2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება, საგრანტო სისტემა კი უქმდება. შესაბამისად, ის სტუდენტები, რომლებიც კერძო უნივერსიტეტებში ჩააბარებენ, სახელმწიფო გრანტს ვეღარ მოიპოვებენ.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაიწყება 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია და როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტთა ცნობარი. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, აბიტურიენტებმა მარტის თვიდან მათ ვებგვერდს თვალი უნდა ადევნონ. თარიღებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაცია იქ გამოქვეყნდება.
პარალელურად, აბიტურიენტებს უამრავი სხვადასხვა შეკითხვა აქვთ.
აღსანიშნავია, რომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სხვადასხვა პროგრამაზე სტუდენტების მიღების რაოდენობები უკვე გამოქვეყნდა. ამავე სასწავლო წლიდან "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" პრინციპი ამოქმედდება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, სამართალი, ჟურნალისტიკა, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, საჯარო მმართველობა, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება ხელმისაწვდომი. აბიტურიენტები, მაგალითად, სამართალზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ან ტექნიკურ უნივერსიტეტში ვეღარ ჩააბარებენ. სამაგიეროდ, შეუძლიათ ქუთაისის, ბათუმის ან სხვა ქალაქის სახელმწიფო უნივერსიტეტებიც აირჩიონ.
ეს აბიტურიენტთა ჯგუფებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური შეკითხვაა. სამართლის პროგრამის მაგალითი რომ ავიღოთ, სამართალზე ჩაბარება, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება შესაძლებელი. თუმცა, აბიტურიენტებს შეეძლებათ, სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, კერძო უნივერსიტეტების სამართლის პროგრამაც აირჩიონ. გარდა ამისა, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, თბილისის გარდა, სამართლის პროგრამა რჩება: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
როგორც აღვნიშნეთ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო იქნება. საგრანტო სისტემა კი უქმდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ აბიტურიენტს შეეძლო, მაგალითად, 50%-იანი, 70%-იანი ან 100%-იანი გრანტი მოეპოვებინა და კერძო უნივერსიტეტში გამოეყენებინა, მომდევნო სასწავლო წლიდან ეს პრინციპი უქმდება.
ცნობილია ისიც, რომ ზოგიერთი კერძო უნივერსიტეტი დაფინანსების სისტემებზე მუშაობს და აბიტურიენტებმა სასურველი უნივერსიტეტის ვებგვერდს სიახლეებისთვის თვალყური უნდა ადევნონ.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განგვიცხადეს, საგრანტო კონკურსიც უქმდება. საგრანტო კონკურსის მეშვეობით, სტუდენტს შეეძლო, არსებული გრანტი გაეუმჯობესებინა. ვინაიდან საგრანტო სისტემა უქმდება, აღარც საგრანტო კონკურსი ჩატარდება. აღარც ე.წ. უფასო ფაკულტეტები იქნება, რადგან ყველა, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს, უფასოდ ისწავლის.
კიდევ ერთი აქტუალური საკითხი, რაც აბიტურიენტებს აინტერესებთ, მობილობის თემაა - შეეძლებათ თუ არა კერძო უნივერსიტეტებიდან მობილობით სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავიდნენ.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გვითხრეს, მობილობის წესში არაფერი იცვლება. თუ სახელმწიფო უნივერსიტეტს, კონკრეტულ პროგრამაზე ექნება თავისუფალი ადგილები და მობილობით მიღებას გამოაცხადებს, სტუდენტს შეეძლება, ისარგებლოს.
ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ და მობილობით სურთ სარგებლობა, პროგრამის დაშვების წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდნენ და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამისი სავალდებულო საგნები ჰქონდეთ ჩაბარებული.
მაგალითად, თუ აბიტურიენტს კონკრეტული პროგრამისთვის ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია აქვს ჩაბარებული და სურს ისეთ პროგრამაზე გადავიდეს მობილობით, სადაც სტუდენტთა მიღება მხოლოდ მათემატიკითაა შესაძლებელი, მობილობას ვერ შეძლებს.
შიდა მობილობა პირველი სემესტრის, გარემო მობილობა კი ერთი წლის შემდეგაა შესაძლებელი. ვადებსა და დეტალებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად აქვეყნებს.
ჯერჯერობით, დასაზუსტებელია, ხომ არ განისაზღვრება აბიტურიენტებისათვის პროგრამათა ჩამონათვალში ლიმიტი. აქამდე აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას შეეძლოთ, სასურველი რაოდენობის პროგრამები აერჩიათ. ცნობილია ის, რომ წელს აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ. თუმცა, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განგვიცხადეს, ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ვრცლად გამოქვეყნდება.
თამარ იაკობაშვილი