"უმეტესობას ჰგონია, რომ რაც დაალომბარდა, თუ თანხა ვერ გადაიხადა, იმ ნივთს ჩატოვებს და მორჩა..." - იურისტი განმარტავს, რა უნდა ვიცოდეთ ნივთის ლომბარდში ჩაბარებამდე - მშობლები

"უმეტესობას ჰგონია, რომ რაც დაალომბარდა, თუ თანხა ვერ გადაიხადა, იმ ნივთს ჩატოვებს და მორჩა..." - იურისტი განმარტავს, რა უნდა ვიცოდეთ ნივთის ლომბარდში ჩაბარებამდე

2026-02-10 11:45:51+04:00

რა უნდა ვიცოდეთ ნივთის ლომბარდში ჩაბარებამდე, მაქსიმუმ, რა ოდენობის ჯარიმა შეიძლება, დაეკისროს ადამიანს, თუ თანხას ვერ იხდის და რისი უფლება გვაქვს, თუ ჩვენი ნივთი ნებართვის გარეშე დაალომბარდეს - თემაზე იურისტი, სამართლის ასოცირებული პროფესორი, თამარ კერძაია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:

- პირობითად, დავალომბარდეთ ოქრო და 1200 ლარი გამოვიტანეთ. ვთქვათ, 200 ლარი გადავიხადეთ. დარჩა 1000 ლარი. 15 თებერვალს უნდა გადაგვეხადა და უკვე 16-ია. ერთჯერადი გადაცილებისთვის, 20 ლარზე მეტის დაკისრება არ შეიძლება. უკვე ამის შემდეგ, თუ ადამიანმა თანხა ვერც 17, 18 თებერვალს, ერთი თვე ვერ გადაიხადა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა დარჩენილი თანხის 0,27%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მოცემულ მაგალითში, თუ 1200 გამოვიტანე, 200 უკვე გავისტუმრე, 1000 ლარის 0,27% 2.7 ლარია. ყოველდღიურად 2.7 ლარზე მეტი ვერ დამერიცხება. თვეში, დაახლოებით, 80 ლარი გამოდის, წელიწადში კი, დაახლოებით, 970 ლარი. ამაზე მეტი ჯარიმებით ვერ დამეკისრება.

როდესაც ყოველდღიურ 0,27%-ზე ვსაუბრობთ, აქაც არის ზღვარი. ჯარიმები ხომ არ შეიძლება, რომ უსაზღვროდ განისაზღვროს? პროცენტები, ჯარიმები, პირგასამტეხლოები, რაც კი ლომბარდის გირავნობით უზრუნველყოფილ სესხს ეკისრება, ყველაფერი არ უნდა აღემატებოდეს, დარჩენილი თანხის და არა გამოტანილი თანხის, 1.5 ოდენობას. ანუ, თუ პირობითად, 1000 ლარი გვაქვს დარჩენილი, ყველა პროცენტი, ერთად, 1500 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს.

ეს კანონში კი წერია, მაგრამ, ვთქვათ, პირს დალომბარდებული ჰქონდა ნივთი, ვერ გადაიხადა, გავიდა, წლები და 1.5 ოდენობის ნაცვლად, ხუთმაგ ოდენობას სთხოვენ, თუ ლომბარდმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა და პირმა არ ჩაიბარა საფოსტო გზავნილი, უარი თქვა საფოსტო გზავნილის ჩაბარებაზე ორჯერ ან მეტჯერ, შეიძლება, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოვიდეს. შეიძლება, პირდაპირ, რაც მოთხოვნილია (ამ მაგალითში, ხუთმაგი ოდენობის თანხა), ის ავტომატურად დაკმაყოფილდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პროცესი არ დავაიგნოროთ და დავიმალოთ. დამალვა არაფერს გვიშველის. პირიქით, ხაზზე უნდა ვიყოთ და ჩვენი უფლებები უნდა ვიცოდეთ, რომ სარგებელი მაქსიმალურად გამოვიტანოთ. რა თქმა უნდა, თუ სესხი ავიღეთ, უნდა დავფაროთ, მაგრამ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში.

ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ რაც დაალომბარდა, თუ თანხა ვერ გადაიხადა, იმ ნივთს ჩატოვებს და მორჩა. კანონში წერია, რომ კი, ეს ასეა, ოღონდ თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მხარეთა შეთანხმება არის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ წაგვიკითხავს. თუ წაგვიკითხავს, შესაძლოა, დაგვავიწყდა კიდეც. თუ ხელშეკრულებაში წერია, რომ როცა დავალიანების მოცულობა აღემატება იმ ნივთს, რომელიც დავალომბარდეთ, უფლება აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომ სხვა ქონებიდანაც მოითხოვოს ანაზღაურება, მაშინ ადამიანს შეიძლება, ლომბარდმა მოსთხოვოს არა მხოლოდ კონკრეტული ნივთის ჩატოვება, არამედ სხვა ქონებიდანაც. ამიტომ, ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვიცოდეთ, რა მაქსიმალური პროცენტი, ჯარიმები შეიძლება, მოგვთხოვონ და დავიცვათ ჩვენი უფლებები ისე, რომ იმაზე მეტი არ გადავიხადოთ, რაც გვევალება.

ლომბარდისთვის, როდესაც პირს მიაქვს ნივთი, მესაკუთრედ ის ითვლება, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. ამის დამტკიცება საგამოძიებო ორგანოების მიერ ხდება. არაერთხელ დამტკიცებულა. პირი, რომელიც ნივთს მესაკუთრის ნებართვის გარეშე ალომბარდებს, დანაშაულის ნიშნებს ატარებს და იმ ადამიანს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა აუცილებლად მოუწევს.

იხილეთ გადაცემა სრულად

როგორ გადანაწილდება დაგროვებითი პენსია მას შემდეგ, რაც საპენსიო ასაკს მივაღწევთ და რა განსხვავებაა სახელმწიფო პენსიასა და დაგროვებით პენსიას შორის - იურისტი განმარტავს
რა უფლებები აქვს მომხმარებელს, რომელსაც ბინა სამშენებლო კომპანიამ დათქმულ დროს არ ჩააბარა ან სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა - იურისტები საუბრობენ