ბავშვის აღზრდისას ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, მათთვის გულწრფელი სითბოს გადაცემაა; უპირობო სიყვარულის სიტყვიერი და ფიზიკური გამოხატვა, ბავშვის საჭიროებების მიმართ ემპათია და თანაგრძნობა. ასეთი მოპყრობა ბავშვებს მშობლებისადმი კეთილად განაწყობს და ფუნდამენტურ ღირებულებებსაც ასწავლის.
„მამების სკოლა“ თბილისსა და ბათუმში ზუსტად ის ადგილია, სადაც მომლოდინე, ახალბედა და უკვე გამოცდილი მამები აღნიშნულ საკითხთან, შვილთან ურთიერთობაში გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებთან თუ დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებენ. გარდა ამისა, ესწრებიან ფსიქოლოგთა სესიებს, მშობლის როლთან, კომუნიკაციის მნიშვნელობის, ძალადობისგან დაცვის ინსტრუმენტებისა თუ სხვა საკითხების შესახებ.
სესიები, სავარჯიშოები თუ გუნდური აქტივობები მათ საშუალებას აძლევთ, განსხვავებული პერსპექტივით დაინახონ ესა თუ ის მოვლენა, რომელიც თავიანთ ან სხვის ოჯახებში მოხდა და მიღებული ცოდნა უკვე შვილთან ურთიერთობაში გამოიყენონ.
ბათუმის „მამების სკოლა“
ირაკლი ძნელაძე / UNFPA
სესიები ტარდება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ. მეტი ინფორმაციისთვის, თუ რა აქტივობები დაგხვდებათ „მამების სკოლაში“, მიყევით ბმულებს:
სესიებზე მამებს კიდევ უფრო სირღმისეულად შეუძლიათ გათვითცნობიერდნენ, რას ნიშნავს ძალადობა, რა ფორმა შეიძლება ჰქონდეს მას. მაგალითად:
უფრო დეტალურად, რა სარგებლობა მოაქვს კაცებისთვის მამების სკოლას?
„მამების სკოლა“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან დღემდე, თბილისსა და დასავლეთ საქართველოში 200-ზე მეტ კაცს აერთიანებს ერთი მთავარი იდეის გარშემო - გახდნენ უფრო მზრუნველი მამები და აქტიურად ჩაერთონ შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში.მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
ბათუმის „მამების სკოლა“
ირაკლი ძნელაძე / UNFPA
„მამების სკოლის“ არსებობა უმნიშვნელოვანესია კვლევების ფონზე, რომელიც ადასტურებს, რომ ოჯახში ჰარმონიული თანაცხოვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორედ შვილების ყოველდღიურობაში დედებისა და მამების თანაბარი ჩართულობაა.როდესაც მამები აქტიურად მონაწილეობენ შვილების ცხოვრებაში ბავშვები უკეთ სწავლობენ, მეტად თავდაჯერებულები ხდებიან და ოჯახშიც მეტი ჰარმონიაა.
ამასთან, უახლესი კვლევის “კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში (IMAGES)” მიხედვით, საქართველოში, კაცების 81% მიიჩნევს, რომ მამობა ყველაზე მნიშვნელოვანი როლია კაცის ცხოვრებაში. თუმცა, ამავდროულად, ბავშვის ყოველდღიური მოვლა დღემდე უმეტესად დედის ვალდებულებად რჩება.
„მამების სკოლის“ მონაწილეები აღნიშნავენ, რომ შეხვედრებმა და სესიებმა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მათზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა:
თბილისის „მამების სკოლა“
გელა ბედიანაშვილი / UNFPA
თენგო სანიკიძე, 10 და 16 წლის შვილების მამა: „მამებს ყოვლისშემძლეობის განცდა აქვთ ხოლმე: „სხვამ მე რა უნდა მასწავლოს, მე ხო ყველაფერი ვიცი“. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. შენს თავს რომ ყოვლისშემძლე დაარქვა, პირველ რიგში ეს უნდა შეგეძლოს - ისაუბრო შენს ფიქრებზე, შენს განცდებზე, შენი საქციელით იყო შენი შვილისთვის მაგალითი, ისეთი ურთიერთობა გქონდეს შვილთან, რომ ის იყოს შენთან გახსნილი, შენ კი მისი მიღება შეგეძლოს“.
თბილისის „მამების სკოლა“
გელა ბედიანაშვილი / UNFPA
11 და 16 წლის შვილების მამა, ნიკოლოზ ჩხიკვიშვილი: „მამების სკოლაში მონაწილეობის დროს შევიძინე, ასე ვთქვათ, რბილი უნარები; გავხდი უფრო ემპათიური და საკუთარ თავს კრიტიკულად შევხედე. ბავშვებთან ურთიერთობაში უფრო დიდაქტიკური, პედაგოგიური, აღმზრდელობითი და ცოტა ავტორიტარული მიდგომები მქონდა. ამ სტილის შეცვლას შევეცდები.შევეცდები, რომ უფრო მოქნილი ვიყო შვილებთან ურთიერთობაში, ვიცოდე მათი საჭიროებები, გამოწვევები და ვუპასუხო სათანადოდ“.
თბილისის „მამების სკოლა“
გელა ბედიანაშვილი / UNFPA
სულხან მესხიძე, 6 წლის შვილის მამა, რომელმაც „მამების სკოლა“ ბათუმში გაიარა: „დიდი სიხარულით და ინტერესით მოვედი, რადგან ვფიქრობ, ჩემნაირი მამების გამოცდილების გაზიარება, ძალიან მნიშვნელოვანია - ვსწავლობ პოზიტიურ მშობლობას და ვცდილობ ჩემი შვილისთვის გავაკეთო ყველაფერი, რომ ის იყოს კარგი მოქალაქე. ამაში ძალიან დიდ რესურსსა და ძალისხმევას ვხარჯავ“.
ბათუმის „მამების სკოლა“
ირაკლი ძნელაძე / UNFPA
თბილისისა და ბათუმის „მამების სკოლები“ კვლავ აგრძელებს ფუნქციონირებას და მსურველებს საინფორმაციო მხარდაჭერას უწევს. დაეხმარება, უფრო ჩართულები გახდნენ ბავშვის აღზრდაში, იყვნენ მეტად ემპათიურები და ერთგვარი მაგალითებიც სხვებისთვის.