2021 წელს ფილიპინებზე, კაბაკანის პროვინციაში, მოხდა ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა. მაგუადების ოჯახი საშუალო ფენის რიგითი წარმომადგენლები იყვნენ. ოჯახის მამა, კრუზ მაგუადი, სკოლაში უფროსკლასელებს ასწავლიდა, ხოლო მისი მეუღლე, ლოველა, დაწყებითი სკოლის დირექტორი იყო. ისინი ორ შვილს ზრდიდნენ — 18 წლის გვენს და 16 წლის ლუისს.
გვენი სკოლაში საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. ექიმობას აპირებდა და თავისუფალ დროს სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობდა. მისი ძმა ლუისი სპორტში გამოირჩეოდა და მომავალში ადვოკატობაზე ოცნებობდა.
გვენი კეთილი და გულისხმიერი გოგონა იყო. სწორედ მისი ინიციატივით, 2021 წელს ოჯახში კიდევ ერთი მოზარდი გამოჩნდა — 17 წლის ჯენისი. გოგონები ერთმანეთს ერთ-ერთ ოჯახურ ღონისძიებაზე შეხვდნენ, სადაც ჯენისი ბავშვებს უვლიდა. მალევე დამეგობრდნენ. გვენმა შეიტყო, რომ ჯენისი ობოლი იყო და საცხოვრებელი არ ჰქონდა.
გვენმა მშობლები დაითანხმა, ჯენისი მათთან გადმოსულიყო საცხოვრებლად. კრუზი და ლოველა დათანხმდნენ — როგორც პედაგოგებს, მათ არ შეეძლოთ უყურადღებოდ დაეტოვებინათ გაჭირვებაში მყოფი ბავშვი. ისინი შიშობდნენ, რომ სხვა შემთხვევაში ჯენისს მძიმე მომავალი ელოდა.
2021 წლის ივლისში ჯენისი მაგუადების ოჯახში გადავიდა. მას ისე ექცეოდნენ, როგორც საკუთარ შვილს: აძლევდნენ ფულს, ეხმარებოდნენ სწავლაში და უნივერსიტეტში ჩაბარებასაც გეგმავდნენ. თუმცა პრობლემებიც მალევე დაიწყო — რამდენიმე თვეში ოჯახიდან დაახლოებით 200 დოლარი გაუჩინარდა. თანხა მოგვიანებით ჯენისის ზურგჩანთაში იპოვეს.
გოგონამ ტირილით ითხოვა პატიება. მშობლებმა ეს მის რთულ წარსულს და ძველ ჩვევებს მიაწერეს და აპატიეს. ამ შემთხვევის შემდეგ ოჯახური ურთიერთობები კიდევ უფრო დაახლოვდა. გვენი და ჯენისი ნამდვილ დებად იქცნენ, ხოლო კრუზმა ახალ „შვილს“ თავისი ოთახიც კი დაუთმო და მისაღებში გადაინაცვლა.
2021 წლის 10 დეკემბერს კრუზ მაგუადი მეუღლეს სკოლაში ეხმარებოდა, როცა ტელეფონზე მოულოდნელი ზარი გაისმა — უთხრეს, რომ მის სახლში უცნობები შეიჭრნენ. 17 წუთში კრუზი უკვე სახლში იყო.
შესასვლელ კართან მან სისხლით გაჟღენთილი საბანი და დანა იპოვა. შეშინებულმა დაიწყო შვილების ძახილი, მაგრამ არავინ გამოეხმაურა. კარი დაკეტილი იყო. უკანა მხრიდან შესვლაც ვერ მოახერხა და იძულებული გახდა, კარი შეემტვრია.
სამზარეულოდან მისაღებში შესვლისას კრუზმა უმძიმესი სურათი დაინახა — იატაკზე მისი შვილების უსულო სხეულები ესვენა. გვენის სხეული მთლიანად დაფარული იყო სისხლჩაქცევებითა და ჭრილობებით, სისხლი იმდენად ბევრი იყო, რომ უკვე მწერებიც ესეოდნენ. ლუისი შესასვლელ კართან იწვა, ხელ-ფეხშეკრული და პირახვეული. მისი ჭრილობები უფრო ახალი ჩანდა და სისხლდენა ჯერ კიდევ გრძელდებოდა.
ოთახში ეყარა ბეისბოლის ჯოხი, ჩაქუჩი და გატეხილი ბოთლები.
შოკის მიუხედავად, კრუზს გაახსენდა, რომ სახლში კიდევ ერთი ბავშვი იყო — ჯენისი. შიშით დაიწყო სახლის დათვალიერება, თუმცა მალევე ჯენისი თავისი ოთახიდან ცოცხალი და უვნებელი გამოვიდა.
