როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ძიძა "გასაშვებია" - ნიშნები, რომლებზეც მშობლებმა თვალი არ უნდა დახუჭონ - მშობლები

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ძიძა "გასაშვებია" - ნიშნები, რომლებზეც მშობლებმა თვალი არ უნდა დახუჭონ

2026-02-18 08:56:00+04:00

ბავშვისთვის ძიძის შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელსაც მშობელი იღებს. ნდობა, უსაფრთხოება და საერთო ღირებულებები — ეს ის საფუძველია, რაზეც ასეთი ურთიერთობა უნდა აშენდეს. თუმცა არსებობს ნიშნები, რომლებიც მიანიშნებს, რომ დროა დაფიქრდეთ: ნამდვილად სწორ ადამიანს ანდეთ თქვენი შვილი?

წარმოგიდგენთ იმ ნიშნებს, რომლებიც მშობლებს არ უნდა გამოეპაროთ.

1. ბავშვის დამოკიდებულება ძიძის მიმართ მოულოდნელად შეიცვალა

თუ ბავშვი, რომელიც ადრე მშვიდი და მხიარული იყო, უეცრად ხდება ჩუმი, იკეტება საკუთარ თავში, უმიზეზოდ ტირის ან ყოველ ხმაურზე ფრთხება — ეს სერიოზული სიგნალია.

განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ:

  • ბავშვი ღიად ამბობს, რომ არ სურს ძიძის მოსვლა;

  • შიშით ეკითხება, მოვა თუ არა დღეს;

  • სხეულზე უჩნდება სილურჯეები და ნაკაწრები, რომლებსაც ძიძა „უცნაური დაცემებით“ ხსნის, მაშინ როცა თქვენი თანდასწრებით მსგავსი არაფერი ხდება.

ასეთი ცვლილებები შეიძლება მიუთითებდეს ფიზიკურ ძალადობაზე ან დასჯის უხეშ მეთოდებზე.

რა უნდა გააკეთოთ?

პირველ რიგში, პირდაპირ ესაუბრეთ ძიძას. მისი რეაქცია ბევრს გეტყვით. თუ ის ვერ ხსნის დამაჯერებლად, საიდან გაჩნდა ბავშვის სხეულზე დაზიანებები, აუცილებელია ფაქტების გადამოწმება.

აუცილებელია ბავშვთან საუბარიც. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ პატარა ბავშვები ხშირად შიშის გამო დუმან, მოზრდილი ბავშვები კი შეიძლება შიში გარდა ფიქრობდნენ, რომ „სამართლიანად დაისაჯნენ“ და მშობლებიც მათ მსგავსად მოიქცევიან.

თუ ეჭვი არ ქრება, შეგიძლიათ დააყენოთ ფარული კამერა და ნახოთ, რა ხდება თქვენი არყოფნის დროს. ფიზიკური ძალადობის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგთან მიმართვა, რათა ტრავმული გამოცდილების შედეგები დამუშავდეს.

თერაპია თამაშის გზით

პირდაპირი კითხვა — „ძიძამ დაგარტყა?“ — ყოველთვის არ იძლევა პასუხს. სცადეთ დაუმთავრებელი წინადადებების ტექნიკა: „როცა ძიძის ტელეფონი გატყდა, მან…“ — და მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, თავად დაასრულოს.

ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ, სათამაშოების საშუალებით აჩვენოს, როგორ ატარებენ დროს ერთად. დააკვირდით:

  • რომელი სათამაშო „ხდება“ ძიძა;

  • როგორ იქცევა ბავშვი თამაშში — მშვიდად თუ აგრესიულად;

  • იყენებს თუ არა შეურაცხმყოფელ სიტყვებს.

2. ძიძა არ იზიარებს თქვენს ღირებულებებს

თუ ძიძა ბავშვს თავს ახვევს რელიგიურ, მორალურ ან სოციალურ შეხედულებებს, რომლებიც თქვენთვის მიუღებელია, და არ ითვალისწინებს თქვენს თხოვნებს — ეს სერიოზული პრობლემაა.

სიფრთხილეა საჭირო, თუ ბავშვი იწყებს ფრაზების გამეორებას, რომლებიც აშკარად არ ეკუთვნის მის ასაკს: „ცუდ ბინაში ვცხოვრობთ“, „ჩემი ტანსაცმელი უხარისხოა“, „მამას არავინ ეკითხება“ და მსხგავსი სრულიად არაბავშვური გამონათქვამები.

ძიძა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის სამყაროს აღქმაზე. ზოგჯერ საუკეთესო გადაწყვეტილებაა დროულად დაემშვიდობოთ, თუნდაც მისი პოვნა რთული ყოფილიყო.

