ჰოლივუდის ვარსკვლავი შარლიზ ტერონი 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე გამოჩნდა. მისი გამოსვლა სცენაზე ბევრისთვის იყო მოულოდნელი. ცერემონიაზე ვარსკვლავმა სამშვიდობო გზავნილი გაავრცელა. მსახიობი გაეროს მშვიდობის ელჩია.
შარლიზ ტერონის სიტყვა ნელსონ მანდელას იდეებით იყო შთაგონებული. „სპორტსმენებო, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულო მაყურებლებო, ეს ჩემი საყვარელი თანამემამულის, ნელსონ მანდელას მშვიდობის მესიჯია. მშვიდობა არ არის უბრალოდ კონფლიქტის არარსებობა. მშვიდობა არის ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც ყველას შეუძლია ბედნიერება, რასის, კანის ფერის, მრწამსის, რელიგიის, სქესის, კლასის, კასტის ან სხვა სოციალური განსხვავების მიუხედავად. დღეს ეს მესიჯი უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. დაე, ეს თამაშები უბრალოდ სპორტზე მეტი იყოს. დაე, ისინი ჩვენი საერთო ადამიანობის, ერთმანეთის პატივისცემის შეხსენება და ყველგან მშვიდობისკენ მოწოდება იყოს“, - თქვა მსახიობმა.


სამხრეთ აფრიკელი და ამერიკელი კინოს, ტელევიზიის მსახიობი, კინოპროდიუსერი და მოდელი, პირველი აფრიკელი მსახიობი, რომელმაც მთავარი როლის შესრულებისთვის "ოსკარი" - შარლიზ ტერონი დაიბადა ბენონიში (ტრანსვაალის პროვინცია, სამხრეთ აფრიკა). გერდა ჯეიკობ ალეტას და ჩარლზ ჯეიკობ ტერონის ერთადერთი შვილია. დედის მხრიდან მსახიობი გერმანული წარმოშობისაა, ხოლო მამის მხრიდან - ფრანგული და ჰოლანდიური. შარლიზი ბური ოფიცრის, დენი ტერონის შვილიშვილია. ტერონის მშობლებს ფერმა და გზების მშენებლობის კომპანია ეკუთვნოდათ, რომელსაც გერდა ტერონი მართავდა.
ტერონმა ბავშვობა მშობლების ფერმაში, ბენონში, იოჰანესბურგის მახლობლად გაატარა, სადაც პუტფონტეინის დაწყებით სკოლაში სწავლობდა. მშობლების ფერმის მუშებთან ურთიერთობისას, რომლებიც სხვადასხვა აფრიკული წარმოშობის იყვნენ, ის 26 ადგილობრივი ენისა და დიალექტის საფუძვლებს დაეუფლა; მოგვიანებით თავისუფლად საუბრობდა ინგლისურად, მშობლიურ აფრიკულთან ერთად. მათი ფერმა ველურ ბუნებაში მდებარეობდა; ამ გარემოებამ მოგვიანებით დიდად იმოქმედა მის გადაწყვეტილებაზე, გამხდარიყო ცხოველთა უფლებების დამცველი.
6 წლის ასაკში ბალეტის გაკვეთილებზე სიარული დაიწყო. 13 წლის ასაკში პანსიონში გაგზავნეს და სწავლა იოჰანესბურგის ხელოვნების ეროვნულ სკოლაში დაიწყო.
15 წლის იყო, როცა დიდი ტრაგედიის მომსწრე გახდა. დედამ მამამისი მის თვალწინ მოკლა. როგორც ცნობილია, ტერონის მამა ბევრს სვამდა და ცოლ-შვილს ფიზიკურად უსწორდებოდა. ამიტომაც, ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს, შარლიზის დედამ იარაღი ესროლა.

