ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა სჭირდება ქალის ორგანიზმს ჯანმრთელობისათვის:
- დადგენილია, რომ 2300 მილიგრამი ნატრიუმი, არა უბრალოდ, ნატრიქლორიდი, სუფრის მარილი, კრებითად, არამედ საკუთრივ ნატრიუმი, 2300 მილიგრამი ოპტიმალური რაოდენობაა. თუმცა, ასაკთან ერთად, ქალის გულის დასაცავად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბევრად ოპტიმალური იქნებოდა, ნატრიუმის მოხმარება 1500 მილიგრამამდე შევამციროთ. ანუ, ასაკთან ერთად, ქალმა მარილის მოხმარება უნდა შეამციროს. ეს გახლავთ თანამედროვე რეკომენდაცია.
რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება კვებას, ულუფასთან ერთად, რეჟიმი ვახსენე, დროში განაწილება, ულუფის ზომის შერჩევა და აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინება, რომ რაციონი, ხშირ შემთხვევაში, საერთო ჯაჭვის ნაწილია.
ქალის ორგანიზმს ცილებთან, კარგად შერჩეულ ცხიმებთან, სწორად შერჩეულ რთულ ნახშირწყლებთან ერთად, მცენარეული ბოჭკოს სწორი რაოდენობით შერჩევა სჭირდება. საშუალოდ, ზრდასრულ ადამიანებზე 28-30 გრამი გამოდის. ზოგიერთ შემთხვევაში, ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, ქალებში შეიძლება, 24-26 გრამი იყოს. დაახლოებით, 25-დან 30 გრამამდე რომ დავიმახსოვროთ, ეს ძალიან კარგი იქნება.
ქალის ორგანიზმს ბევრი სხვადასხვა პარამეტრი სჭირდება. მაგრამ, გამორჩევით გულს სჭირდება კალიუმი, მაგნიუმი, D ვიტამინი, ყველა ანტიოქსიდანტი, რომლებზეც ვსაუბრობთ ხოლმე C, E, A ვიტამინი. ეს ყველაფერი გაბნეულია ჩვენს კვებით შუქნიშანში. გამოდის, რომ ჩვენი კვებითი შუქნიშანი არის ის ინსტრუმენტები, რომლებიც ქალის გულს სჭირდება.