ოჯახში გულახდილი და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ფუფუნება კი არა, აუცილებლობაა. განსაკუთრებით ბავშვებისთვის, რომელთაც უსაფრთხოების საბაზისო შეგრძნება სჭირდებათ.
მაგრამ რა უნდა ქნას მშობელმა, თუ შვილი არ უზიარებს თავის განცდებს, ჩაიკეტა და აქტიური კონტაქტი აღარ უნდა?
როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა ბავშვთან, როდესაც ის „იკეტება“.
ბავშვები, ისევე როგორც უფროსები, განსხვავდებიან ტემპერამენტით. ზოგს უადვილდება გრძნობების გამოხატვა, ზოგი ყველაფერს გულში იკლავს. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ბავშვი, მშობელი როცა ამჩნევს მის ქცევაში ცვლილებებს, ცდილობს მიზეზის გარკვევას.
არსებობს საგანგებო შემთხვევებიც, როცა აუცილებელია სპეციალისტის ჩართვა. აქ კი ვისაუბრებთ იმ სიტუაციაზე, როცა ნდობაზე დაფუძნებული, გულწრფელი საუბარია საჭირო.
მშობლის წინაშე დგას ორი მთავარი ამოცანა:
თავად მოემზადოს საუბრისთვის;
დაეხმაროს ბავშვს გულის გადაშლაში.
ამისთვის სწორი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
სანამ „დახურულ კარზე“ დააკაკუნებთ, მნიშვნელოვანია, თავად მიხვიდეთ კონსტრუქციულ მდგომარეობამდე — მშვიდად უნდა იყოთ და მოემზადოთ მისი სამყაროს მიღებისთვის.
პირველ რიგში, დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: კონკრეტულად რა არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს? როგორ იქცევა თქვენი შვილი?
აღწერეთ ქცევა მაქსიმალურად კონკრეტულად — მხოლოდ ის, რასაც ხედავთ და ისმენთ, ინტერპრეტაციების გარეშე. მაგალითად: „ჩემი შვილი აღარ მელაპარაკება, არაფერს მიყვება საკუთარი სურვილით, კითხვებზე მოკლედ პასუხობს.“
შემდეგ დაფიქრდით:
რატომ გაღელვებთ ეს?
რა შიშები და ეჭვები გაქვთ?
რა შეიცვლება უკეთესობისკენ, თუ სიტუაცია გამოსწორდება — თქვენთვის და ბავშვისთვის?
ეს ქცევა ერთ კონკრეტულ მოვლენას უკავშირდება, თუ ნელ-ნელა ჩამოყალიბდა?
ეს ნაბიჯი აუცილებელია, რათა ემოციების ნაცვლად ფაქტებზე დაყრდნობით იმოქმედოთ.
ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვს დახმარება სჭირდება, მაგრამ ბავშვმა მშობლების ჩარევა შეიძლება ზეწოლად აღიქვას და უფრო გაუცხოვდეს.
ჰკითხეთ საკუთარ თავს:
ბავშვის ადგილას რომ ვიყო, რისი შემეშინდებოდა ამ საუბარში?
ჩემი სიტყვები მხარდაჭერად აღიქმება თუ ზეწოლად?
როგორ ჩანს ჩემი მცდელობები მისი გადმოსახედიდან?
თუ ბავშვმა ჩათვალა, რომ გინდათ დაამტკიცოთ მისი „არასწორობა“ ან „უღირსობა“, ის ბუნებრივად დაიცავს თავს — და კარი უფრო მჭიდროდ დაიხურება.
მთავარი კითხვა: რა არის ჩემი ნამდვილი მიზანი — გავიგო და გავუგო, თუ ვთქვა ჩემი აზრი და მოვახდინო გავლენა?
სწორი მოტივი არის სურვილი — გაიგოთ.
როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ არ აპირებთ განსჯას ან დამოძღვრას, მას უჩნდება უსაფრთხოების შეგრძნება. სწორედ ეს შეგრძნება ხსნის კარს.
იფიქრეთ, როგორ უთხრათ ბავშვს, რომ გინდათ მხოლოდ მისი გაგება, და არა კონტროლი.
როცა საკუთარ თავზე მუშაობთ, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი.
თუ ბავშვი საკმარისად დიდია, ჰკითხეთ პირდაპირ:
„მე ძალიან მაწუხებს, რომ ბოლო დროს კითხვებზე მოკლედ მპასუხობ. მგონია, რაღაც გაწუხებს. შეიძლება ახლა ამაზე ვისაუბროთ?“
იყავით მზად პასუხისთვის — „არა“.
ამ შემთხვევაში:
შეთანხმდით სხვა დროზე;
აუცილებლად დაუბრუნდით საუბარს;
თუ კვლავ გაურბის შეთანხმებას, სცადეთ გაარკვიოთ, რატომ.
ამ მიზეზის გააზრების გარეშე მთავარი საკითხისკენ ვერ გადახვალთ.
როდესაც შვილი იწყებს საუბარს — ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია.
მოიქეცით ასე:
არ შეაფასოთ;
არ მისცეთ დაუკითხავი რჩევები;
არ სცადოთ „უფრო ჩაღრმავება“, ვიდრე ბავშვი მზად არის.
თქვენი სიტყვებითა და ქცევით აჩვენეთ, რომ აფასებთ მის გულახდილობას.
შეგიძლიათ თქვათ: „ვფიქრობ, შეიძლება რამე სასარგებლო გირჩიო, თუ მოგინდება, მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ მოგისმინო.“
აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა ნდობისთვის.
ნამდვილი დიალოგი ერთ დღეში არ ყალიბდება. საჭიროა:
თანმიმდევრულობა;
მოთმინება;
სიხარული მცირე პროგრესზეც კი.
თუ თქვენი აზრით სიტუაცია სერიოზულია, მეტ ძალისხმევას მოითხოვს — მაგრამ დაჟინებულობა ყოველთვის უნდა იყოს დაბალანსებული პატივისცემითა და საზღვრების დაცვით.
როდესაც ბავშვი დარწმუნდება, რომ ნამდვილად გინდათ მისი გაგება და დახმარება — კარი თანდათან გაიღება.
და სწორედ ეს არის მშობლის მთავარი გამარჯვება.