ჩვენი დროის ერთ-ერთმა ულამაზესმა ქალმა, კარენ მიულდერმა, ბევრად ადრე იქამდე, ვიდრე, #metoo მოძრაობა დაიწყებოდა, ეპშტეინის სკანდალი ატყდებოდა და ქალები სხვადასხვა სფეროში სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრებდნენ, სამოდელო ინდუსტრიის მანკიერი მხარეები ამხილა. მაშინ მისი სიტყვები სერიოზულად ცოტა ადამიანმა მიიღო. ჩათვალეს, რომ ახალგაზრდა მოდელი იგონებდა...
კარენ მიულდერი Victoria's Secret-ის ანგელოზი და 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი იყო. პრესტიჟული ჟურნალების გარეკანებს ამშვენებდა და არაერთ ბრენდთან თანამშრომლობდა.
2001 წლის ოქტომბრის ბოლოს, კარენი საფრანგეთში, გასართობ შოუში - "Tout Le Monde En Parle" მონაწილეობდა. როგორც წესი, მსგავს შოუებში მოდელები საკუთარი ცხოვრების წესის, სილამაზის საიდუმლოებების შესახებ საუბრობდნენ და ხუმრობდნენ. თუმცა, როდესაც კარენს გადაცემის წამყვანმა, ტიერი არდისონმა შეკითხვა დაუსვა, თუ როგორია ასეთი ლამაზი ქალის ცხოვრება, პასუხმა ყველა შოკში ჩააგდო.
კარენ მიულდერმა ისეთი მონოლოგი წარმოთქვა, გადაცემის ჩაწერაზე მისულ ადამიანებს ხელწერილები დააწერინეს, რომ ეს ამბავი გარეთ არ გავიდოდა. ჩანაწერი გაანადგურეს, კარენი კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს...
ბუნებრივად ქერა, ულამაზესი აღნაგობის მოდელი უამრავ ადამიანს უყვარდა. კარენ მიულდერს თავშეკავებულ, მორცხვ და კეთილ ადამიანად ახასიათებდნენ. მიუხედავად მოკრძალებული ხასიათისა, კარენი ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩენილა.
როდესაც მოდელი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს, მოდის ჩვენებებზე კულისებში მომუშავე რამდენიმე ადამიანმა გაიხსენა, რომ კარენი ხშირად ტიროდა. მაშინ, როდესაც მაკიაჟი, თმა გაკეთებული ჰქონდა, მოდელი განიცდიდა, რომ მას ყოველთვის ყველაზე არაკომფორტული სამოსის ჩაცმას აიძულებდნენ. ფიქრობდნენ, რომ ეს კარენის ახირება იყო, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოდელი მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო.
...გოგონა ნიდერლანდებში დაიბადა. ბავშვობა ჰააგასა და ვორბურგს შორის გაატარა. მამა საგადასახადო ინსპექტორი იყო, დედა კი მდივანი. კარენს ერთი უმცროსი და ჰყავდა. კარენს სიმღერა და ცურვა უყვარდა. 15 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად საფრანგეთის სამხრეთით გაემგზავრა. იქ Elite Model Look-ის კონკურსის რეკლამა პირველად ნახა. კარენს სამოდელო კარიერის დაწყება სურდა, მაგრამ თან ფიქრობდა, რომ ვერ შეძლებდა. საბოლოოდ, მეგობრის დახმარებით, საკუთარი ფოტოები გააგზავნა.

სააგენტოში მიიწვიეს, ჰოლანდიაში კონკურსის ეროვნული ეტაპი მოიგო და საერთაშორისო ფინალში გავიდა, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ ის Valentino-სა და Yves Saint Laurent-ის ჩვენებებს ხსნიდა და პრესტიჟული ჟურნალების გარეკანებისთვის პოზირებდა.
80-იან წლებში კარენი ევროპასა და ამერიკაში მოგზაურობდა და საკმაოდ წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა. შემდეგ კი მეგობართან, კარლა ბრუნისთან ერთად პარიზში დასახლდა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდნენ, ხმაურიან წვეულებებს ერიდებოდნენ და ცდილობდნენ, თავისუფალი დრო დასვენებისათვის მიეძღვნათ.
მაშინ, როდესაც ლინდა ევანგელისტა პირდაპირ ამბობდა, რომ 10 000 დოლარზე ნაკლებად, საწოლიდანაც კი არ ადგებოდა, კარენი ამ თანხას ყოველდღიურად შოულობდა. თუმცა, საკუთარ საქმეს ჩუმად და მოკრძალებულად აკეთებდა. 21 წლის ასაკში მოდელს Guess-თან მრავალმილიონიანი კონტრაქტი ჰქონდა. ეს კი უდიდესი წარმატება იყო.

