ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოციგურავის უბედური ბავშვობა, დედის მხრიდან მუდმივი ძალადობით, მოძალადე ქმარი და სკანდალი, რომელმაც მისი კარიერა შეიწირა - ტონია ჰარდინგის ამბავი - მშობლები

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოციგურავის უბედური ბავშვობა, დედის მხრიდან მუდმივი ძალადობით, მოძალადე ქმარი და სკანდალი, რომელმაც მისი კარიერა შეიწირა - ტონია ჰარდინგის ამბავი

2026-02-18 10:10:44+04:00

ტონია ჰარდინგს შეეძლო, ფიგურული სრიალის ლეგენდა გამხდარიყო, მაგრამ 1994 წელს მთავარ მეტოქეზე თავდასხმაში მონაწილეობამ მისი სპორტული კარიერა სამუდამოდ დაანგრია...

ტონია ჰარდინგი ქალთა სპორტის ისტორიაში პირველი ფიგურული მოციგურავე იყო, რომელმაც საერთაშორისო შეჯიბრში სამმაგი აქსელი დააფიქსირა. მისი სახელი არა ამ ნახტომით, არამედ ზამთრის სპორტის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული სკანდალითაც ახსოვთ. 2026 წელს ის 56 წლის გახდება. ქალი შეჯიბრებებში აღარ მონაწილეობს, აღარ იძლევა ინტერვიუებს და აღარც დიდებისკენ ისწრაფვის. ამის ნაცვლად, მან ოჯახური ცხოვრება ახალი გვარით - ტონია პრაისით განაგრძო... გიამბობთ, როგორ განვითარდა ამერიკელი ფიგურული მოციგურავის ცხოვრება გახმაურებული სკანდალის შემდეგ, რომელიც ბევრს დღემდე ახსოვს.

რთული ბავშვობა

tonia-hardingi-6-1771395229.jpg

ტონია ჰარდინგი 1970 წელს პორტლენდში, ორეგონის შტატში დაიბადა. დედა, ლავონა, საკმაოდ მკაცრი, იმპულსური და ალკოჰოლიკი იყო, თუმცა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქალიშვილს ფიგურულ სრიალში წარმატების მიღწევაში დახმარებოდა. ტონიამ სრიალი სამი წლის ასაკში დაიწყო და დედამისმა აიძულა მწვრთნელები, მისთვის სერიოზულად შეეხედათ. მოზარდობის ასაკში გოგონას არაერთი წარმატება ჰქონდა, თუმცა დედის მხრიდან მუდმივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფონზე, რაც ათმაგდებოდა, თუ ტონია კარგად არ ისრიალებდა. ვარჯიში დილის 4:30 საათზე იწყებოდა, შემდეგ სკოლა, საოჯახო საქმეები და ისევ ყინულზე სრიალი…

დედა ღამეებს ათენებდა და ტონიასთვის შეჯიბრებებზე გამოსასვლელად კოსტიუმებს ხელით კერავდა, აგროვებდა ბოთლებს და მუშაობდა მიმტანად, რომ გოგონასთვის გაკვეთილების თანხა გადაეხადა. მამა, ალი, ავადმყოფობის მიუხედავად, ცდილობდა, ქალიშვილისთვის საკმარისი ყურადღება მიექცია - ტონია სანადიროდ დაჰყავდა, მანქანების შეკეთებას ასწავლიდა და სიჩქარის სიყვარულს უნერგავდა. ამ უნარებმა მოგვიანებით ტონიას განსაკუთრებული თავდაჯერებულობა შესძინა. თუმცა ცხოვრების ეს წესი აისახებოდა მის გარეგნობაზე - მსაჯები და მაყურებლები არასაკმარისად ქალურად და ლამაზად მიიჩნევდნენ ფიგურული სრიალისთვის.

