„ბიბლუსის“ ლიტერატურული კონკურსის, „რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ“ გამარჯვებული თამარ გელაშვილი გახდა. მან კომპანიისგან მთავარი პრიზი, 1000-ლარიანი ვაუჩერი და ჯილდო მიიღო. სამომავლოდ კი იგეგმება მისი ნამუშევრის დაბეჭდვაც.
კონკურსში ჟიურიმ სულ 300–მდე ნამუშევარი მიიღო, რომელთაგან 25 საუკეთესო შეირჩა. სწორედ მათ შორის აღმოჩნდნენ გამარჯვებულთან ერთად კიდევ ხუთ სხვადასხვა ნომინაციის რჩეული ავტორებიც.

კონკურსანტებს თავიანთ ლიტერატურულ ტექსტებში შექსპირის ტრაგედიის, „რომეო და ჯულიეტას“ გმირები უნდა გაეცოცხლებინათ და ნაწარმოების განსხვავებული ვერსია შეექმნათ - თუ რა მოხდებოდა 20 წლის შემდეგ, მათი ცხოვრება რომ ტრაგიკულად არ დასრულებულიყო. ჟიურიმ, გამარჯვებულის გარდა, სხვადასხვა ნომინაციაში რჩეული ავტორებიც გამოავლინა და სპეციალური პრიზებით დაასაჩუქრა.
გამარჯვებულმა, თამარ გელაშვილმა დაჯილდოების ცერემონიალზე მადლობა გადაუხადა კონკურსის ორგანიზატორებს და აუდიტორიას ნამუშევრის შინაარსის შესახებ უამბო:
„კონკურსი ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო, მითუმეტეს, რომ არ ვიყავით არაფერში არ ვიყავით შეზღუდულები, შეგვეძლო სიუჟეტი გადმოგვეტანა თანამედროვეობაში და გაგვეგრძელებინა, თუმცა მე გადავწყვიტე, რომ რომეო და ჯულიეტა დამეტოვებინა მე-13 საუკუნეში და ასე მომეყოლა მათი ისტორია“, - აღნიშნა „ბიბლუსის“ კონკურსის გამარჯვებულმა.
„ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორისა და კონკურსის თანაორგანიზატორის, გიორგი კეკელიძის თქმით, ჟიურიმ ბევრი პროფესიონალი ავტორის მიერ გაგზავნილი ტექსტი განიხილა, რაც მნიშვნელოვანი შედეგია:
„კონკურსი მიეძღვნა სიყვარულის დღეს. ბევრი პროფესიონალი ავტორის ძალიან ბევრი ორიგინალური ტექსტი შემოვიდა და გვიხარია, რომ ამ კონკურსის იდეის ავტორები, განმახორციელებლები და მასპინძლები გახლავართ“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.
„ბიბლუსი“ მადლობა უხდის კონკურსის მონაწილეებს და სამომავლოდ მკითხველს კვლავ ბევრ საინტერესო ღონისძიებასა და პროექტს ჰპირდება.
R