მიუხედავად ამისა, კარენი საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო იყო და როგორც თავად ამბობდა, ბევრი რამ არ მოსწონდა. მოდელი აღნიშნავდა, რომ არ უყვარდა, როდესაც ფოტოებს უღებდნენ...
"არასდროს ვყოფილვარ საკუთარი თავი, ერთი დღითაც კი... არა, არასწორად ნუ გამიგებთ, მოდელები როლებს უნდა ასრულებდნენ, თავიანთ პერსონაჟებს უნდა ასახავდნენ. მაგრამ ეს სხვა იყო. ხალხი გამუდმებით მეუბნებოდა: "შენ ფანტასტიკური ლამაზმანი ხარ!" მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, ვინ ვიყავი სინამდვილეში. თავს ლამაზთან ახლოსაც კი არ ვგრძნობდი, მით უმეტეს "ფანტასტიკურთან". რაც უფრო მეტად მაქებდა ხალხი, მით უფრო მეტად მეშინოდა შინაგანად", - თქვა კარენმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
კარენს დაბალმა თვითშეფასება და კომპლექსებმა უამრავი პრობლემა შეუქმნა.
...ცნობილმა კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. 25 წლის ასაკში Victoria's Secret-ის ჩვენებაზე ამაყად გამოდიოდა, 2000 წელს კი, 30 წლის ასაკში, სამოდელო ინდუსტრია დატოვა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, 2001 წელს, იმ შოუში, რომლის ჩანაწერი სრულად გააქრეს, მოდელმა მოულოდნელად თქვა, რომ ბავშვობაში მასზე მამა და ოჯახის მეგობარი ძალადობდნენ... ეს მისი ყველაზე შოკისმომგვრელი განცხადება იყო.
მოდელის ცხოვრება მხოლოდ ჩვენებები და გადაღებები არ არის. ლამაზ ქალებს ხშირად სხვადასხვა წვეულებაზე იწვევდნენ, პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს აცნობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კარენს ხმაურიანი წვეულებები არ უყვარდა, იძულებული იყო, მსგავს ღონისძიებებზე გამოჩენილიყო. კარენის ერთ-ერთი მეგობარი მონაკოს მეფე ალბერ II იყო. ალბერი იმ დროს მოდელების სილამაზის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ და ცნობილი მექალთანე, რომელსაც არაერთი უკანონო შვილი ჰყავს.
იმავე გადაცემაში კარენმა მოულოდნელად თქვა, რომ კარიერის განმავლობაში მამაკაცები მუდმივად აუპატიურებდნენ. ბუკერებიდან დაწყებული, სააგენტოს ხელმძღვანელებით დამთავრებული, რომ აღარაფერი ვთქვათ მაღალი სტატუსის მქონე მამაკაცებზე...
მისი თქმით, სამოდელო ინდუსტრია მდიდარ მამაკაცებს ყველაფრის უფლებას აძლევს. მოდელმა გადაცემაში აღიარა, რომ მას გავლენიანი მამაკაცები არალეგალურ ნივთიერებებს ასმევდნენ და აუპატიურებდნენ. კარენმა ისიც თქვა, რომ ერთ-ერთი მოძალადე მონაკოს მეფე, ალბერი იყო. სწორედ მაშინ გადაწყვიტა გადაცემის ხელმძღვანელობამ, რომ ჩანაწერი ეთერში არ გაეშვა.
ერთი დღის შემდეგ, კარენმა გასართობ ჟურნალს ინტერვიუ მისცა და გაიმეორა ყველაფერი, რაც შოუში თქვა. მან ასევე აღიარა, რომ რამდენიმე დღით ადრე პოლიციას დეტალური ანგარიში წარუდგინა, რომელშიც ჩამოთვლილი იყო ყველა იმ მამაკაცის სახელი და გვარი, ვინც მასზე სექსუალურად იძალადა. ერთ-ერთი მათგანი, ალბერის გარდა, ჟერალდ მარი, Elite-ის პარიზის ოფისის ხელმძღვანელი იყო.
იმავე დღეს, როდესაც კარენმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, მისი და, სასკია მიულდერი ნიდერლანდებიდან პარიზში ჩავიდა და კარენი დახურულ ფსიქიატრიულ კლინიკა "ვილა მონსურისში" წაიყვანა, სადაც ტოპ-მოდელმა თითქმის ხუთი თვე გაატარა. მკურნალობის თანხა ჟერალდ მარიმ დაფარა Elite-დან.
ვიდრე კარენი სექსუალური ძალადობის შესახებ ხმამაღლა ისაუბრებდა, ერთი წლით ადრე, BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტი გამოქვეყნდა. ფარული კამერით გადაღებულ კადრებში ჩანდა, რომ ჟერალდ მარი 15 წლის მოდელს სექსის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა. დღეს ეს ჩანაწერი, რა თქმა უნდა, საკმარისი იქნებოდა, რომ ადამიანი დაეკავებინათ და მისთვის სასჯელი დაეკისრებინათ. თუმცა, 1990-იან წლებში მსგავსი ამბები ასეთ რეზონანსს არ იწვევდა.
