მუსიკოსი დათო ევგენიძე გადაცემა "პრაიმ შოუში" დის ტრაგიკულ გარდაცვალებას იხსენებს. მისი უმცროსი და, ლია ევგენიძე, 16 წლისა გარდაიცვალა:
- 18 წლის ვიყავი... იმ წელს ჩავბარე მოსკოვის კონსერვატორიაში და რამდენიმე დღის ჩამოსული ვიყავი... ეს შემთხვევა წარმოუდგენელი იყო... ამას კიდევ ის მოყვა, რომ ჩემს თავს ვაბრალებდი მთელი ცხოვრება, მაშინ იქ რომ არ ვიყავი... უნდა წამოვსულიყავი წესით წინა დღეს და ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, რომელ დღესაც მე არ წამოვედი ბათუმიდან... ვიყავით მე, ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე, ყველანი, ჩვენი ბავშვობის მეგობრები... დავრჩით ერთი დღე და დილას წამოვედით... ქობულეთში დავტოვე ჩემი და დედასთან ერთად და წესით, გრიგოლეთში უნდა წასულიყვნენ, იქ უნდა გამევლო მათთვის... რომ მივედით, ნამტირალები თვალებით დამხვდა ქალბატონი, ვისთანაც სტუმრად უნდა ყოფილიყვნენ და მითხრა, მზემ დაარტყაო შენს დასო და ქობულეთში არიანო. რომ დავბრუნდი, მძღოლი მეკითხება, რამდენი წლის იყოო, წარსულ დროში ახსენ და იქ მივხვდი, რომ და აღარ მყავდა... მაინც ვიჯერებდი, რომ მართლა მზემ დაარტყა...

ლიამ მე მაჩუქა ის, რაც დღეს არის დათო ევგენიძე. თუკი რამ ფასეული ჩემში გაჩნდა, ყველაფერი ჩემი დის ნაჩუქარია. თავიდან ბოლომდე ლიამ მაჩუქა ეს ყველაფერი და ჩემი შემოქმედებაც საერთოდ შეიცვალა, რასაც ვწერდი იქამდე, სანამ ლიამ დამტოვა და რაც იწერებოდა მერე. პირველივე ნაწარმოები, რაც დავწერე, იყო რეკვიემი მიძღვნილი ჩემი დისთვის...
...ეს მოხდა ძაან უცნაურად... ბავშვები თამაშობდნენ, ზღვაში რომ გვიყვინთავებია ერთმანეთი.... მეგობარი ბავშვები აყვინთავებდნენ და ეტყობა ცოტა მეტი დროით დაიჭირეს და გული გაუსკდა. სისხლი რომ წამოუვიდა, ამათ შეეშინდათ და გამოიქცნენ... ნუ პატარები იყვნენ ისინიც, 14, 15, 16 წლის ბიჭები იყვნენ... და ზღვამ წაიღო და მერე ვერტმფრენით რომ ეძებდნენ და კატერებით, იქ ერთ-ერთმა დაინახა, რომ კამერა ეჭირა ხელში და დედაჩემს შეატყობინეს, ვიპოვეთო... ცოცხალი ეგონა დედას და ამ დროს გარდაცვლილი იყო, გული გაუსკდა შიშით...
ძაან ბევრი წელი გავიდა და ვიღაცა ბიჭი მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ მეო ის ვარო, ვინც ჩააყვინთა შენს დას, დამნაშავე ვარო... ავდექი და ჩავიხუტე გულში, მოვეფერე და ვუთხარი, შენი ბრალი არ არის, ასე მოხდა-თქო და ეს ბედისწერა იყო-თქო... მაგრამ იმ ბიჭმა როგორი ნაბიჯი გადმოდგა, რომ ასე მოსულიყო და ჩემთვის ეს თქვა ამდენი წლის მერე? აი დღეს თუ მისმენს, ნაპატიები აქვს უფლისგანაც და ჩემგანაც...