იცით, რა გავლენა აქვს დედის რძეს კბილებზე და რა შემთხვევაში შეიძლება დააზიანოს მინანქარი? - მშობლები

იცით, რა გავლენა აქვს დედის რძეს კბილებზე და რა შემთხვევაში შეიძლება დააზიანოს მინანქარი?

2026-02-09 17:04:24+04:00

თუ თქვენც მოგისმენიათ აზრი, რომ ბავშვმა სარძევე კბილები მაინც უნდა მოიცვალოს და მას მკურნალობა არ სჭირდება, მაშინ იცოდეთ, რომ ეს სტომატოლოგიის ერთ-ერთი დიდი მითია. ბავშვის სარძევე კბილების ჯანმრთელობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ მუდმივი კბილების სიჯანსაღისთვის, არამედ ზოგადად პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. მაგალითად, ნაადრევად ამოღებულმა კბილმა შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგია, რომლის მკურნალობაშიც ოტო-რინო-ლარინგოლოგის ჩართვა იქნება საჭირო.

თამარ ორდენიძის სტომატოლოგიური კლინიკის დამფუძნებელი, პროფესორი თამარ ორდენიძე განმარტავს, რომ ბავშვებში კბილის ნებისმიერი დაზიანების მკურნალობა ეტიოლოგიის განსაზღვრით და საწყისი პრობლემის მოგვარებით უნდა დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ კბილის ვიზუალური პრობლემის მოგვარება სასურველ შედეგს ვერ მოგვცემს. თამარ ორდენიძე დეტალურად გვიხნის, თუ რა ახდენს გავლენას კბილების ჯანმრთელობაზე და სარძევე კბილების მოვლის წესებზეც გვესაუბრება.

თამარ, არის თუ არა კავშირი ორსულობის პერიოდში დედის ჯანმრთელობასა და ბავშვის სარძევე კბილებს შორის?

როდესაც 2, 3 ან 4 წლის ბავშვს აღენიშნება მრავლობითი კარიესი პირის ღრუში ან კბილების დაშლა, დემინერალიზაცია, დესტრუქცია, პრობლემის მოგვარება აუცილებლად გამომწვევი ფაქტორის მოძიებით უნდა დავიწყოთ. ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ორსულობის ან ორსულობამდე პერიოდში დედის ორგანიზმის მდგომარეობა. დედა შეიძლება კარგად გრძნობდეს თავს, მაგრამ მას სრულყოფილი კვლევები უნდა ჰქონდეს ჩატარებული მიკროელემენტებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში პლაცენტარული ბარიერი ვერ შეივსება იმ რაოდენობის მიკროელემენტებით, რაც ნაყოფისთვისაა საკმარისი. შემდეგ კი ეს კბილების ჯანმრთელობაზე აუცილებლად აისახება.

ორსულობის პერიოდში ტოქსიკოზი გამოფიტავს ორგანიზმს და დედას აღარ შეუძლია ნაყოფს საკმარისი რაოდენობით მიკროელემენტების მიწოდება. რა თქმა უნდა, ესეც აისახება ბავშვის კბილებზე.

სარძევე კბილის დაზიანების ეტიოლოგიის კვლევის დროს დიდი მნიშვნელობა ისეთ საკითხებსაც, როგორიცაა: ორსულობის პერიოდში დედას ჰქონდა თუ არა სტრესი ან ტონუსი, მშობიარობა ხომ არ იყო ვადაგადაცილებული ან ნაადრევი, ახალშობილს ხომ არ დასჭირდა ინკუბატორი და სხვა.

აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვს აქვს როგორც დროებითი, ისე მუდმივი კბილის ფოლიკული. ამიტომ ორსულობის პერიოდში არსებული პრობლემები, გავლენას ახდენს მუდმივი კბილის ჯანმრთელობაზეც.

მართალია თუ არა, რომ ბუნებრივი კვება გავლენას ახდენს კბილების ჯანმრთელობაზე?

