ბექნუ ქაფიანიძე მსახიობი და უკვე ტელეწამყვანიცაა - "დღის პოსტის" წამყვანებს შეუერთდა ცოტა ხნის წინ. ის ცნობილი მამის შვილია - ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ზურა ქაფიანიძის. მამის გაკვალულ გზაზე სიარული მისთვის ერთდროულად დიდი პასუხიმსგებლობა და სიამაყეა. მსახიობი მამას ყოველთვის სიყვარულით იხსენებს. ბექნუ სამი შვილის მამაა - ბავშვობის სიყვარულზე, ნათია ჭიაურელზეა დაქორწინებული და შვილებს ცხოვრების მთავარ საჩუქრად მიიჩნევს.



გთავაზობთ ამონარიდებს ბექნუს მიერ mshoblebi.ge-სთვის მიცემული ინტერვიუდან, სადაც იხსენებს მამას, პროფესიის არჩევას და სხვა საინტერესო ამბებს:
- საერთოდ არ ვპირებდი ამ პროფესიის არჩევას, თეატრალურ ინსტიტუტში (მაშინ არა უნივერსიტეტი, ინსტიტუტი ერქვა) ჩაბარება მისაღებ გამოცდებადმე ერთი კვირით ადრე გადავწყვიტე, მამა არ ჩარეულა ამ საკითხში, პირიქით, ყოველვის მეუბნებოდა, თავად მიიღე გადაწყვეტილება, რომელი პროფესიაც ახლოსაა შენთან, იმას მიუძღვენი თავიო.


ძალიან მინდოდა, სწავლა საერთაშორისო ურთიერთობებზე გამეგრძლებინა, ახლაც მაინტერესებს, როგორ განვითარდებოდა ჩემი გზა ამ კუთხით, მაგრამ იმ მომენტში თეატრალურ ინსტიტუტში სწავლა გადავწყვიტე და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ ამით. თუმცა, ინტერესი მაინც მაქვს და ვფიქრობ ხოლმე, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება იმ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თეატრი ცოტა რთულ მდგომარეობაშია, მაინც ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო სამსახიობოზე ჩაბარება.
მამას სახელი მეხმარება ყოვლთვის, ყველგან და ყველაფერში, იმიტომ, რომ მამა მხოლოდ მსახიობი არ იყო, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის საზოგადო მოვაწე იყო და დიდი სიყვარული ჰქონდა თავისი ქვეყნისა და ხალხის. ამ სიყვარულს დღესაც უბრუნებს ხალხი და ქვეყანა მამას, დიდი სიაყვარულით არიან ადამიანები განმსჭვალულები მის მიმართ. იმედია, ძალიან ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამომართმევთ, თუ ვიტყვი, რომ მამა დიდი ფიგურა გახლდათ, თხემით ტერფამდე სამშობლოთი და თავისი ხალხით იყო სავსე. შესაბამისად, მისი სახელი ყოველთვის, ყველგან მეხმარება, მაგრამ რაც არ უნდა დიდი მოვლენა იყოს მამა, შენ თუ შენს, გარკვეულ, სიმაღლეზე არ დგახარ, მხოლოდ მამის სახელი ვერ დაგეხმარება. პირიქით, მამის სახელი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაცაა. რაც შეეხება პროფესიას და თეატრს, აქ თუ შენ იმას ვერ აკეთებ, რასაც რეჟისორი, თეატრალური სივრცე და შენი პროფესია ითხოვს, მშობლის სახელი ვერაფერს მოგცემს. როცა თეატრალურ ინსტიტუტში ვაბარებდი, რექტორი გიგა ლორთქიფანიძე გახლდათ. გიგა და მამა ახლო მეგობრები იყვნენ. მე რომ ჩაბარება გადავწყვიტე, მამა გიგას შეხვდა და უთხრა, არ მიიღო ინსტიტუტში იმის გამო, რომ ჩემი შვილია, იმიტომ, რომ მერე მთელი ცხოვრება გაუჭირდებაო. და ასეცაა, ვინც არ უნდა იყოს შენი მშობელი, თეატრში შენი გასაკეთებლი თუ არ გააკეთე, მხოლოდ მშობლის სახელი ვერაფერს მოგცემს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი. მამა საერთოდ სხვა ფიგურა იყო, თავისი სამსახიობო სტილი ჰქონდა, როგორ შეიძლება, მე ზურას დავემსგავსო, ამას ვერც ვიზამ, არც გამომივა და ვერც დავემსგავსები, მე ჩემი ფორმა უნდა ვნახო, ჩემი ხაზი მაქვს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მამის სახელი მეხმარება, მაგრამ შენ თუ შენი გასაკეთებელი არ გააკეთე, მხოლოდ მამის სახელი ვერას გარგებს.
მამა ძალიან მკაცრი და მომხთოვნი იყო გარკვეულ საკითხებში, ყოველთვის მაფრთხილებდა, რომ არ მქონდა შეცდომის დაშვების უფლება არავითარ შემხვევაში, იმიტომ, რომ ჩემს მიერ დაშვებული შეცდომა მისთვის იქნებოდა მომაკვდინებელი და დამანგრეველი. მოითხოვდა, რომ ნაკლები შეცდომით მეცხოვრა და არ გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც დააზიანებდა სხვას, დამაზიანებდა მე, ოჯახს. სხვა მხრივ იყო ძალიან თბილი, უზომოდ მოსიყვარულე. ადამიანი, რაც არ უნდა ძლიერი პროფესიონალი იყოს, რაც არ უნდა ხალხისთვის საყვარელი იყოს, შვილისთვის პირველ რიგში მამაა. ჯერ აღიქვამ, როგორც მამას და მერე სხვა დანარჩენს. წლები რომ გადის მერე აფასებ, როგორი მოღვაწე იყო ის და რა მსოფლმხედველობა, თუ რა ღირებულებები ჰქონდა, რაც სიხარულს გმატებს, მაგრამ პირველ რიგში მაინც ჯერ მშობელია შვილისთვის და მერე სხვა დანარჩენი, ასე რომ, თამამად ვიტყვი, ჯერ იყო ძალიან კარგი, მოსიყვარულე, თბილი მამა, ამავდროულად მკაცრი შესაბამის საკითხებთან მიმართებაში.