პოლიციას გერდა ტერონის წინააღმდეგ ბრალდება არასოდეს წაუყენებია.
"დიდი ხნის განმავლობაში ვმალავდი, არ მინდოდა ვინმესთვის სიმართლე მეთქვა. მამაზე რომ მეკითხებოდნენ, ვპასუხობდი, რომ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ვის უნდა ასეთი რაღაცების თქმა? გარშემომყოფებმა არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ და არ მინდოდა თავი მსხვერპლად მეგრძნო. შემდეგ გავიარე თერაპია და მდგომარეობა შემიმსუბუქდა." - თქვა ტერონმა ინტერვიუში.
16 წლის ასაკში, დედის რჩევითა და დაჟინებული თხოვნით, შარლიზმა მონაწილეობა მიიღო სამოდელო კონკურსში და გაიმარჯვა. მოგვიანებით, მან მონაწილეობა მიიღო იტალიის ქალაქ პოზიტანოში გამართულ საერთაშორისო სამოდელო კონკურსში და ამ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა მილანში მდებარე სამოდელო სააგენტოსთან. ამ პერიოდში იმოგზაურა მთელ ევროპაში, სანამ ნიუ-იორკში გაემგზავრებოდა, სადაც სამუდამოდ დასახლდა.
ბალერინას კარიერაზე ოცნებობდა და კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ჯოფრის ბალეტის სკოლაში ჩაირიცხა, სადაც თავისუფალ დროს მოდელად მუშაობდა. თუმცა, 19 წლის ასაკში მუხლის ტრავმამ აიძულა, მიეტოვებინა საცეკვაო კარიერა.

„მეგონა, რომ ეს სამყაროს დასასრული იყო; ცეკვა ჩემი გატაცება იყო. მეგონა, სამხრეთ აფრიკაში დავბრუნდებოდი და მთელი ცხოვრება სუპერმარკეტში უნდა მემუშავა“, - აღიარა მსახიობმა მოგვიანებით ჟურნალ Elle-თან ინტერვიუში. თუმცა, სახლში დაბრუნების ნაცვლად, ის მაიამიში წავიდა, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში მოდელად მუშაობდა. დედამისი, გერდა, თვლიდა, რომ მის ქალიშვილს სამხრეთ აფრიკის ფარგლებს გარეთ საკუთარი თავის პოვნისა და ნიჭის განვითარების მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, ამიტომ დაჟინებით მოითხოვა, რომ შარლიზს ჰოლივუდში კარიერის გაკეთება ეცადა.
ტრავმის შემდეგ, შარლიზი ლოს-ანჯელესში დედამისის მიერ ნაყიდი თვითმფრინავის ბილეთით გაფრინდა. ქალაქში პირველი რამდენიმე თვე იაფ სასტუმროში გაატარა, უკიდურესად შეზღუდული სახსრების გამო კინაღამ შიმშილით მოკვდა. შარლიზის ცხოვრება შეიცვალა, როდესაც დედის მიერ ქირის გადასახდელად გამოგზავნილი 500-დოლარიანი ჩეკის ბანკში გასანაღდებად მისულს, მოულოდნელად უარი უთხრეს - ადგილობრივმა მოლარემ, სიფრთხილის გამო, უარი თქვა შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ გაცემული ჩეკის განაღდებაზე. ტერონის რეაქცია უჩვეულო იყო.ტერონმა თავისი აღშფოთება ყველა იმ ენაზე გამოხატა, რომელიც იცოდა, როგორც ინგლისურად, ასევე აფრიკულად. ამის შემდეგ, რიგში მდგომი მამაკაცი (მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო ჯონ კროსბი, იმპრესარიო, რომელიც წარმოადგენდა ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან რენე რუსო და ჯონ ჰარტი) მოულოდნელად დაინტერესდა მისით.
კროსბიმ გოგონას სავიზიტო ბარათი გადასცა; გარკვეული დროის შემდეგ მან ის რამდენიმე ქასთინგ სააგენტოში და სამსახიობო სკოლაში მიიყვანა, სადაც მან საბოლოოდ მოახერხა სამხრეთ აფრიკული აქცენტის მოშორება.

