"დაწუნებული სასიძო ვიყავი, სასიდედროს არ მოვწონდი, ქუჩაში დგასო..." "მაინც ვხვდებოდი ჩუმად... და აღმოჩნდა ძალიან მოსიყვარულე, ოჯახის ერთგული, კარგი მამა, კარგი მეუღლე" - იმედა კახიანის და ფლორა ანთიძის 60-წლიანი სიყვარულის ამბავი - მშობლები

"დაწუნებული სასიძო ვიყავი, სასიდედროს არ მოვწონდი, ქუჩაში დგასო..." "მაინც ვხვდებოდი ჩუმად... და აღმოჩნდა ძალიან მოსიყვარულე, ოჯახის ერთგული, კარგი მამა, კარგი მეუღლე" - იმედა კახიანის და ფლორა ანთიძის 60-წლიანი სიყვარულის ამბავი

2026-02-14 01:00:23+04:00

60 წელზე მეტი ერთმანეთის სიყვარულში - იმედა კახიანი და ფლორა ანთიძე თავიანთი სიყვარულის ამბავზე რუსთავი 2-ზე საუბრობენ.

- თავიდან რომ გავდიოდე ცხოვრებას, ისევ ასეთ არჩევანს გავაკეთებდი, ისევ შენ აგირჩევდი, - ამბობს ქალბატონი ფლორა. - ყოველ დილას სცენებს თამაშობს, გიხსნის სიყვარულს, პერფორმანსს დგამს.

- ამით ვიწყებ დილას: "ძვირფასო" და "სიყვარულო", - დასძენს იმედა კახიანი. - თავიდან რომ დავიწყო ცხოვრება, მაინც გავგიჟდები და გადავირევი. ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით, სულ მომწონდა, ლამაზი იყო, მაგრამ არ ვიცნობდი. მაშინ "საბუდარელ ჭაბუკს" ვიღებდით და თებროლეს როლზე გოგონას ეძებდნენ. ბევრი ლამაზი გოგონა მოიყვანეს სასინჯ გადაღებაზე. მათ შორის, ფლორაც...

დაწუნებული სასიძო ვიყავი, სასიდედროს არ მოვწონდი. მაგრამ ვერ გაამტყუნებ, ოთხჯერ ვიყავი ინსტიტუტიდან გარიცხული. ბირჟაზე დგასო... პლეხანოვზე ვცხოვრობდი და სად წავსულიყავი, ჩემს სახლთან ვიდექი. მაგრამ, ქუჩაში დგასო, გარიცხულია და არ გვინდაო... გარიცხული და უდიპლომო კაცი ვის უნდოდა? დიპლომი ახლახან ავიღე, მაგრამ შურა აღარაა ცოცხალი...

ფლორა ანთიძე:

- თუ გოგოს სურვილი აქვს, ყველაფერს ახერხებს. ვახერხებდით მაინც შეხვედრას. ხანდახან მშობლებს ვეუბნებოდი, დაგიჯერეთ და დავშორდი-თქო. შურა ხანდახან მამოწმებდა, დავშორდი თუ არა. სამი წელი რომ გავიდა და ჩემსას არ ვიშლიდი, მამამ მითხრა, კარგი, რაკი არ იშლი გაყევიო. და აღმოჩნდა ძალიან მოსიყვარულე, ოჯახის ერთგული, კარგი მამა, კარგი მეუღლე. გარდა ამისა, აქვს ძალიან კარგი იუმორი... ძალიან ძნელ წუთებშიც, რაც გამოგვივლია ცხოვრებაში, ძალიან მძიმე და ტრაგიკული თვეები, წლებიც კი, სულ ცდილობს ამ იუმორით რაღაც შეამსუბუქოს... იუმორით სავსეა, მთელი ცხოვრება იუმორით გამატარებინა და დღემდე ასე მოვედით.

არ წარმომედგინა, რომ ვირუსისგან შეიძლება ადამიანი გარდაიცვალოს... ბოლომდე ვერ მიიღო ჩემმა ტვინმა... არ ვიცი, ასე ძალიან რატომ ინერვიულა საზოგადოების ნაწილმა, ვის გავყევი, რატომ გავყევი... - ნინი ბადურაშვილი ოჯახზე, გარდაცვლილ მამაზე, ქორწინებაზე
ქალბატონი ეკა 62 წლის და მე, ნინო - 40-ის... - მშვენიერი ნინი ბადურაშვილის 40 წლის იუბილე (ვიდეო)