როგორ შეცვალა სოციალურმა ქსელებმა ბავშვებისა და მოზარდების კომუნიკაცია და რამდენად შეიძლება, ცოცხალი ურთიერთობები ვირტუალურმა სივრცემ ჩაანაცვლოს - თემაზე ფსიქოლოგი, დებატების და განათლების ინსტიტუტის დირექტორი თინათინ ცერცვაძე გადაცემაში "დღე პირველ არხზე" საუბრობს:
- ახალგაზრდებს ცხოვრება სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ, "ემოჯების" საშუალებით საუბრობენ, დასაწერად სიტყვებსაც კი აღარ იშველიებენ. წერილსაც კი ასეთი ნიშნებით გზავნიან. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რა არის ის, რასაც ვერ ვაცნობიერებთ და შემოგვეპარება ხოლმე. გვგონია, რომ სოციალური ურთიერთობები გვაქვს. სინამდვილეში, ეს ცოცხალი ურთიერთობების ჩამნაცვლებელი არ არის. ისეთ ვირტუალურ საჯარო სივრცეში, როგორიც, მაგალითად, ფეისბუკი, ინსტაგრამი ან ტიკტოკია, სოციალური ურთიერთობები განსხვავდება იმისგან, რასაც პირისპირ და პირდაპირი კონტაქტები ჰქვია. ის ადამიანის სოციალიზაციაში სათანადო უკუგებას ვერ მოგვცემს. ამ თაობას აღარ უნდა კი არა, არც იციან, როგორია. საუბარი დაავიწყდათ. პანდემიამ ამას ხელი კიდევ მეტად შეუწყო. რომც არ ყოფილიყო, ეს იგივე სისწრაფით მოხდებოდა. თანამედროვე ახალგაზრდებში კომუნიკაციის უნარები ძალიან დაქვეითებულია.
თუ გულწრფელად გვინდა, რაღაც მოვიმოქმედოთ, პირველ რიგში, მშობლები მაგალითები უნდა ვიყოთ. ეს ყველაზე რთულია. თავად უნდა დავიწყოთ სოციალური ინტერაქცია ჩვენივე შვილებთან. ადრე ბავშვი რომ ხმაურობდა, ზრდასრულები გასაჩუმებლად ტკბილეულს აძლევდნენ. ზუსტად ასევეა ახლა ეკრანები. დღეს ყველაზე გახშირებული სწორედ მეტყველების შეფერხებაა და ეკრანები ამ შეფერხების, გადავადების ერთ-ერთი საფუძველია.
თინეიჯერობის ასაკში ერთმანეთს არც კი ურეკავენ. არც ზრდასრულებს. როგორც წესი, ეს ჩვევაში არ აქვთ იმიტომ, რომ არ საუბრობენ. წარმოიდგინეთ, როდესაც ბავშვი ენას იდგამს და მას სხვა ალტერნატივა აქვს, რა თქმა უნდა, ის იქ უფრო განვითარდება.
იხილეთ გადაცემა სრულად