ნუცა ბუზალაძე რამდენიმე თვის წინ, ამერიკაში გავლენიან აგენტსა და პროდიუსერზე დარენ პრინცზე დაინიშნა. მომღერალმა საქმროს გაცნობის ისტორია გადაცემაში "ჩვენი შოუ" კიდევ ერთხელ გაიხსენა:
- "სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი" - ეს გამოთქმა, ჩემს შემთხვევაში, ალბათ, ზუსტია. ბავშვობიდან არ ვყოფილვარ პირადზე ორიენტირებული არასდროს. მადლობა, ღმერთს, რომ ჩემს ცხოვრებაში, ჩემი ძებნის გარეშე, ყოველთვის კარგი ადამიანები ჩნდებოდნენ ხოლმე. საბოლოოდ, ის ადამიანი, რომელიც ჩემს მეორე ნახევრად ამოვარჩიე და ძალიან შემიყვარდა, ზუსტად ასე აღმოჩნდა - როცა American Idol-ში ვმღეროდი, ამერიკიდან ძალიან ცნობილმა აგენტმა მომწერა. მეც ამ პროექტიდან მინდოდა, რომ აგენტი მყოლოდა. ძალიან გამიხარდა, რომ თავად გამოიჩინა ინტერესი. მერე უკვე ლაივებზეც მგულშემატკივრობდა. როდესაც შევხვდით, როგორც ადამიანებს, ერთმანეთი მოგვეწონა. ძალიან ბევრ რაღაცაში, ხასიათში, ვგავდით. დავიწყეთ მუშაობა, კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ თავიდან ძალიან პროფესიული ურთიერთობა გვქონდა იმიტომ, რომ მაშინ მეც შეყვარებული მყავდა და მასაც. ალბათ, დერენი იყო ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ასე ახლოს ვიყავი და არასდროს მქონია თავში აზრი, რომ მას შეიძლება, სხვანაირად ვუყურებდე. ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მან ამერიკაში ძალიან ბევრი კარგი რაღაც გამიკეთა. ყოველთვის კარგი პროფესიული ურთიერთობა გვქონდა.
თებერვალში საბოლოოდ გადავედი ამერიკაში. მისი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ მე იქ დავრჩენილიყავი. სულ მეუბნებოდა, როგორ გინდა ამერიკაში დიდ წარმატებას მიაღწიო, თუ აქ არ იქნებიო. თებერვლიდან იქ დარჩენა გადავწყვიტე. თან "გრემიზე" ვიყავი, რომ ვნახე, რა ხდებოდა, ვთქვი, რომ კი, მე მინდა, რომ აქ დავრჩე და ჩემი საუკეთესო წლები, გამოვიყენო... თან, როცა საქართველო ასე მგულშემატკივრობს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რომ გადავედი, იმდენად ახლო, ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა, რომ ძალიან შემიყვარდა უკვე როგორც, მამაკაცი. აპრილიდან დაიწყო და ივნისში ხელი მთხოვა.
როცა დერენი საქართველოში ჩამოვიდა, ჩვენს სტუმარმასპინძლობაზე გაგიჟდა. ჩვენს სამზარეულოზეც გაგიჟებული იყო. ალკოჰოლს არ ეკარება, ღვინო ვერ გასინჯა, მაგრამ მე რასაც ვუყვები, დაახლოებით, ყველაფერი იცის. გაგიჟდა საქართველოზე, როგორი ბუნება გაქვთო და როგორი ადამიანები ცხოვრობენო. განსაკუთრებით, დაამახსოვრდა ის სითბო, რასაც ადამიანებისაგან იღებდა. ჩემი მეგობრები ისე დახვდნენ, რომ მისთვის დაუვიწყარი იყო საქართველოში ყოფნა. ვცდილობ, ქართული სიტყვები ვასწავლო. მაგრამ, დამახსოვრება ძალიან უჭირს და აღარ ვაწვალებ.
ნუცა ბუზალაძემ რამდენიმე კვირის წინ "იმედის დღის" ეთერში სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ორი ქორწილის გადახდას აპირებს:
"მე მინდა ორი ქორწილი, აქაც და იქაც. იქაც ბევრი მეგობარი გვყავს და იქიდან აქ ყველა ვერ ჩამოვა. აქედან იქ ყველა ვერ წავა. ორი ქორწილი და ოთხი კაბა მინდა." - თქვა ნუცა ბუზალაძემ.