რუსეთში ცნობილმა მრავალცოლიანმა ივან სუხოვმა 31-ე შვილის მამობა იზეიმა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მისმა ადვოკატმა საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით — შეწყდეს სუხოვის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე.
ადვოკატის, ალექსანდრ პოჩუევის განცხადებით, სუხოვს ვაჟი შეეძინა და ამ „საზეიმო“ ფაქტთან დაკავშირებით მან ოფიციალურად ითხოვა ხანგრძლივად მიმდინარე გამოძიების დასრულება. საქმე ეხება არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო გარყვნილ ქმედებებს, რომლის შესახებაც განცხადება სუხოვის უფროსმა ქალიშვილმა გააკეთა.
41 წლის ივან სუხოვის წინააღმდეგ საქმე გასული წლის სექტემბერში აღიძრა. მას საფუძვლად დაედო მისი 19 წლის ქალიშვილის, ანა სუხოვას საჯარო განცხადებები, რომლებიც მან სატელევიზიო თოქ-შოუში გააკეთა.
ანა ამტკიცებდა, რომ მამამ 14 წლიდან დაიწყო მისთვის „სექსუალური განათლების“ მიცემა, აიძულებდა არასათანადო შეხებას, ასევე ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას, მათ შორის დახრჩობის მცდელობას და ანალოგიურ ქმედებებს სხვა შვილების მიმართაც ჩადიოდა.
სუხოვი ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, მედია „მანიპულირებს ავადმყოფი ბავშვით“ პოპულარობისა და ფინანსური სარგებლის მიზნით. მოგვიანებით ანამ განაცხადა, რომ მამა მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მის პოზიციას დედამაც დაუჭირა მხარი.
ადვოკატის თქმით, საქმე უკვე მეხუთე თვეა წინასწარი გამოძიების ეტაპზეა. იგი ამტკიცებს, რომ ბრალდების მხარეს საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია და აღნიშნავს, რომ სუხოვი ამ დროის განმავლობაში ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით იმყოფება. მისივე განცხადებით, ოჯახი ინტერნეტში კრიტიკისა და შეურაცხყოფის სამიზნეა და მძიმე მორალურ ზეწოლას განიცდის.
ამასთან, სუხოვის მიერ ცილისწამების შესახებ შეტანილი საპასუხო სარჩელის გამოძიება დროებით შეჩერებულია.
ივან სუხოვი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 2024 წლის დეკემბერში მიცემული ინტერვიუს შემდეგ, სადაც განაცხადა, რომ 30 ბავშვის მამაა 12 სხვადასხვა ქალისგან. კაცი 3 ცოლთან და 14 შვილთან ერთად სამოთახიან ბინაში ცხოვრობს.

ბინაში საკუთარი ოთახი მხოლოდ ივანს აქვს. კაცი ამბობს, რომ ოჯახში მთავარი თავადაა და ყველა პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. თავად წყვეტს, რომელ ქალთან ექნება ინტიმური ურთიერთობა და ქალებს ამის გაპროტესტების უფლება არ აქვთ. მამაკაცს რამდენიმე ბინა და კარგი შემოსავალი აქვს, თუმცა თანხას ოჯახის წევრებისთვის სრულად არ იყენებს.

სუხოვის ყოფილი მეუღლე, რომელმაც სამი შვილით მასგან თავის დაღწევა შეძლო, ამტკიცებდა, რომ იგი რთულ მდგომარეობაში მყოფ ქალებს ეძებს, მათზე ძალადობს, ბავშვებს სცემს და მათი სოციალური დახმარებებით ცხოვრობს. ამ ბრალდებებს სუხოვი უარყოფს. მისი ერთ-ერთი ამჟამინდელი „მეუღლე“ საჯაროდ გამოესარჩლა მას.
რუსეთში მრავალცოლიანობა აკრძალულია. მიუხედავად ამისა, სუხოვი აქტიურად ქადაგებს „მართლმადიდებლურ მრავალცოლიანობას“ და საკუთარ თავს სულიერი ღირებულებების დამცველად მიიჩნევს.
მისი იდეები გარკვეულ წრეებში მხარდამჭერებსაც პოულობს — გავრცელებული ინფორმაციით, უკვე არსებობს ჯგუფი, რომელიც მისი შეხედულებების საფუძველზე სასწავლებლის შექმნას გეგმავს.