სკოლებში კლასის დამრიგებლებს, როგორც წესი, განსაკუთრებული მისია აკისრიათ. მათ მოსწავლეებთან, მშობლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან უშუალო კომუნიკაცია აქვთ, გეგმავენ სხვადასხვა აქტივობას, ცდილობენ, კლასში არსებული ხარვეზების მოგვარებასა და მშობლების პოზიციის მასწავლებლებთან მიტანას.
დამრიგებლის ანაზღაურება, ხელზე ასაღები თანხა, დაახლოებით, 80 ლარია, რაც ხშირად მასწავლებლებში პროტესტს იწვევს. ისინი თვლიან, რომ ანაზღაურება დამრიგებლის შრომასა და ძალისხმევას არ შეესაბამება.
აღსანიშნავია, რომ წლების წინ დამრიგებლის ფუნქციები ეროვნული სასწავლო გეგმით განისაზღვრებოდა და ასევე, აუცილებელი წესი იყო, რომ დამრიგებელი იმავე სკოლის მასწავლებელი ყოფილიყო.
ახლა, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განგვიცხადეს, მსგავსი ჩანაწერი აღარ არსებობს და სკოლას შეუძლია, დამრიგებელი საკუთარი კრიტერიუმებით შეარჩიოს. ასევე, შესაძლოა, კლასის დამრიგებელი იმავე სკოლაში არ მუშაობდეს. თუმცა, არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ სკოლის დირექტორები, პირველ რიგში, უპირატესობას მაინც აკადემიურ პერსონალს, მათ პედაგოგიურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს ანიჭებს.
თბილისის 177-ე საჯარო სკოლის დირექტორს, გელა ოდიშელიძეს, ამ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი გამოცდილების გაზიარება ვთხოვეთ:
"რა თქმა უნდა, გარკვეული გამოცდილება და პრაქტიკა არსებობს. ძირითადად, აკადემიური პერსონალის უნარებს, შესაძლებლობებსა და გამოცდილებას ვეყრდნობით. ვითვალისწინებთ, რამდენად შეუძლიათ კომუნიკაცია, როგორი დამოკიდებულება აქვთ პროცესის მიმართ, რამდენად კარგად იციან აღზრდის ძირითადი პრინციპები, რამდენად აქვთ მოლაპარაკების უნარი და ასე შემდეგ.
აკადემიური პერსონალის გარდა, შეიძლება, დამრიგებელი სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელიც იყოს, თუმცა მაინც, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ დამრიგებლის ფუნქცია პედაგოგიური გამოცდილები მქონე ადამიანს მივანიჭოთ. ჩვენი გამოცდილება ასეთია - ძირითადად, აკადემიურ პერსონალსა და მათ ინდივიდუალურ უნარ-ჩვევებს ვეყრდნობით.
არიან მასწავლებლები, რომლებსაც დამრიგებლობის სურვილი არ აქვთ და ასევე, როგორც ადმინისტრატორი, თავს შევიკავებდი, რომ მას დამრიგებლის ფუნქცია-მოვალეობები შეეთავსებინა.
დამრიგებლის შერჩევის კონკრეტული, ფიქსირებული კრიტერიუმები არ არსებობს. როგორც გითხარით, დამრიგებლის შერჩევისას, აკადემიური პერსონალის გამოცდილებასა და მათ უნარ-ჩვევებს ვეყრდნობით. ნასამართლევი თანამშრომელი სკოლაში ვერ იმუშავებს, ამიტომ, დამრიგებელიც ვერ გახდება.
დამრიგებლის მოვალეობის შემსრულებელს, სამწუხაროდ, არც იმხელა და იმდენი ანაზღაურება აქვს, რომ რომელიმე ადამიანს, აკადემიური საქმიანობის მიღმა, ამ პასუხისმგებლობის აღება უღირდეს. ხელზე ასაღები თანხა, დაახლოებით, 80 ლარი გამოდის. თუმცა, იმედია, რომ შეიცვლება და გვპირდებიან კიდეც, რომ შეიცვლება. დამრიგებლის საქმიანობა ცოტა შრომასთან ნამდვილად არ არის დაკავშირებული. ალბათ, ღირს, რომ დამრიგებელს მეტი ყურადღებით დავუფასოთ მისი საქმიანობა.
ის, თუ რამდენი მოსწავლე ეყოლება დამრიგებელს, მკვეთრად განსაზღვრული არ არის. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც ერთ მასწავლებელს შეიძლება, მაქსიმუმ, 2 სადამრიგებლო კლასი ჰყავდეს, მაგრამ სხვადასხვა ცვლაში.
კლასს დამრიგებელი აუცილებლად უნდა ჰყავდეს. ცხადია, თუ კონკრეტულ მასწავლებელს დამრიგებლობა არ სურს, ვერ ვაიძულებთ. მთლიანად შეთანხმების საკითხია. მასწავლებლები ხშირად მორალურ ვალდებულებადაც თვლიან, რომ მოსწავლეების საკითხების გადაჭრა უზრუნველყონ. როდესაც დასაბუთებულად ვუხსნით, რატომ გვჭირდება მისი დახმარება, როგორც წესი, ყველა თანახმაა.
დამრიგებელს ბევრი სხვადასხვა ფუნქცია აქვს. უზრუნველყოფს ბავშვებთან კომუნიკაციას, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, მშობლებთან აქვს უშუალო კომუნიკაცია. ფაქტობრივად, ფრონტის ხაზზე დგას. საკითხების პირველი რიგის მომგვარებელია, ფასილიტატორია მშობლებსა და აკადემიურ პერსონალს, მშობლებსა და ადმინისტრაციას შორის. ასე, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, მოქნილი, ყურადღებიანი, აქტიური დამრიგებელი", - გვეუბნება გელა ოდიშელიძე.
როგორც აღვნიშნეთ, კლასის დამრიგებლის მოვალეობები და ფუნქციები საკმაოდ მრავალფეროვანია. ის მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში შუამავალი უნდა იყოს, დაგეგმოს სადამრიგებლო საათები, დაეხმაროს მოსწავლეებს აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებაში, სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში ჩართვაში და არსებული ხარვეზების შესახებ მშობლებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია.
თამარ იაკობაშვილი