პრესა მოდელის მამასა და ოჯახს უკავშირდებოდა. კარენის მამა ამბობდა, რომ მისმა ქალიშვილმა ეს ყველაფერი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა თქვა. მისი თქმით, კარენი მთელი კარიერის განმავლობაში ნარკოტიკებსა და სხვა მავნე ნივთიერებებზე იყო დამოკიდებული...
კარენ მიულდერი 18 წლის ასაკში პარიზელ ფოტოგრაფ რენე ბოსნეზე დაქორწინდა. ისინი ხუთი წლის შემდეგ დაშორდნენ. განქორწინებიდან მალევე კარენი ბიზნესმენს, ჟან-ივ ლე ფურს შეხვდა. მამაკაცი ცნობილი იყო იმით, რომ ხშირად მოდელებთან ჰქონდა რომანი.
ისინი ოფიციალურად არასდროს დაქორწინებულან, თუმცა ერთად არაერთ საქმიან დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ლე ფიურმა გადაწყვიტა, მისი მენეჯერი გამხდარიყო, რათა მას და საკუთარ თავსაც გამდიდრებაში დახმარებოდა. მისი ინიციატივით, კარენმა გამოუშვა თოჯინა, რომელზეც მისი სახელი ეწერა. ამას მოჰყვა CD, რომელშიც კარენის სილამაზისა და ჯანსაღი კვების საიდუმლოებები იყო აღწერილი...

ლე ფიურთან ერთობლივი პროექტები წარმატებით განვითარდა. ვიდრე 30 წლის გახდებოდა, კარენი უკვე მილიონერთა სიაში იყო. თუმცა, სიყვარულში უიღბლო...
ის და ჟან-ივი ოთხი წლის შემდეგ დაშორდნენ, თუმცა მეგობრებად დარჩნენ. ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ მასზე ფიქრი არასდროს შეუწყვეტია. მას შემდეგ, რაც კარენი სახლში გაწერეს, პრესაში კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა. ის პარიზში, საკუთარ სახლში, საძილე აბების მიღების შემდეგ, კომაში ჩავარდა.

კლინიკის დატოვების შემდეგ კარენმა პირობა დადო, რომ ახალ ცხოვრებას დაიწყებდა. მან ასევე გაამხილა, რომ მკურნალობის დროს წერილები მისწერა ყველა მამაკაცს, რომელსაც შეუფერებელ საქციელში ადანაშაულებდა. მისი თქმით, პირველივე წერილი ალბერს გაუგზავნა და მან დიდსულოვნად აპატია.
2004 წელს კარენმა მუსიკალური ალბომი ჩაწერა, რომლის პირველივე ტრეკი ფრანგულ ჩარტებში მე-13 ადგილზე მოხვდა. ამით მომღერლის კარიერის აწყობის ოცნება აიხდინა.
2006 წელს ქალიშვილი, სახელად ანა, გააჩინა. თუმცა, მამის ვინაობა არ გაუსაჯაროებია.
ერთი წლის შემდეგ, 2007 წლის ზაფხულში, კარენ მიულდერი პოდიუმზე ჯონ გალიანოს პირადი თხოვნით, ტრიუმფალურად დაბრუნდა. მაშინ გალიანომ გადაწყვიტა, შემოდგომა/ზამთრის ჩვენებისთვის თავისი დიდი ხნის ფავორიტი მოდელები - ლინდა, ნაომი, კარენი და სხვები შეეკრიბა. 37 წლის კარენი, როგორც ყოველთვის, ფენომენალურად გამოიყურებოდა. თუმცა, სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, მისი სახელი კვლავ ტაბლოიდების გვერდებზე გამოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარენი კოსმეტოლოგს მოკვლით დაემუქრა იმის გამო, რომ ბოტოქსის ინექციების გაგრძელებაზე უარს ეუბნებოდა. საბოლოოდ, საქმე სასამართლოში წასვლის გარეშე დაიხურა.
ამის შემდეგ, კარენ მიულდერის ცხოვრების შესახებ ბევრი აღარაფერი გამოქვეყნებულა. ის მარტო ცხოვრობს და საჯაროდ იშვიათად ჩნდება.
მაშინ, როდესაც ცნობილი ადამიანების სახელთან არაერთი სექსუალური სკანდალი ასოცირდება და ბოლო დროს უამრავი შოკისმომგვრელი ინფორმაცია ქვეყნდება, პრესა კარენის მხრიდან კიდევ ერთ აღიარებას ელის. თუმცა, ყოფილი მოდელი კომენტარს არ აკეთებს და მშვიდად ცხოვრებას ამჯობინებს.