავა.
ცოტა ხნის წინ, 61 წლის ფრენჩ გეიტსი NPR-ის პოდკასტში გამოჩნდა. ე.წ. ეპშტეინის ფაილებში ბილ გეიტსის სახელიც ფიგურირებს. საქმე ისაა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში მოცემულია ფინანსისტის ბრალდებები, რომ გეიტსმა მას გათხოვილ ქალებთან შეხვედრების მოსაწყობად მიმართა. ეპშტეინმა ასევე დაწერა, რომ გეიტსმა "რუს ქალებთან ინტიმური ურთიერთობის" შედეგად ცოლს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება გადასცა.
ინტერვიუში მელინდამ ირიბად დაადასტურა, რომ გეიტსის ურთიერთობა ეპშტეინთან, მათი განქორწინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო და დოკუმენტებიდან გავრცელებულ ახალ დეტალებს "მათი ქორწინების მტკივნეულ პერიოდს" უწოდებს.
"ამ დეტალების გამჟღავნება ჩემთვის რთულია, რადგან ეს ჩემი ქორწინების ძალიან, ძალიან მტკივნეულ პერიოდებს მახსენებს", - თქვა მელინდამ პოდკასტში.
აღსანიშნავია, რომ ქალმა დეტალებზე პირდაპირ არ ისაუბრა და თქვა, რომ ამ თემაზე თავად ბილ გეიტსმა უნდა ისაუბროს.
"ამ საკითხებზე პასუხი უნდა გასცენ იმ ადამიანებმა, რომლებიც დოკუმენტებში ფიგურირებენ, და ჩემმა ყოფილმა ქმარმაც კი და არა მე", - თქვა მან.
მელინდამ ასევე აღნიშნა, რომ "ახლა ბედნიერია, რომ საბოლოოდ გათავისუფლდა ამ სიბინძურისგან."
ქალმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
70 წლის ბილ გეიტსის წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს ადრე "აბსურდული და ცრუ" უწოდეს და განაცხადეს, რომ ეპშტეინი მილიარდერის შანტაჟს ცდილობდა. გეიტსი ამტკიცებს, რომ ეპშტეინს მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობის მიზნით ხვდებოდა და მას არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ სკანდალთან არაფერი აკავშირებს. ინტერვიუში გეიტსმა აღიარა, რომ ეპშტეინთან მისი ურთიერთობა "უზარმაზარი შეცდომა" იყო, რომელსაც ძალიან ნანობს, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მას დანაშაულების თანამონაწილედ არ აქცევს.
გამომძიებლების თქმით, ეპშტეინი, რომელიც გლობალური ელიტის წევრი იყო, წლების განმავლობაში ადამიანებით ვაჭრობაში იყო ჩართული. სავარაუდოდ, ის და მისი წარმომადგენლები არასრულწლოვან გოგონებს და არა მხოლოდ მათ, პროსტიტუციაში მოტყუებით რთავდნენ და მათზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდნენ. ეპშტეინის ხმაურიან წვეულებებს უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.
2019 წელს ეპშტეინი დააკავეს, მაგრამ მალევე მან ციხეში თავი მოიკლა. არსებობს ვარაუდი, რომ ის ციხეში მოკლეს იმის გამო, რომ შეეძლო, არაერთი გავლენიანი ადამიანი დანაშაულში მონაწილეობის გამო ემხილებინა.
მისი თანამზრახველი და ყოფილი შეყვარებული, გისლენ მაქსველი, დანაშაულის დახმარებასა და წაქეზებაში დამნაშავედ ცნეს და 2022 წელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
"ეპშტეინის ფაილებში" არაერთი ცნობილი ადამიანის სახელი ფიგურირებს. მათ შორის არიან: დონალდ ტრამპი, პრინცი ენდრიუ, ილონ მასკი, მაიკლ ჯექსონი და სხვები.
2021 წელს, 27-წლიანი ქორწინების შემდეგ, ბილ და მელინდა გეიტსების განქორწინება ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ და საკამათო შემთხვევად იქცა. ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ქალმა განქორწინებისთვის ადვოკატებთან კონსულტაციები 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო - ზუსტად მაშინ, როდესაც მედიამ მისი ქმრისა და ეპშტეინის მრავალრიცხოვანი შეხვედრების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. განქორწინების შემდეგ პირველ მნიშვნელოვან ინტერვიუში მელინდამ ღიად განაცხადა, რომ გეიტსის და ფინანსისტის ურთიერთობით უკმაყოფილო იყო.
დაშორების დროს წყვილის წმინდა ქონება, დაახლოებით, 130-145 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. რაკი მათ საქორწინო ხელშეკრულება არ ჰქონიათ, ქონება კერძო შეთანხმებით განხორციელდა. სხვადასხვა შეფასებით, მელინდას წმინდა ქონებამ საბოლოოდ 11-13 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს და გავლენიან ქალად აქცევს. მას და ბილ გეიტსს 3 საერთო შვილი ჰყავთ.