მილიონერმა დედამ ვაჟს მემკვიდრეობა იმის გამო წაართვა, რომ ცოლს უღალატა.
ბრიტანელმა გერი მაკდუგალმა სასამართლოს მიმართა, რათა დედის ანდერძი გაასაჩივროს, რომელმაც იგი მრავალმილიონიანი მემკვიდრეობის გარეშე დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.
70 წლის მამაკაცი ელოდებოდა, რომ დედის — ჯინ მაკდუგალის — გარდაცვალების შემდეგ, რომელიც 2020 წლის აპრილში აღესრულა, დაახლოებით ხუთ მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებდა. თუმცა მილიონერმა ქალმა 2011 წელს შედგენილ საბოლოო ანდერძში შვილს სრულიად ჩამოართვა წილი. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ამ გზით ჯინმა შვილის დასჯა სცადა — მას ცოლის ღალატს არ პატიობდა.
გერიმ აღიარა, რომ 2008 წელს მართლაც ამხილეს ცოლის ღალატში და დედა ამ ფაქტით უკმაყოფილო იყო. თუმცა მან აღნიშნა, რომ იმავე წელს ჯინმა სხვა ანდერძიც შეადგინა, რომელშიც ქონება თანაბრად გაანაწილა მას, მის დას — სანდრა ტომასსა და მის მეუღლეს — ლლოიდ ტომასს შორის. „თუ მასზე გაბრაზებული იქნებოდა, ამას პირდაპირ მეტყოდა. არ გაჩუმდებოდა,“ — განმარტა გერიმ. იგი დარწმუნებულია, რომ დედის საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა სწორედ მისმა დამ მოახდინა.
სანდრა და ლლოიდ ტომასების ადვოკატები კი ვარაუდობენ, რომ დროთა განმავლობაში ჯინს შვილის მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა. მათი თქმით, დედა ყოველთვის განსაკუთრებულად ახლოს იყო ქალიშვილთან, რომელიც მისი მემკვიდრეობის მთავარი ბენეფიციარი გახდა, მაშინ როცა გერისთან ურთიერთობა დაძაბული ჰქონდათ. გარდა ამისა, 2011 წლისთვის გერი უკვე ფლობდა მთლიან ოჯახურ ბიზნესს და მშობლების რამდენიმე უძრავ ქონებას.
საპასუხოდ გერიმ და და მისი მეუღლე იმაში დაადანაშაულა, რომ მათ ჯინის ფინანსური რესურსები არამართლზომიერად გამოიყენეს. გამოიკვეთა, რომ წყვილმა, ჯინის სიცოცხლეში, პირადი საჭიროებებისთვის დაახლოებით 1,6 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა.
სანდრამ და ლლოიდმა თანხის ხარჯვა აღიარეს, თუმცა განაცხადეს, რომ ამას უკანონოდ არ მიიჩნევენ. მათი განმარტებით, აღნიშნული თანხა ნებისმიერ შემთხვევაში მათ ეკუთვნოდათ და საბოლოოდ მათვე გადაეცემოდათ.
საქმის განხილვა სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება.