სიმპტომები, რომლებიც ნერვების ან გულის ბრალი გვგონია და ხშირად ფარისებრი ჯირკვალი იწვევს - მშობლები

სიმპტომები, რომლებიც ნერვების ან გულის ბრალი გვგონია და ხშირად ფარისებრი ჯირკვალი იწვევს

2026-02-12 09:15:56+04:00

ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, თამარ კუპრეიშვილი, გადაცემაში "იმუნიტეტი" საუბრობს, რა ნევროლოგიური გამოვლინებები შეიძლება, დაუფიქსირდეს ადამიანს ენდოკრინული სისტემის პრობლემების დროს და რომელი სიმპტომებია საყურადღებო:

- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს, სიმპტომები, რომლებიც ვლინდება, მათ შორის, ნერვულ სისტემასთან ასოცირებული სიმპტომები, ორ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული - ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება, ჰიპერთირეოზი, ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ჰიპოთირეოზი.

ჰიპერთირეოზის დროს, როდესაც სისხლში TSH დაბალია, ასეთი პაციენტები ადვილად აგზნებადები, გაღიზიანებულები, მოუსვენრები არიან. დამახასიათებელია ოფლიანობა. ზოგჯერ, აგრესიულობამდეც კი მიდის გაღიზიანება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი არ მკურნალობს. წონის კლება, გულის რიტმის დარღვევაა დამახასიათებელი. ეს სიმპტომები შემაწუხებელია და დიაგნოსტირება, როგორც წესი, სწრაფად ხდება.

რაც შეეხება ჰიპოთირეოზს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს აზროვნების შენელება, მეხსიერების დაქვეითება, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება ხდება. ასევე, დამახასიათებელია აპათიურობა, დეპრესიული განწყობა, ინტერესის დაკარგვა. ფიზიკური სიმპტომებიდან წონის მატება, გულის რიტმის შენელება, ლიბიდოს დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დაქვეითება.

აღსანიშნავია, რომ ჰიპოთირეოზის დროს სიმპტომები ნელა, თანდათან ვითარდება. ხშირად პაციენტი და მისი გარშემომყოფები ამ ცვლილებას ეჩვევიან და ვერ ამჩნევენ. დიაგნოსტირებაც საკმაოდ გვიან ხდება.

ამიტომ, ასეთი სიმპტომების შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია შეფასდეს.

ხასიათის ცვლილება ჰიპერთირეოზის დროს უფრო შესამჩნევია იმიტომ, რომ როგორც ვთქვი, ჰიპოთირეოზის დროს, ცვლილება ნელა და თანდათან ხდება მიმდინარეობს. რაღაცნაირად, შეჩვევა ხდება. ჰიპერთირეოზის დროს სიმპტომები იმდენად გამოხატული და შემაწუხებელია, ალბათ, ვერშემჩნევა ძნელია.

ამავე გადაცემაში ექიმი-ნევროლოგი, ანა ჩიქობავა, საუბრობს, დეპრესიული სინდრომის დროს აუცილებელია თუ არა, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევები გამოვლინდეს:

- აუცილებელი არ არის, რომ გამოვლინდეს. ეს ორგანიზმზეა დამოკიდებული. მაგრამ, თუ დეპრესიული სინდრომია, ყოველთვის საჭიროა, რომ გამოვიკვლიოთ, არის თუ არა პროცესში ფარისებრი ჯირკვალი ჩართული. სისხლის ანალიზები უნდა გაკეთდეს, რომ დავაზუსტოთ, გვჭირდება თუ არა.

ხშირ შემთხვევაში, მარტო ჰორმონების გავლენა არ არის. ნერვული ქსოვილი უფრო მგრძნობიარე ანტისხეულებზეა. თუკი ანტისხეულები მაღალია, მას შეუძლია, კრუნჩხვითი აქტივობაც მოგვცეს. ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები მეტნაკლებად აუტოიმუნური პროცესით მიდის და ამიტომაც არის, რომ ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა მნიშვნელოვანია. შეიძლება, ჰორმონი ნორმაში იყოს, ანტისხეული კი მაღალი და პაციენტი ნევროლოგიურად დატვირთული იყოს. როდესაც მკურნალობა იგეგმება, ორივეს ერთად ჩართვა უფრო უკეთესია იმიტომ, რომ შესაძლებელია, დეპრესიული სინდრომის დროს ენდოკრინული დარღვევა არსებობდეს. ენდოკრინოლოგმა დაიწყოს ჰიპოთირეოზის მკურნალობა და ბევრი რაღაც გაუუმჯობესდეს პაციენტს. მაგრამ, სრულად რომ ნერვული სისტემა აღდგეს, ამას აუცილებლად კომპლექსური მკურნალობა და ნევროლოგიური ჩართულობა სჭირდება.