"შობადობის შემცირებას სოციალური მიზეზი არა აქვს... გვჭირდება სერიოზული ზომები, რომ მსოფლმხედველობა შეიცვალოს" - ირაკლი კობახიძე - მშობლები

"შობადობის შემცირებას სოციალური მიზეზი არა აქვს... გვჭირდება სერიოზული ზომები, რომ მსოფლმხედველობა შეიცვალოს" - ირაკლი კობახიძე

2026-02-18 15:04:58+04:00

შობადობის კუთხით ტენდენცია ძალიან მძიმეა, ოღონდ ეს მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის - ყველგან,სადაც ლიბერალური იდეოლოგია ინტენსიურად ვრცელდებოდა, არის პრობლემები, - ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერმაირაკლი კობახიძემგანაცხადა.

კობახიძემ პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში დემოგრაფიული კუთხით არსებული მდგომარეობა “ერთ-ერთ უმთავრესს გამოწვევად“ შეაფასა.

პრემიერის განცხადებით, გვაქვს უარყოფითი მაჩვენებელი შობადობის ნაწილში, როცა გარდაცვალების მაჩვენებელი შობადობის მაჩვენებელს აღემატება. მისივე ინფორმაციით, მდგომარეობა მუდმივად უარესდება ქორწინება-განქორწინების თანაფარდობის კუთხით.

კობახიძემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ შობადობის შემცირებას სოციალური მიზეზი არა აქვს. როგორც მან ამ კონტექსტში განაცხადა, საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ რაც უფრო მაღალია ქვეყნის კეთილდღეობის დონე, დემოგრაფიული ტენდენციები მით მეტად მძიმდება.

“ჩვენ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით დადებითი დინამიკა გვაქვს. ეს პირველ რიგში, ეკონომიკურ მაჩვენებლებს ეხება. ერთი შეხედვით შეიძლება არსებობდეს განაცხადი, რომ თუ ეკონომიკა სწრაფად იზრდება, ეს დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე პირდაპირ უნდა აისახოს, თუმცა სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და ამას საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს. როგორც წესი, არის პირიქით - როდესაც კეთილდღეობის დონე უმჯობესდება, ეს დემოგრაფიული ტენდენციების გაუარესებას განაპირობებს ხოლმე. საერთაშორისო პრაქტიკას რომ გადახედოთ და რუკას დახედოთ, თუ სად არის ყველაზე კარგი დემოგრაფიული მაჩვენებლები, ეს სწორედ ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნებია. რომ ნახოთ რომელ კონტინენტებზე იზრდება ყველაზე მეტად მოსახლეობა - ლიდერები არიან აფრიკა და აზია, სადაც ეკონომიკური კეთილდღეობის დონე ყველაზე დაბალია და ყველაზე მძიმე სტატისტიკა ევროპას აქვს. ერთადერთი კონტინენტია, სადაც მოსახლეობა ყოველწლიურად იკლებს. ამ დროს ევროპა სხვა კონტინენტებთან შედარებით კეთილდღეობის უფრო მაღალი დონით გამოირჩევა.

სამწუხარო რეალობაა, რომ რაც უფრო მაღალია ქვეყნის კეთილდღეობის დონე, მით მეტად მძიმდება დემოგრაფიული ტენდენციები. გამომდინარე აქედან ეკონომიკის ზრდის იმედად ვერ ვიქნებით და საჭიროა კონკრეტულ ზომებზე ფიქრი, რაც დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

არის საინტერესო დეტალი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შობადობის შემცირებას სოციალური მიზეზი არა აქვს - 90-იან წლებში, როდესაც სისტემის რღვევის შემდეგ ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა, შობადობის კოეფიციენტი ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს არის. ამ ყველაფერს სოციალური მიზეზი ნაკლებად აქვს. ასევე საინტერესო დეტალია, რომ 2014 წლიდან მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობის მაჩვენებელი არის მომატებული და სტაბილურად მაღალ დონეზეა შენარჩუნებული.

მკვეთად და დრამატულად იკლებს პირველი და მეორე შვილის შობადობის მაჩვენებელი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სერიოზული მსოფლმხედველობრივი გამოწვევა გვაქვს, რასაც უნდა დავუპირისპირდეთ დადებითი გაგებით. საჭიროა შეიცვალოს ადამიანების მსოფლმხედველობა. შემცირებულია ინტერესი ქორწინების კუთხით, რასაც ქორწინება-განქორწინების სტატისტიკა აჩვენებს. ეს პირდაპირ აისახება პირველი და მეორე შვილის შობადობის სტატისტიკაზე.

ტენდენცია ძალიან მძიმეა, ოღონდ ეს მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. ყველგან, სადაც ლიბერალური იდეოლოგია ინტენსიურად ვრცელდებოდა არის პრობლემები. თქვენ გახსოვთ ე.წ. გენდერული პოლიტიკა, ლგბტ პროპაგანდა და ასე შემდეგ. ამას დაუპირისპირდა სწორედ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელთან დაკავშირებით კრიტიკა წამოვიდა როგორც რადიკალური ოპოზიციის, ისე მათი უცხოელი მხარდამჭერების მხრიდან.

სინამდვილეში ჩვენ გვჭირდება სერიოზული ზომების მიღება იმისთვის, რომ საზოგადოების მსოფლმხედველობა შეიცვალოს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე და ზოგადად, ისეთი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს დემოგრაფიული პროცესების დადებითი მიმართულებით განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.

განაგრძეთ კითხვა