მოციგურავე, რომელსაც აღიარება არ ჰყოფნიდა

tonia-hardingi-1-1771395242.jpg
ტონია ჰარდინგი

1991 წელს ტონიამ სპორტში გარღვევა მაინც მოახდინა, ბევრი შრომით და დახვეწილი ტექნიკით - ის მსოფლიოში პირველი ქალი გახდა, რომელმაც აშშ-ის ჩემპიონატზე სამმაგი აქსელი შეასრულა და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. თუმცა, ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად, ის "ყინულის პრინცესების კლუბში“ არ მიიღეს. მსაჯები ქულებს არაელეგანტურობისთვის კვლავ აკლებდნენ, ჟურნალისტები მის ხელნაკეთ კოსტიუმებსა და გარეგნობას დასცინოდნენ, ხოლო საზოგადოებამ მას მოხდენილი ნენსი კერიგანი ამჯობინა, რომელიც ხალხის რჩეულად იქცა…

nensi-2-1771395281.jpg
ნენსი კერიგანი

ტონია იმდროინდელი მოციგურავის იმიჯს არ შეესაბამებოდა - ის პირდაპირი და ძალიან უხეში იყო იმ სამყაროსთვის, რომელიც სინაზესა და ბრწყინვალებას აფასებდა. მიუხედავად ამისა, მისი სრიალის ტექნიკა, რომელიც აქცენტს უფრო რთულ ნახტომებზე აკეთებდა, ვიდრე მოხდენილობასა და სტილზე, მოგვიანებით ქალთა ფიგურულ სრიალში ნორმად იქცა. თანამედროვე ვარსკვლავები დიდწილად იმ ტექნიკურ ხაზს აგრძელებენ, რომლის პიონერიც სწორედ ტონია იყო.

სკანდალი და სამუდამო აკრძალვა

tonia-hardingi-3-1771395310.jpg
ტონია ჰარდინგი

1994 წლის იანვარში, ოლიმპიურ გუნდში ვერ მოხვედრის შიშით, ჰარდინგი თავისი მთავარი მეტოქის წინააღმდეგ შეთქმულებაში ჩაერთო. მისმა ყოფილმა ქმარმა (რომელიც ასევე ხშირად ძალადობდა ცოლზე და სწორედ ამის გამო დაშორდა წყვილი ერთმანეთს), ჯეფ გილოლიმ, და მცველმა შონ ეკარდტმა ხალხის რჩეულ კერიგანზე თავდასხმა მოაწყვეს. ამ საქმეში შეინ სტენტიც მონაწილეობდა. მათი გეგმის მიხედვით, ნენსი კერიგანისთვის ფეხი უნდა მოეტეხათ…

tonia-hardingi-4-1771395345.jpg
ტონია ჰარდინგი

შეინ სტენტმა ახალგაზრდა მოციგურავეს, ნენსი კერიგანს მუხლს ზემოთ ხელკეტი დაარტყა. ტრავმის გამო, კერიგანი იძულებული გახდა ეროვნული ჩემპიონატი გამოეტოვებინა, ხოლო ტონიამ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა და ეროვნულ ნაკრებში მოხვდა.

nensi-1-1771395372.jpg
ნენსი კერიგანი

საქმეზე გამოძიება დაიწყო. ტონია ამტკიცებდა, რომ თავდასხმაზე არაფერი იცოდა, თუმცა ძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულის დაგეგმვაში ტონიაც მონაწილეობდა. თავდაპირველად ტონია ბრალდებას უარყოფდა, თუმცა, საბოლოოდ, ფიგურულ მოციგურავეს სამწლიანი პირობითი მსჯავრი, 500-საათიანი საზოგადოებრივი შრომა, 160 000 დოლარის ოდენობის ჯარიმა და ფიგურული სრიალის ჩემპიონატებზე გამოსვლის სამუდამო აკრძალვა მიესაჯა. ტონიასთვის ყველაზე მტკივნეული ეს სასჯელი იყო.

