საქართველოს მთავრობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის.
შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სტუ-ს რექტორსა და პროფესორებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის შესაბამისად სტუ გარდაიქმნება "წმინდა ტექნიკურ" უნივერსიტეტად.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. გარდა ამისა, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა სტუშ-ში. ასევე, სტუ-ში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 90-იან წლებამდე არ შედიოდა სტუ-ს სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არ მქონდე სასწავლო პროგრამები მომდევნო 2 წლის განმავლობაში სტუ-ში დარჩება მილევად რეჟიმში“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რქტორი, დავით გურგენიძე განმარტავს, რომელ პროგრამებს შეეხება „მილევადი რეჟიმი“.
კერძოდ, დავით გურგენიძემ დაასახელა სამი:
მისი თქმით, აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება და ე.წ. მილევად რეჟიმში იმუშავებს, შემდეგ კი თსუ-ში გადავა.
გურგენიძის განცხადებით, კონკურსის წესით არჩეული პროფესორ-მასწავლებლები საქმიანობას გააგრძელებენ.
„სტუ-ი ყოველთვის იყო დიდი ტექნოლოგიური საინჟინრო სკოლა, როგორც პრემიერმა ბრძანა, მასში იქნება რეფორმისთვის ძალიან დიდი ინვესტიცია, ჩატარდება რეფორმა და ის ჩამოყალიბდა რეგიონში ერთ-ერთ დიდ, მძლავრ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ უმაღლეს დაწესებულებად.
მინდა, ვუთხრა ახალგაზრდებს, ჩვენ უნივერსიტეტში ყოველთვის იყო ჰუმანიტარული კათედრები და საინჟინრო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტს სჭირდება ჰუმანიტარული მიმართულება. ასე რომ, პროფესორები, რომლებიც კონკურსებით არიან არჩეულები, მუშაობას გააგრძელებენ.
ჩვენ გვაქვს სამი ფაკულტეტი, ეს არის: სამართლისა და საერთაშორისო მიმართულების ფაკულტეტი, სოციალურ-მეცნიერების ფაკულტეტი და ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტი. აქ არის სოციალურ-ჰუმანიტარული მიმართულებები, ამაზე იქნება საუბარი, ისინი წავლენ მილევად რეჟიმში“, - განაცხადა რექტორმა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იქნება მილევადი რეჟიმის ისე განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა, რომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში იყოს იმ მიზნების შესაბამისი, რაც არის კონცეფციის განსაზღვრული , - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემბრიფინგზე განაცხადა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სტუ და თსუ აღარ გაერთიანდება, თუმცა სტუ “წმინდა ტექნიკურ“ უნივერსიტეტად გარდაიქმნება.
გივი მიქანაძის თქმით, სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ მთავარი მიზანი რჩება აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება და რეფორმიდან გამომდინარე რესურსების სწორად გადანაწილება.
„მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, კონკრეტული მიმართულებები, რომელიც საინჟინრო ტექნიკური მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმზე, მათზე არ მოხდება რეფორმის კონცეფციიდან და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე მომავალი სასწავლო წლისთვის მიღების პროცესი. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტიანად წარიმართოს, უკვე ხვალიდან, მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, სამინისტროში ფუნქციონირებას დაიწყებს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც უნივერსიტეტის წარმომადგენლები იქნებიან მაქსიმალურად წარმოდგენილი და ამ სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება ამ მილევადი რეჟიმის ისე განხორციელება და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა, რომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში იყოს იმ მიზნების შესაბამისი, რაც არის კონცეფციის განსაზღვრული. აქვე მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აკადემიური პერსონალის მოცემულობას. ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენ ვნახავთ: რა რესურსები არის, რა რესურსებთან მიმართებაში დაგვჭირდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. გამომდინარე იქიდან, რომ ფაკულტეტები მილევად რეჟიმში არიან, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ თითოეული ის ადამიანი, რომელიც არის დასაქმებული და სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთ მთავარი მოზანი რჩება აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნება და რეფორმიდან გამომდინარე რესურსების სწორად გადანაწილება, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ორიენტირებული იმ განაცხადზე, რასაც ყოველთვის ვამბობდით, თითოეული ადამიანი ჩვენთვის ღირებულია და თითოეული ადამიანის მხარდაჭერა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება”, - განაცხადაგივი მიქანაძემ.