3. ძიძა მუდმივად ადარებს თქვენს შვილს სხვა ბავშვებს

„ჩემმა შვილმა ამ ასაკში უკვე კითხვა იცოდა“, „ჩემი დისშვილი არასდროს ჩხუბობდა“ — მსგავსი შედარებები ბავშვს ძლიერ ტკივილს აყენებს.

მუდმივი კრიტიკა და შედარება აყალიბებს ნეგატიურ თვითშეფასებას. ბავშვი იწყებს საკუთარი თავის „ცუდად“ აღქმას და კარგავს რწმენას საკუთარ შესაძლებლობებში.

გარდა ამისა, ბავშვი ხშირად აკოპირებს ძიძის საუბრის მანერას, ჟესტებს, ჩვევებს. თუ ის ძირითად დროს მხოლოდ ძიძასთან ატარებს, ეს გავლენა განსაკუთრებით ძლიერია.

4. ძიძა იყენებს ავტორიტარულ სტილს

თუ ძიძამ ყოველთვის „უკეთ იცის“, რა სჭირდება ბავშვს, არ უსმენს მის სურვილებს და ცდილობს მშობლების ავტორიტეტის შერყევას — ეს სახიფათოა.

ფრაზები, როგორიცაა:

  • „დღეს ვერ გავისეირნებთ, ქუსლიანებით ვარ“;

  • „ამ წიგნს არ წავიკითხავთ, არ მომწონს“;

  • „ხატვა არ გვინდა, დღეს ძერწვის დღე გვაქვს“ —

ეს ხელს უშლის ბავშვის ინტერესების განვითარებას, ინიციატივას და მოტივაციას.

5. ბავშვი ზედმეტად მშვიდი და დამყოლი გახდა

თუ ბავშვი თქვენი დაბრუნების შემდეგ აღარ გშორდებათ, შესაძლებელია, თქვენი არყოფნის დროს მას კომუნიკაცია აკლდა.

ზოგჯერ ძიძა საკუთარ საქმეებშია ჩართული — სოციალურ ქსელებში წერს, ტელეფონზე ლაპარაკობს, მთელი დღე მულტფილმებს რთავს, რომ ბავშვმა „არ შეუშალოს ხელი“.

6. ძიძა მუდმივად წუწუნებს

თუ ძიძა გაუთავებლად ჩივის ცხოვრებაზე, ბედზე, ხელისუფლებაზე — დიდი ალბათობით, თქვენი შვილი ამ ნეგატივს მუდმივად ისმენს. ბავშვი ითვისებს სამყაროს პესიმისტურ ხედვას, სწავლობს ყველაფერში მინუსების დანახვას.

ასევე დაუშვებელია, თუ ძიძას თვითმკურნალობა უყვარს და დამოუკიდებლად წყვეტს ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს. უსაფრთხოებისა და მკურნალობის გადაწყვეტილებებს მხოლოდ მშობლები იღებენ. ძიძის მოვალეობაა დაუყოვნებლივ დაგიკავშირდეთ და თქვენი მითითებები შეასრულოს.

7. ძიძას ხშირად აქვს კონფლიქტი სხვებთან ბავშვის თვალწინ

თუ ის ჩხუბობს ბაღის აღმზრდელებთან, სკოლის მასწავლებლებთან ან სხვა მშობლებთან, ეს ბავშვისთვის უარყოფითი მაგალითია.

ასეთი ქცევა ასწავლის ბავშვს სხვისი შრომისა და პიროვნების გაუფასურებას, ქმნის აგრესიულ კომუნიკაციის მოდელს, შესაძლოა გააუარესოს სხვა უფროსების დამოკიდებულება თქვენი შვილის მიმართ.

ძიძა მხოლოდ დამხმარე არ არის — ის ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ავტორიტეტული ფიგურაა. თუ ეჭვი გაგიჩნდათ, ნუ უგულებელყოფთ ინტუიციას. ბავშვის ემოციური უსაფრთხოება და ფსიქიკური ჯანმრთელობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე დროებითი კომფორტი.

საუკეთესო შედეგი დგება მაშინ, როცა მშობელი თავადაც აქტიურად მონაწილეობს აღზრდაში, აკვირდება ბავშვის მდგომარეობას და ღია კომუნიკაციას ინარჩუნებს.

”ცოლი მთელი დღე იწვა, ქმარი თავს ევლებოდა, მე - ბავშვს ვზრდიდი...” - ძიძის გულახდილი ჩანაწერების გაგრძელება
ქართველი ძიძის გულახდილი ჩანაწერები - ის, რაც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ...