სელაჰატინ ფაშალი ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მსახიობია, რომლის შესრულებაც მაყურებლის გულთან მიდის. მისი სახელი ახლა არა მხოლოდ თურქი, არამედ საერთაშორისო აუდიტორიისთვისაც ნაცნობია, მით უმეტეს ახლა, როცა ორჰან ფამუქის გახმაურებული რომანის - "უმანკოების მუზეუმის" ეკრანიზაციაში გამოჩნდა.

ფაშალი 1990 წლის 2 თებერვალს დაიბადა თურქეთის ქალაქ ბოდრუმში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. მომავალი მსახიობი მშობლებმა მის უფროს ძმასთან ერთად გაზარდეს.
ბავშვობაში სელაჰატინი კალათბურთელი იყო და 14 წლის ასაკში ოფიციალურ გუნდშიც თამაშობდა. ახალგაზრდა სპორტსმენმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია და საბოლოოდ გუნდის კაპიტანიც გახდა. თუმცა მოგვიანებით პროფესიული კარიერის გაგრძელებაზე გადაიფიქრა.
უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ, ბუდაპეშტში მიიღო, სადაც გართობის მენეჯმენტს სწავლობდა. შემდეგ თურქულ თეატრალურ სტუდიაში „კრაფტ ატოლიეში“ სამსახიობო ხელოვნებას მიჰყო ხელი.

2017 წელს, ახალბედა მსახიობმა მიიღო თავისი პირველი კინოროლი, ალფ სუნგურის მეორეხარისხოვანი როლი სერიალში „გულისცემა“. ერთი წლის შემდეგ, გამოჩნდა არდა ოზკანის როლში ფილმში „ერთი იმედი კმარა“, 2019 წელს კი - მელოდრამაში „ლაქა“.
შესრულების განსაკუთრებულმა მანერამ, ემოციურობამ, დამაჯერებლობამ და გულწრფელობამ ის ბევრისთვის საყვარელ მსახიობად აქცია.
2020 წელი ფაშალასთვის ნამდვილად გადამწყვეტი იყო - საერთაშორისო აუდიტორია მოიპოვა თინეიჯერული სერიალის „სიყვარული 101“ მონაწილეობით, რომლის პრემიერაც Netflix-ზე 2020 წლის აპრილში შედგა.
2022 წელს პროკურორ ემრეს როლით შეასრულა სრულმეტრაჟიან დრამატულ თრილერში „დამწვარი დღეები“, რომლის რეჟისორიც ემინ ელპერია. ფილმის პრემიერა 2022 წლის კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ის Queer Palm Award-ზე იყო ნომინირებული, შემდეგ კი თურქეთში ანტალიის ოქროსფერი ფორთოხლის კინოფესტივალზე აჩვენეს.

იმავე წელს ის Netflix-ის კიდევ ერთ პროექტში, „შუაღამე პერას სასახლეში“ გამოჩნდა, სადაც მთავარი როლი შეასრულა. სერიალმა მაღალი რეიტინგი მიიღო და მეორე სეზონისთვის განახლდა.
2023 წელს მსახიობმა მელოდრამაში „ომერი“ ითამაშა, გიოქჩე ბაჰადირთან ერთად. 2025 წელს მრავალსერიან სერიალში „შური“ გამოჩნდა, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ოზგუ ნამალი, მეჰმეთ გიუნსური და ბერილ პოზამი.
„მე სრულიად განსხვავებულ ადამიანებს ვთამაშობ და მთლიანად ვარ ჩაძირული პერსონაჟში. ვცდილობ, გავიგო პერსონაჟი, რომელსაც ვთამაშობ, სოციოლოგიური, ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური პერსპექტივიდან. ვატარებ ისტორიულ კვლევას იმ პერიოდის შესახებ, რომელშიც სცენარი ვითარდება. კვლევის სიღრმე თითოეული როლისთვის განსხვავებულია. ამ ყველაფრის შემდეგ, ვჩერდები და ყველაფერს ჩემს ქვეცნობიერში ვაანალიზებ. და ბოლოს, ვიწყებ ჩემს სამსახიობო უნარებზე მუშაობას“, - ამბობს სელაჰატინი როლებისთვის მზადების შესახებ.
რაც შეეხება ფაშალის პირად ცხოვრებას, ცნობილია, რომ ის ბედნიერად არის დაქორწინებული თანამემამულე მსახიობ ლარა თიუმერზე. მათი ქორწილი 2022 წლის გაზაფხულზე შედგა და იმავე წელს, ივლისში, მისმა მეუღლემ გააჩინა ქალიშვილი, ლეილა.