მისი თქმით, კრუზის ძახილი არ გაუგონია, რადგან შხაპს იღებდა. ეს უცნაურად მოეჩვენა მამას, თუმცა მაშინ აზრადაც არ მოსვლია, რომ გოგონა იტყუებოდა — ჩათვალა, რომ ეს ტრავმაზე რეაქცია იყო.
კრუზმა პოლიცია გამოიძახა. ლოველამ დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაიჯერა, რომ შვილები დაკარგა.
პოლიციამ დაკითხვა ჯენისით დაიწყო — ის ერთადერთი გადარჩენილი იყო. გოგონამ განაცხადა, რომ სახლში სამი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა და თავდაპირველად ლუისს დაესხნენ თავს. თავად კი საწოლის ქვეშ დამალვა მოასწრო და სოციალურ ქსელში დახმარების თხოვნით პოსტი დაწერა.
თავდაპირველად პოლიციამ მისი ვერსია სარწმუნოდ მიიჩნია — ჭრილობების ხასიათი მართლაც მიუთითებდა რამდენიმე თავდამსხმელზე. მალევე მდინარეში აღმოაჩინეს პარკი სისხლიანი ტანსაცმლით — სავარაუდოდ, მკვლელებმა ტანსაცმელი გადააგდეს, თუმცა პარკი ტოტს გამოედო.
შემდგომში ჯენისის ჩვენებაში წინააღმდეგობები გამოჩნდა. მისი თქმით, ლუისი პირველი მოკლეს, თუმცა კრუზის დაბრუნებისას ბიჭის ჭრილობები ჯერ კიდევ ახალი იყო. გოგონას ოთახში ისეთი ქაოსი სუფევდა, თითქოს იქ ჩხრეკა ჩატარდა — რაც საწოლის ქვეშ დამალვას პრაქტიკულად გამორიცხავდა.
პოლიციას ეჭვი გაუჩნდა დანაშაულის სისასტიკის გამოც — მძარცველები, როგორც წესი, ქონებას იტაცებენ, აქ კი მხოლოდ მობილური ტელეფონები იყო წაღებული. ასევე დადგინდა, რომ პოსტი მკვლელობის შემდეგ იყო გამოქვეყნებული.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იარაღებს — ყველა მათგანი ოჯახის საკუთრება აღმოჩნდა. ჩაქუჩის მდებარეობა მხოლოდ გვენმა და ჯენისმა იცოდნენ. ბეისბოლის ჯოხი კი იმ ოთახში ინახებოდა, სადაც ჯენისი თითქოს დამალული იყო.
ჯოხზე აღმოჩენილი თითის ანაბეჭდები სრულად დაემთხვა ჯენისის ანაბეჭდებს.

2021 წლის 16 დეკემბერს პოლიციამ ჯენისი ხელახლა დაკითხვაზე დაიბარა. ადვოკატის თანდასწრებით მან აღიარა, რომ მკვლელობა თავად ჩაიდინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას ეხმარებოდა 17 წლის ახალგაზრდა, კარლი, რომელიც ახლომდებარე ეკლესიაში მსახურობდა.
მიმოწერამ აჩვენა, რომ დანაშაული წინასწარ იყო დაგეგმილი. ჯენისმა იცოდა, სად ინახებოდა საჭირო ნივთები და ყველაფერი წინასწარ მოამზადა.
კითხვაზე, რატომ მოკლა გვენი და ლუისი, მან უპასუხა, რომ ეს „შურის და სიბრაზის გამო“ გააკეთა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯენისი სინამდვილეში ობოლი არ ყოფილა — მისი მშობლები ცოცხლები იყვნენ და ოჯახში კიდევ სამი შვილი იზრდებოდა. თუმცა მამა მათზე არ ზრუნავდა, დედამ კი ოჯახი მიატოვა.
კრუზ მაგუადის თქმით, ჯენისი შურით იყო სავსე და სურდა გვენის ადგილი დაეკავებინა — გოგონასი, რომელსაც ყველა უყვარდა. მკვლელობის დღეს ჯენისმა პირველად დაუძახა კრუზსა და ლოველას „დედა“ და „მამა“ — ის თვლიდა, რომ საბოლოოდ გახდა ოჯახის ერთადერთი შვილი.
ვინაიდან დამნაშავეები არასრულწლოვნები იყვნენ, მათ სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა აიცილეს თავიდან. ჯენისს და კარლს 40-40 წლით თავოსუფლების აღკვეთა მიესაჯათ.