ბუნებრივი კვება ბავშვისთვის შეუცვლელია, თუმცა მხოლოდ რეკომენდებული პერიოდის განმავლობაში. ბუნებრივი კვებისთვის 1 წელი არის ნორმა, წელიწად-ნახევარი კი -აბსოლუტური მაქსიმუმია. ამის შემდეგ რძის შემადგენლობა ღარიბდება და მასში დიდი რაოდენობით წყალი და ნახშირწყალი რჩება. სწორედ ეს ნახშირწყალი იწვევს კბილის მინანქრის დემინერალიზაციას, დარბილებას, რამაც შემდეგ ორწლინახევრის ბავშვის კბილების დაშლა შეიძლება გამოიწვიოს.

დედისთვის დიდი კომფორტია, როდესაც ბავშვი ღამით არ ტირის და მთელი ღამე ბუნებრივ კვებაზეა. მაგრამ სწორედ ამ დროს ხდება მინანქრის პრიზმების დესტრუქცია, რაც მოგვიანებით მის ჩამოშლას იწვევს.

რა კავშირია საწოვარასა და ბავშვის კბილების ჯანმრთელობას შორის? შეიძლება თუ არა ბავშვს მთელი ღამის განმავლობაში საწოვარა ედოს პირში?

საწოვარა თავისთავად ცუდი არ არის, თუ დავიცავთ რეკომენდაციების მისი გამოყენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. არ შეიძლება მთელი ღამის განმავლობაში ბავშვს პირში საწოვარა ედოს. 2 წლის შემდეგ კი მისი გამოყენება საერთოდ აღარ უნდა მოხდეს.

საწოვარას ხანგრძლივი გამოყენება ღია თანკბილვას იწვევს. ღია თანკბილვის ნორმალიზება კი საკმაოდ დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. ამ დროს პრობლემა ექმნება სასუნთქ სისტემასაც და ჩნდება გართულებები, რომლებიც უკვე ოტო-რინო-ლარინგოლოგთან ერთად უნდა ვმართოთ.

შოკოლადი და სხვა ტკბილეული რამდენად დიდ გავლენას ახდენს ბავშვის კბილებზე?

კბილის დაზიანებას იწვევს არა თავად ნახშირწყლები, არამედ მისი კბილზე დაყოვნება. შესაბამისად, გეტყვით, რომ თუ ბავშვი ტკბილს ჭამს, მაშინ ჯობია მან მიირთვას შოკოლადი, ვიდრე საწუწნი კანფეტი ან ჟელიბონი. შოკოლადი კბილიდან მარტივად ჩამოირეცხება, კანფეტი და ჟელიბონი კი ეკვრის მას და ჯაგრისით მოშორებაც კი რთულია. ამ დროს იწყება კარიესის განვითარება.

624616615-1652273459285278-7299310827249254474-n-1770642399.jpg

როგორი უნდა იყოს ბავშვის კბილის მოვლის რუტინა? როდის უნდა დავიწყოთ კბილების გახეხვა?

კბილების გახეხვა პირველივე კბილის ამოსვლისთანავე უნდა დავიწყოთ. მან იმხელა ნადები შეიძლება მოიკიდოს, რომ შემდეგ კბილებსაც შეუქმნას საფრთხე. პირველ ეტაპზე წმენდა უნდა მოხდეს დედის მიერ თითზე წამოსაცმელი ჯაგრულით. საწმენდი პასტა კი უნდა შეირჩეს მინანქრის შეფერილობისა და მიკროელემენტების რაოდენობის მიხედვით.

რაც შეეხება რუტინას, წმენდა უნდა მოხდეს დილით და საღამოს. კვებამდე ან კვების დასრულებიდან ნახევარი საათის შემდეგ. სასურველია 6 წლამდე ასაკის ბავშვს მშობელი ეხმარებოდეს კბილების სწორ წმენდაში.

როგორ ხდება მიკროელემენტების განსაზღვრა, რაც შემდეგ კბილის სწორად მოვლაში გვეხმარება?

ეს გახლავთ სპეციალური კვლევა, რომელიც 35 მიკროელემენტს იკვლევს. ნიმუშის აღება ხდება მაგარი ქსოვილიდან, ამ შემთხვევაში თმიდან, რაც გვაძლევს ზუსტ ინფორმაციას, თუ რა აკლია მინანქარს, ძვალს და ზოგადად, ორგანიზმს. ამ მიმართულებით ნამდვილად მოწინავეები ვართ. კბილის დაზიანების ანალიზმა და სწორმა ინტერპრეტაციამ ისეთი ორგანიზმის დაზიანებამდე შეიძლება მიგვიყვანოს, რაც წარმოსადგენად საკმაოდ რთული იყოს.

ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ დროებითი კბილი მაინც მოსაცვლელია და მისი მკურნალობის ნაცვლად, ნაადრევად ამოღების გადაწყვეტილებას იღებს. ეს რამდენად სწორი მიდგომაა?

ეს დიდი შეცდომაა, რამაც შეიძლება არაერთ გართულებამდე მიგვიყვანოს. დროებითი თანკბილვა მოიცავს 20 კბილს, რაც ყბის კუნთების გასავითარებლადაა საჭირო. თუ ყბა არ დაიტვირთა კბილებით, მაშინ კუნთების განვითარება ვერ მოხდება.

თითოეულ დროებით კბილს აქვს თავისი ნერვიც და მასაც ისევე სჭირდება მკურნალობა, როგორც მუდმივს. ნაადრევი ამოღება კი არასასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. ყველა კბილს თავისი მოცვლის დრო აქვს. საჭრელი ანუ წინა კბილები 5-7 წლის ასაკში იცვლება. მოცვლა ხდება ჯერ ქვედა, შემდეგ კი - ზედა ყბაზე. 8-9 წლის ასაკში იცვლება მეოთხე კბილები, 11-12 წლის პერიოდში კი - მეხუთე კბილები და ეშვები ანუ მესამე კბილები. ამავე პერიოდში ამოდის მეექვსე კბილები, რომლებიც უკვე მუდმივია. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ბავშვმა ისინიც უნდა მოიცვალოს და სათანადო ყურადღებას არ აქცევს.

შეიძლება თუ არა ბავშვებს ჩავუტაროთ კბილების პროფესიონალური წმენდა?

რა თქმა უნდა, არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიც კია. კბილებზე დაგროვებული ნადები აუცილებლად უნდა მოშორდეს. პროფესიონალური წმენდის დროს მინანქარი არ ზიანდება, რაც დღეს, სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია. პირიქით, ამ დროს ვიყენებთ ფტორის შემცველ გელებს, რაც მას კიდევ უფრო აძლიერებს.

ბავშვებს კბილებზე ხშირად აქვთ შავი ნადები. რა იწვევს მას და როგორც უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი?

მას პრისლის ნადები ეწოდება და ნერწყვში შემავალი მიკროელემენტი იწვევს. რკინა შედის კონტაქტში წყალბადის სულფატთან და კბილი იღებება.

საშიში არაა, მაგრამ სასურველია მისი მოშორება მოხდეს. გაწმენდას სულ რაღაც 10 წუთი სჭირდება და მინანქარი არც ამ დროს ზიანდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ნადები კვლავ გაჩნდება და პროცედურა უნდა განმეორდეს.

რას ნიშნავს კბილზე თეთრი ლაქები?

თეთრი ლაქები მინერალების ნაკლებობას მიუთითებს. ამ დროს უნდა ჩატარდეს სპეციალური პროცედურა - კბილის მინერალებით შევსება.

ფტორის პროფილაქტიკის მიზნით მიღება რამდენად რეკომენდებულია?

ფტორის მიღება ექიმის რეკომენდაციით საჭიროებისამებრ უნდა მოხდეს. პროფილაქტიკის მიზნით არც ფტორი და არც სხვა მინერალი არ ინიშნება.

არსებობს თუ არა კბილების დაცვის პრევენციული გზები?

დიახ, თანამედროვე სტომატოლოგიაში მიღებული სტანდარტია საღეჭი კბილების ფისურების ჰერმეტიზაცია. ეს გახლავთ დამცავი გელი, რომელიც ლამინირებასავით ეკვრის კბილს. შედეგად ნადების ანატომიურ ღარში ჩასვლა და კარიესის პროვოცირება აღარ ხდება. ჩვენს კლინიკაში მოსულ პაციენტებს ყოველთვის ვურჩევთ ფისურების ჰერმეტიზაციის გაკეთებას და ამ გზით კბილების დაცვას.

R