დაჩი ნანობაშვილი განმარტავს, რატომ არ უყვართ ბავშვებს მეცადინეობა და როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის მოტივაციას - მშობლები

დაჩი ნანობაშვილი განმარტავს, რატომ არ უყვართ ბავშვებს მეცადინეობა და როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის მოტივაციას

2026-02-10 23:55:34+04:00

მათემატიკის მასწავლებელი, დაჩი ნანობაშვილი, გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის მოტივაციის შენარჩუნებისთვის დასვენებას და რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ასეთ დროს ყველაზე ხშირად:

- მინდა, ბავშვების გადაღლილობას ხაზი გავუსვა. რამდენი საათი არიანი სკოლაში, შემდეგ კიდევ, შესაძლოა, მასწავლებელი ჰყავდეთ, აქტივობებზე დადიოდნენ. მოკლედ, ბავშვი სულ ზის და მეცადინეობს. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მას ეს პროცესი არ უყვარს, არის ის, რომ ძალიან დატვირთულია. შეიძლება, შაბათ-კვირასაც. ამასთან ერთად, როდესაც ბავშვმა მეცადინეობა უნდა დაიწყოს, ხშირად მშობლები ასეთ შეცდომას უშვებენ: მაგალითად, რაღაცას თამაშობს ან ტელევიზორს უყურებს და ეუბნებიან: "ამწუთას ადექი, სასწრაფოდ დაიწყე." რეაქცია არის "არა". შეიძლება, ვუთხრათ, რომ 5 წუთში დაიწყოს მეცადინეობა. ის 5 და 10 წუთი შესაძლოა, ისედაც იმ ჭიდაობაში გავიდეს, რაზეც შეიძლება, შევთანხმდეთ.

თუ ბავშვს ვატყობთ, რომ გადაღლილია და ეს მეცადინეობის პროცესში ეტყობა, შეგვიძლია, შევასვენოთ. გავიდეს თავის ოთახში, ითამაშოს ან ჰაერზე გაისეირნოს. თუ ვამჩნევთ, რომ მას ფიზიკურად აღარ შეუძლია, ნერვები აქვს მოშლილი, დაღლილია, არ ღირს... ამ დროს, ძალიან რთულია, შემეცნება მოხდეს. ასეთ დროს შეიძლება, ფორმალურად რაღაცები გააკეთოს, კიდევ უფრო დაიღალოს, დაისტრესოს და შესაბამისად, პროცესი ძალიან არასასურველი იქნება. სხეული ეტყვის, რომ "ეს არ ვარგა... არ გინდა." ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები არ გადავქანცოთ.