დღეს სასკოლო რეფორმა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. განსაკუთრებული ემოციებით საზოგადოება ფორმების აღდგენას გამოეხმაურა. ვიღაცისთვის ეს მიუღებელია, ვიღაცისთვის სრულიად გამართლებული, ზოგი კი სკოლის ფორმაში საბჭოთა სკოლის ანარეკლს ხედავს. რა იყო აკრძალული საბჭოთა სკოლაში და რა გვეჩვენება აქედან დღეს ზედმეტ სიმკაცრედ, ან პირიქით, სწორ მიდგომად.
საბჭოთა პერიოდში სკოლა მხოლოდ განათლების სივრცე არ იყო — ის იდეოლოგიური კონტროლის ინსტრუმენტსაც წარმოადგენდა. მოსწავლეების გარეგნობას, ქცევას და თვითგამოხატვას მკაცრად არეგულირებდნენ. დღეს ზოგიერთი მაშინდელი წესი უცნაურად გვეჩვენება. აი, რას უკრძალავდნენ საბჭოთა სკოლებში ბავშვებს:
საბჭოთა კავშირში ჯინსი დეფიციტური და „დასავლური“ ნივთი იყო. მისი შოვნა მარტივი არ გახლდათ, ხოლო თუ ვინმეს მაინც ჰქონდა, სკოლაში მისი ჩაცმა აკრძალული იყო.
ოფიციალური მიზეზი სოციალური თანასწორობის იდეა იყო — ჯინსი ასოცირდებოდა პრივილეგიებთან: მეზღვაურებთან, დიპლომატებთან ან ვაჭრობის სფეროში დასაქმებულებთან. სკოლაში კი ყველა „ერთნაირი“ უნდა ყოფილიყო და არავის უნდა გამოეჩინა თავისი შესაძლებლობები.
მოდური ტანსაცმლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება საბჭოთა პერიოდის შემდეგაც გაგრძელდა. 1990-იან წლებშიც კი მასწავლებელს შეეძლო მოსწავლე გაკვეთილიდან გაეგდო „შეუფერებელი“ ჩაცმულობის გამო.

დასავლური კულტურის გავლენაზე მაშინ თითქმის ყველგან საუბრობდნენ. განსაკუთრებით საფრთხედ მიიჩნეოდა როკისა და ჰიპების კულტურა, რომლის ერთ-ერთი სიმბოლო გრძელი თმა იყო.
ბიჭების გრძელი თმა აღიქმებოდა როგორც სისტემის წინააღმდეგობის ნიშანი. მასწავლებელს შეეძლო გაკვეთილზეც კი მოეჭრა თმა ბავშვისთვის და ამის მაგალითებიც არსებობდა. განსაკუთრებით „ურჩ“ მოსწავლეებს კომკავშირის შეკრებებზე აკრიტიკებდნენ და ზოგჯერ სკოლიდანაც რიცხავდნენ.
ცაციები განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. სკოლებში მათ გადაჩვევას ცდილობდნენ — მარცხენა ხელს ზოგჯერ სხეულზე აბამდნენ, სახაზავითაც სცემდნენ, თუ ბავშვი ინსტინქტურად მარცხენა ხელს გამოიყენებდა.
იდეოლოგია თანასწორობაზე საუბრობდა, თუმცა პრაქტიკაში ეს ერთგვარ „ერთნაირობას“ ნიშნავდა — ცაციობაც განსხვავებულობად და მიუღებლად მიიჩნეოდა. სამწუხაროდ, ასეთ მიდგომას ხშირად მშობლებიც ემხრობოდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ ასე ბავშვისთვის უკეთესი იქნებოდა.
სასკოლო ფორმა მკაცრად განსაზღვრული იყო: ყავისფერი კაბა და შავი ან თეთრი წინსაფარი. თუმცა თინეიჯერ გოგონებს თვითგამოხატვის სურვილი მაინც ჰქონდათ.
ზოგი ქვედაბოლოს სიგრძეს ამოკლებდა. ადმინისტრაცია კი ზოგჯერ სახაზავითაც ამოწმებდა სიგრძეს და დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს საყვედურს აძლევდა.
ეს მიდგომა ადრეულ წლებში არსებობდა. უმცროს კლასებში ბურთულიანი კალმის გამოყენება აკრძალული იყო. მიიჩნეოდა, რომ ლამაზ ხელწერას მხოლოდ კალმითა და მელნით შეძლებდნენ.
1970-იანი წლებისთვის რეფორმის შემდეგ, როდესაც საჭირო გახდა სწრაფი და უწყვეტი წერა, ბურთულიანი კალმები საბოლოოდ გავრცელდა.
ფერადი თმა, პირსინგი ან მკვეთრი მაკიაჟი წარმოუდგენელი და დაუშვებელი იყო. უმნიშვნელო ტუჩსაცხიც კი საკმარისი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ მასწავლებელს მოსწავლე საპირფარეშოში გაეგზავნა „გასაწმენდად“.
სამკაულებსაც ყურადღების გამფანტავ ფაქტორად მიიჩნევდნენ. საყურეებიც აუცილებლად უნდა მოეხსნათ.
საბჭოთა სკოლა ცდილობდა ყველა მოსწავლე ერთგვარ სტანდარტში მოექცია — გარეგნობით, ქცევითა და აზროვნებითაც კი. განსხვავებულობა ხშირად პრობლემად მიიჩნეოდა.
დღეს ბევრი ეს წესი ან უსამართლოდ მკაცრად, ან უბრალოდ აბსურდულად გვეჩვენება. თუმცა ისინი ნათლად გვახსენებს, თუ როგორ ცდილობდა სისტემა ახალგაზრდების ფორმირებას ერთიანი იდეოლოგიური ჩარჩოს ფარგლებში.