იქ შარლიზი ივანა მილიჩევიჩს შეხვდა; ეს უკანასკნელი მალევე მისი ახლო მეგობარი გახდა და გარკვეული დროით ბინაში ერთად ცხოვრობდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ, ტერონი კროსბის დაუპირისპირდა, რომელიც მუდმივად სთავაზობდა მას უაზრო სცენარებს. სამსახიობო გაკვეთილები შარლიზს დაეხმარა და საბოლოოდ, ლოს-ანჯელესში ჩასვლიდან რვა თვის შემდეგ, იგი სამწამიან, მდუმარე როლზე აირჩიეს ფილმში „სიმინდის ბავშვები III: ურბანული მოსავალი“. შემდეგ მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო ფილმში „ჰოლივუდის საიდუმლოებები“.
შემდეგ იყო ბევრი ნაკლებად მნიშვნელოვანი როლი. წარმატება კი მოუტანა ფილმმა „ეშმაკის ადვოკატი“, სადაც ის ისეთ ვარსკვლავებთან ერთად თამაშობდა, როგორებიც არიან ალ პაჩინო და კიანუ რივზი. როგორც თავად მსახიობმა აღიარა, ეს როლი მისგან არა მხოლოდ შემოქმედებით ძალისხმევას მოითხოვდა; მას რამდენჯერმე მოუწია ნიუ-იორკში გაფრენა კასტინგებზე, ზოგჯერ კი საკუთარი ჯიბიდანაც კი იხდიდა. სამთვიანი კასტინგების შემდეგ, მან საბოლოოდ მიიღო როლი, მაგრამ მაშინაც კი, მსახიობი ღელავდა, რადგან ეშინოდა, რომ ცუდი პირველი დუბლის შემდეგ შეცვლიდნენ.


მოგვიანებით ტერონმა მთავარი როლი მიიღო უოლტ დისნეის ფილმში „ძლევამოსილი ჯო იანგი“.
"ოსკარი" და ნამდვილი კინოვარსკვლავის სტატუსი კი მოუტანა სერიული მკვლელის, ეილინ უორნოსის როლმა "მონსტრი". ამის შემდეგ ის მსოფლიომ აღიარა, როგორც არა მხოლოდ ძალიან ლამაზი, არამედ ძალიან ნიჭიერი მსახიობიც.

შარლინი ცნობილია ასევე, როგორც წარმატებული მოდელი. არაერთი ბრენდის სახეა და ხშირად მონაწილეობს სარეკლამო კამპანიებში.

მისი ცხოვრების ასევე არანაკლებ დიდი ნაწილი უკავია ქველმოქმედებას. შარლიზი გაეროს კეთილი ნების ელჩია, ასევე იღვწის სამხრეთაფრიკელი ქალების და ზოგადად ქალების უფლებებისთვის, ცხოველების უფლებებისთვის.

შარლიზს რამდენიმე რომანი ჰქონდა მსახიობებთან, მათ შორის, შონ პენთანაც, თუმცა არც ერთი არ დასრულებულა ქორწინებით.
2012 წელს ტერონმა იშვილა ბიჭი სახელად ჯექსონი, ხოლო 2015 წელს გოგონა სახელად ავგუსტი.
ვარსკვლავს წლებია აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მისი უფროსი ბიჭი სულ პატარაობიდან გოგონასავით გამოიყურება. თავად ამბობს, რომ ამით ბედნიერია და სულ ერთია, რა აცვია. 2019 წლის აპრილში კი გაამხილა, რომ ჯექსონი, ტრანსგენდერია.


"დიახ, მეც ვფიქრობდი, რომ ბიჭია. სანამ სამი წლისამ არ შემხედა და უცებ თქვა: "მე ბიჭი არ ვარ!" სულ ეს იყო. მე ორი ლამაზი ქალიშვილი მყავს, რომლებიც მიყვარს ნებისმიერი მშობელივით და მსურს მათი დაცვა. როცა გაიზრდებიან, თავად მიხვდებიან, რა უნდათ. მე მათ ნაცვლად ვერ გადავწყვეტ. ჩემი მშობლური მოვალეობაა, მიყვარდეს და უზრუნველვყო ყველაფრით, რაც სჭირდებათ, რომ გაიზარდონ და გაიგონ, ვინ უნდათ გახდნენ".

