მეფეზე დაქორწინებაზე, ალბათ, ბევრი გოგონა ოცნებობს. რუსმა ქალმა, ოქსანა ვოევოდინამ, ეს ნამდვილად შეძლო. 3 წლით ადრე მან "მის მოსკოვის" ტიტული მოიპოვა და არაერთი მამაკაცის ყურადღება მიიპყრო. 2018 წელს კი მსოფლიოს უდიდესი მედიასაშუალებების გამოხმაურება გამოიწვია.
2018 წელს ოქსანა ვოევოდინა ცოლად გაჰყვა 25 წლით უფროს მამაკაცს, რომელსაც საკმაოდ მაღალი სტატუსი ჰქონდა. რუსი მოდელის რჩეული მალაიზიის მეფე, მუჰამედ V იყო, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა. საქორწინო ფიცის დადების ცერემონია დახურული იყო და ფოტოები პრესაში არ გავრცელებულა. როგორც ცნობილია, ცერემონიას ოფიციალური პირების გარდა, მხოლოდ საქმრო და პატარძალი დაესწრნენ. რამდენიმე კვირის შემდეგ, მუჰამედ V-მ და ოქსანა ვოევოდინამ მოსკოვში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს.
მოდელი ქმრის რელიგიაზე გადავიდა და სახელი შეიცვალა. მან რიანა დაირქვა. ბევრს აინტერესებდა, ოქსანა ქორწინების შემდეგ მალაიზიაში რა პრივილეგიებსა და ძალაუფლებას მიიღებდა, თუმცა მოდელი აღნიშნავდა, რომ ყველა პრივილეგიაზე უარს ამბობდა. ამით ქმრის მიმართ უანგარო სიყვარულის დადასტურება სურდა. თუმცა, მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ძალაუფლება მხოლოდ ადგილობრივ, მალაიზიელ ქალზე ვრცელდებოდა, ოქსანა კი უცხოელი იყო…
ბევრს ეჩვენებოდა, რომ ოქსანას განსაკუთრებით გაუმართლა. თუმცა, ქორწინებიდან 1 წლის შემდეგ, ქალმა აღიარა, რომ ქმარს გაექცა და მოსკოვში დაბრუნდა.
დაშორების ინიციატორი მუჰამედ V იყო, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური არეულობის გამო ქორწინებიდან მალევე იძულებული გახდა, ტახტი დაეტოვებინა. როგორც ცნობილია, რუს მოდელზე დაქორწინებამ მისი რეპუტაცია მნიშვნელოვნად დააზიანა და სკანდალი გამოიწვია. არსებული წესების მიხედვით, განქორწინებაზე ოქსანას თანხმობა საჭირო საერთოდ არ იყო. ამიტომ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალს თავისი ნივთები ჩაულაგეს და სასახლიდან გაასახლეს.
მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ქალმა ვაჟი, ლეონი გააჩინა. მუჰამედ V-მ არა მხოლოდ უარი თქვა მემკვიდრის აღიარებაზე, არამედ ცოლის ღალატზეც მიანიშნა. მისი მტკიცებით, ვოევოდინას მის გარდა კიდევ რამდენიმე საყვარელი ჰყავდა, რაც შეუძლებელს ხდიდა იმის დადგენას, თუ ვინ იყო ბავშვის მამა. მალაიზიელი მეფის ოჯახის წევრებიც აღნიშნავენ, რომ წყვილის დაშორების მიზეზი ღალატი გახდა.
ვოევოდინამ სიტუაციაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა პატარა ლეონისთვის სამართლიანობის აღდგენა სცადა. ის მამობის დამტკიცებასა და ალიმენტის მოთხოვნას გეგმავდა. თუმცა, უშედეგოდ. მუჰამედმა მასთან კონტაქტზე სრულად თქვა უარი.
ოქსანა ვოევოდინა არა მხოლოდ სილამაზით, არამედ ინტელექტითაც გამოირჩეოდა და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ. ბავშვობაში ის არა მხოლოდ სასკოლო საქმეებს, არამედ შემოქმედებით განვითარებასაც დიდ ყურადღებას უთმობდა და სამეცნიერო კონკურსებშიც კი იმარჯვებდა. თავისუფლად საუბრობდა ინგლისურად, ჩააბარა უნივერსიტეტში და ეკონომიკის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი მიიღო. საზღვარგარეთ აქტიურად მუშაობდა მოდელად.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ყოფილი ქმრისგან დახმარებას ვერ მიიღებდა, ოქსანა ვოევოდინამ ბარგი ჩაალაგა და შვილთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. ის ახლა ერთ-ერთ დიდ კომპანიაში მუშაობს, რომელიც უძრავი ქონების გაყიდვასა და სასტუმროების მენეჯმენტს უზრუნველყოფს. ბევრს მოგზაურობს, თუმცა საჯაროდ შვილის ფოტოების გამოქვეყნებას ერიდება.
ოქსანა ვოევოდინას მიმდევრები ვარაუდობენ, რომ ახლა ლეონი მამას ხშირად ხვდება და მალაიზიის ყოფილმა მეფემ ის შვილად აღიარა. მამაკაცი ლონდონში, სათამაშოების მაღაზიასთან არაერთხელ დააფიქსირეს. თუმცა, თემაზე ოფიციალური კომენტარი არც ერთ მათგანს გაუკეთებია.