ექიმ და ტელეწამყვან კოტე მათითაშვილთან პოდკასტში სტუმრობისას მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ ბარიატრიულ ოპერაციაზე ისაუბრა. ბარბარას თქმით, მის შემთხვევაში ზედმეტ წონას სხვა მიზეზი ჰქონდა:
- არც ერთ ინტერვიუში არ მითქვამს, მაგრამ ახლა, რადგან პირდაპირ პროფესიასთან კავშირშია, ვიტყვი, ჩემი კუჭი არ იყო დიდი. იმ ადამიანის კუჭი არ მქონდა, რაც ვიზუალურად ვიყავი, არ მქონდა. პატარა კუჭი მქონდა. ბატონმა დავითმა თქვა, რომ ეს იყო მეტაბოლური სიმსუქნე. მცირე საკვებიც მასუქებდა, ვერ ვინელებდი, გადამუშავების პროცესი არ მიდიოდა ორგანიზმში. არა იმიტომ, რომ ბევრს ვჭამდი...
ცნობისათვის, ბარბარას გარეგნობის მნიშვნელოვანი ცვლილება ბარიატრიულ ოპერაციას უკავშირდება. ამბობს, რომ თავს ახალ სხეულში კარგად გრძნობს, თუმცა რეაბილიტაციის გზა მარტივი არ იყო. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა:

"მანამდეც და მას მერეც გარშემო ადამიანებისგან მესმოდა, - "შენ ხარ დიდი", "შენ ხარ მსუქანი ადამიანი", "მსუქანი ბავშვი", - ჩემი მძიმე წონა საზოგადოებისთვის თითქოს პრობლემად იყო ქცეული. არადა, თავად მე იმ სტანდარტს ვამკვიდრებდი, რომ „მიმიღე ისეთად, როგორიც ვარ და არავის საქმე არ არის, როგორი ვიქნები - მსუქანი, თუ გამხდარი". ჩემი წონა კომპლექსს დიდად არ მიქმნიდა. და თუ კომპლექსი რაღაც დოზით მაინც არსებობდა, თავს არ ვაძლევდი იმის უფლებას, ის სხვას დაენახა, გამომემჟღავნებინა. მე რომ კომპლექსები მქონოდა, სცენაზე არ დავდგებოდი... გახდომა და წონის დაკლება იმის გამო მინდოდა, რომ ხალხს აღარ ეთქვა ამ კუთხით ჩემთვის რაიმე...".