tonia-hardingi-12-1771395419.jpg
ტონია ჰარდინგი

კადრები ტონიას ბოლო გამოსვლიდან:

ნულიდან დაწყების მცდელობა

სკანდალის შემდეგ ჰარდინგი იზოლაციაში აღმოჩნდა. სპონსორებმა, ფედერაციებმა და მეგობრებმაც კი ზურგი აქციეს. მან პროფესიონალურ კრივში სცადა ძალები, ექვსი ბრძოლა მოიგო, შემდეგ ავტორბოლაში მიიღო მონაწილეობა და მუსიკალურ ვიდეოებსა და დაბალბიუჯეტიან ფილმებში გამოჩნდა.

2002 წელს ყინულზე დაბრუნებაც კი სცადა, მაგრამ მისმა გამოჩენამ მაყურებლის ინტერესი ვერ გამოიწვია.

მის სახელს პოლიტიკოსები, კომიკოსები და ჟურნალისტები ხშირად ახსენებდნენ და "ბუნძურ თამაშზე" მიუთითებდნენ. 2017 წელს გამოვიდა ფილმი "მე, ტონია“, რომელშიც მთავარ როლს მარგო რობი ასრულებს. რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი ტონიას არა როგორც ბოროტმოქმედს, არამედ როგორც ძალადობის, სიღარიბის და სისტემის მსხვერპლს წარმოაჩენს, რომელსაც არასდროს ჰქონია შესაძლებლობა, საკუთარი თავი ყოფილიყო…

tonia-hardingi-11-1771395445.jpg
ტონია ჰარდინგი და მარგო რობი

tonia-hardingi-2-1771395475.jpg
მარგო რობი ტონია ჰარდინგის როლში

ფილმმა "ოსკარი" მოიპოვა და თავად ჰარდინგმაც სიმპათია კვლავ დაიმსახურა. 2018 წელს მან მონაწილეობა მიიღო ამერიკულ შოუში - "ცეკვავენ ვარსკვლავები", სადაც მე-3 ადგილზე გავიდა.

tonia-hardingi-7-1771395502.jpg
ტონია ჰარდინგი "ცეკვავენ ვარსკვლავებში"

ახალი ცხოვრება სხვა გვარით

tonia-hardingi-8-1771395536.jpg
ტონია ჰარდინგი მეუღლესთან ერთად

2010 წელს, 39 წლის ასაკში, ტონია ჯოზეფ პრაისს გაჰყვა ცოლად. მას შემდეგ, ის ტონია პრაისია. წყვილს მალევე ვაჟი შეეძინა და დედობა მისი მთავარი მიზანი გახდა. დღეს ის ვაშინგტონის შტატის წყნარ ქალაქში, იაკოლტში ცხოვრობს და სპორტის სამყაროს საბოლოოდ ჩამოშორდა. ის საკუთარ თავს საქმიან დედად აღწერს, რომელსაც წარსულში დაბრუნება არ სურს.

tonia-hardingi-13-1771395567.jpg
ტონია ჰარდინგი

ბოლო წლების იშვიათ ინტერვიუებში ტონია ხაზს უსვამს, რომ ის ყველაფერზე მეტად სტაბილურობას აფასებს. სახლს უვლის, ქმარს ავტოსარემონტო ბიზნესში ეხმარება და სოციალურ მედიას იშვიათად იყენებს. ქალი ამბობს, რომ ნამდვილი მხარდაჭერისა და ცნობისმოყვარეობის გარჩევა ისწავლა და მსოფლიოსთვის არაფრის დამტკიცებას აღარ ცდილობს.

ფიგურული სრიალის ვარსკვლავების ქართველი მწვრთნელი რუსეთში - ეთერ თუთბერიძის გზა
ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია - ინტერვიუ ქართველი ჩემპიონის დედასთან და რთული გზა წარმატებისკენ. მორალურად ძალიან ძნელია, მაგრამ არ მაქვს უფლება, სისუსტე გამოვავლინო