თეო ელიაძე გადაცემაში "პრაიმშოუ" საკუთარი ამბის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ოჯახმა 14 წლის ასაკში უცნობ მამაკაცზე დააქორწინა:
- ჩემს წარსულზე საუბარი მიჭირს იმიტომ, რომ რამდენიმე თვის წინ ერთმა გადაცემამ მთელი 50 წუთი მომიძღვნა და გული ვიჯერე. ამდენი წლის ნაგროვები ტკივილის შესახებ ხმამაღლა ვისაუბრე. კიდევ ერთხელ ვინანე ცხოვრებაში იმიტომ, რომ ამ გადაცემის შემდეგ ოჯახის წევრები დავკარგე. მე მინდა, მივმართო დედაჩემს: დედა, მაპატიე, კიდევ ერთხელ, რომ შენზე ხმამაღლა ვისაუბრე და მიმიღე ისეთი. დედაჩემისთვის მისი ამ გადაწყვეტილების გამო, პასუხი არასდროს მომითხოვია. დედაჩემი არაფერ შუაში იყო.
14 წლის ასაკში გამათხოვეს ადამიანზე, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი. მისი არც სახელი ვიცოდი. 90-იან წლებში მოხდა. მამამ და ბაბუამ გამათხოვა. დედაჩემს ეტკინა და შერცხვა იმიტომ, რომ სხვა თაობის ადამიანები არიან. ხალხის შერცხვა. არ მაპატია, რომ ამაზე ხმამაღლა ვისაუბრე.
განა იმიტომ ვისაუბრე, რომ თავის გადარჩენა მჭირდება?! არა... წლების შემდეგ იმიტომ ვისაუბრე, რომ ეს პრობლემები დღემდე შემორჩენილია.
მოულოდნელად გამათხოვეს. აჭარის ერთ-ერთი სოფლიდან ვარ. ქორწილის დღეც საშინელება იყო იმიტომ, რომ უცხო ადამიანთან კომუნიკაცია, საუბარი მიჭირდა, 12 წელზე მეტი ასაკობრივი სხვაობა იყო. ისეთი შეშინებული, დასტრესილი ვიყავი. მამა არც დამემშვიდობა, იმიტომ, რომ იცოდა, რომ მოვკვდებოდი. ისედაც ვკვდებოდი, ყოველდღე ცუდად ვიყავი.
ძალიან კარგი მამა მყავდა. ძალიან კარგი ადამიანი იყო. მამაჩემი გარდაცვლილია და საუბარი არ მინდა. უბრალოდ, მაშინ ასეთი წესები იყო. ასეთი შემთხვევით მე პირველი არ ვყოფილვარ. ჩემი კლასელებიც, მეზობლებიც ასე გათხოვდნენ. ჩემთვის ეს ისეთი მტკივნეული იყო, ამის სიტყვებით გადმოცემა ძალიან მიჭირს. ძალიან დიდი დაღი დამასვა.
როცა მამამ შემომხედა, მისკენ გადავხტი, ფეხებზე ხელი მოვხვიე და ბოლო ხმაზე ვტიროდი. რადგან სიტყვა იყო მიცემული, არაფრით უკან აღარ წაიღეს და დავრჩი.
ჩემი ამ ოჯახში ყოფნა ხანმოკლე იყო. დღემდე ურთიერთობა მაქვს და რაც არ უნდა მოხდეს, ჩემს მეუღლეს პატივს ვცემ. ის ჩემი შვილების მამაა. პატიებას არავის ვთხოვ. მხოლოდ დედას ვთხოვ, მაპატიოს, თუ წინა გადაცემა მტკივნეული იყო. გთხოვ, დედა, რომ დამიბრუნდი, გამესაუბრე და ჩემი არ შეგრცხვეს, იმიტომ, რომ შენი არასდროს შემრცხვენია. არასდროს მომითხოვია პასუხი, თუ რატომ. ძალიან მიმტევებელი ვარ. 47 წლის ვარ და ვფიქრობ, ალბათ, ძალიან კარგი მოხდა, რომ ეს გზა გავიარე. არ ვიცი, ვინ ვიქნებოდი. ჩემს ცხოვრებაში ამ ყველაფერმა ძალიან დიდი როლი ითამაშა. ეზოში ბურთს რომ თამაშობ, ბავშვობა წაგართვეს და უცებ შვილი გიჭირავს ხელში...
მე დედასთან და მამასთან არ ვიზრდებოდი. ბიძის ოჯახში, ბებიასთან, ბაბუასთან, დეიდებთან ვიზრდებოდი. ამანაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ტრავმებზე. ჩემი ოჯახი სულ მენატრებოდა. მინდოდა, რომ სულ მათთან ვყოფილიყავი. დედმამიშვილებთან ყოფნა მინდოდა. 5 დედმამიშვილი ვართ და ყველა ძალიან მიყვარს. მაგრამ, ჩემს საკუთარ ოჯახში მე სტუმრად მივდიოდი. ისინი იქ ცხოვრობდნენ და თუკი რაიმეს შეიძენდნენ, მეუბნებოდნენ: "ნახე, ჩვენ ეს გვიყიდეს." ისინი იყვნენ "ჩვენ" და მე ვიყავი ერთი, თეო...
უფროსი შვილი მე ვარ. 1 წლის ასაკიდან ბიძის ოჯახში ვიზრდებოდი. დედამ მიყოლებით გააჩინა ბავშვები და აქედან გამომდინარე...
ქმარს რომ გავშორდი, აღარ გავთხოვილვარ. ჩემი მიზანი იყო ის, რომ ორივე შვილს ესწავლა და ცხოვრებაში თავისი სახელი ეთქვა. მე რაც ვერ გავიარე, ჩემს შვილებს ყველაფერი გავუკეთე. 19 წლის ასაკიდან მარტოხელა დედა ვიყავი. ყველაფერი გამომივიდა. რაც არ ჩამიფიქრებია, ისიც გამომივიდა... არავინ იცის, ვინ როგორ აღიქვამს ბედნიერებას. მე ვარ უბედნიერესი იმიტომ, რომ ორი უჭკვიანესი და ულამაზესი გოგონას დედა ვარ.