"პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ ბავშვებს, რომლებიც, ტერიტორიული პრინციპით, კონკრეტულ სკოლასთან ახლოს ცხოვრობენ" - რა სიახლეებია პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში - მშობლები

"პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ ბავშვებს, რომლებიც, ტერიტორიული პრინციპით, კონკრეტულ სკოლასთან ახლოს ცხოვრობენ" - რა სიახლეებია პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში

2026-02-19 11:10:59+04:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები გამოაქვეყნა. წელს რეგისტრაციის პროცესს კიდევ ერთი ეტაპი ემატება. კერძოდ, საყოველთაო რეგისტრაციამდე, მშობელს შეუძლია, შვილი ტერიტორიული პრინციპით, სახლთან ახლოს მდებარე სკოლაში დაარეგისტრიროს. ცვლილება, ჯერჯერობით, 12 დიდ ქალაქს ეხება. თემის შესახებ გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი საუბრობს:

- მესამე ეტაპზე აქამდე საყოველთაო რეგისტრაცია გვქონდა. მაგრამ, ვიდრე საყოველთაო რეგისტრაციას დავიწყებთ, ემატება რეგისტრაცია, ტერიტორიული პრინციპით. ეს დიდი მიღწევაა. წლების განმავლობაში სულ გვინდოდა, ამ მიმართულებით ნაბიჯი გადაგვედგა. ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველვყოთ. სულ იყო მშობლების პრეტენზია და ამბობდნენ: "გასაგებია, ყველას აძლევთ შესაძლებლობას, ნებისმიერ სკოლაში დარეგისტრირდეს, მაგრამ როდესაც ყურის ძირში მაქვს სკოლა, ამ სკოლაში დარეგისტრირებას ვერ ვახერხებ, რატომ არ შეიძლება, პრიორიტეტი მომცეთ?" ამიტომ, ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია გულისხმობს სწორედ ამას. ამჯერად მხოლოდ 12 ქალაქს ეხება. მათ შორის, 4 ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ე.წ. დაუბნება მოხდება. მაგალითად, თბილისში 10 უბანი გვექნება. 4 ქალაქში დაუბნება, დანარჩენ ქალაქებში ტერიტორიული პრინციპით, ანუ ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში მოხდება პრიორიტეტიზაცია.

ვიდრე საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება და ყველას ექნება შესაძლებლობა, დარჩენილ ადგილებზე რომელ სკოლაშიც უნდა, იქ დარეგისტრირდეს, პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ ადამიანებს, რომლებიც, ტერიტორიული პრინციპით, კონკრეტულ სკოლასთან ახლოს ცხოვრობენ.

1-ელი აპრილის მდგომარეობით, რეესტრში, სადაც ვიქნებით ჩაწერილი და დაფიქსირებულები, ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის დროს, რასაკვირველია, ამ მონაცემს ავიღებთ. მშობელს, რომელსაც სურს, შვილი სახლთან მდებარე სკოლაში მიიყვანოს და მას მენიუში ამოუვიდეს ეს სკოლა და კიდევ რამდენიმე სკოლა, რომლებიც მის უბანში, სახლთან ახლოსაა, აუცილებელია, ბავშვი 1-ელ აპრილამდე კონკრეტულ ადგილზე იყოს დარეგისტრირებული.

თუმცა, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ იმას, რომ ეს შესაძლოა, ყველამ ვერ მოახერხოს ან ისეთ სკოლაში უნდოდეს ადამიანს მოხვედრა, რომელთან ახლოსაც არ ცხოვრობს. მე-4 ეტაპი, საყოველთაო რეგისტრაცია ამის შესაძლებლობას იძლევა. 80% ტერიტორიული პრინციპის დროს იქნება ხელმისაწვდომი.

შშმ პირებისა და და-ძმის რეგისტრაციის დროს საბუთები სკოლაში მიგვაქვს. მე-3 ეტაპზე ელექტრონული რეგისტრაცია გვაქვს. მენიუ ჩვენი ჩაწერის მიხედვით ამოდის. მაგრამ, ასივე პროცენტს არ ვიყენებთ. 20% საყოველთაო რეგისტრაციის დროს რჩება.

საყოველთაო რეგისტრაცია 15 ივნისიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. აქაც რეგისტრაცია ელექტრონულია.

მას შემდეგ, რაც ოთხივე ეტაპს გავივლით - შშმ პირების რეგისტრაცია, და-ძმის რეგისტრაცია, ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია, საყოველთაო რეგისტრაცია დასრულდება, მე-5 ეტაპი გვაქვს. აქამდეც გვქონდა, უბრალოდ, მე-4 ეტაპი ერქვა. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებული და დამატებული ადგილები განიხილება. შესაძლოა, დავრეგისტრირდეთ, მაგრამ მერე შევცვალოთ ან სკოლას გამოუთავისუფლდეს ადგილი, ის ვალდებულია, მე-5 ეტაპზე გვაჩვენოს, რა ადგილები აქვს გამოთავისუფლებული. მე-5 ეტაპზე დამატებული და გამოთავისუფლებული ადგილების მიხედვით ხდება რეგისტრაცია. ვთქვათ, სასურველ სკოლაში ვერ დავრეგისტრირდით. ტერიტორიული პრინციპიც გავიარეთ, საყოველთაო რეგისტრაციაც გავიარეთ და ჩვენს სასურველ სკოლაში მაინც ვერ დავრეგისტრირდით. ასეთ შემთხვევაში, ველოდებით მე-5 ეტაპს, გამოთავისუფლებულ ადგილებს და თუ მაინც არ არის სასურველ სკოლაში ადგილი, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ბავშვი შეიძლება, სასურველ სკოლაში ვერ დავარეგისტრიროთ, მაგრამ ახლომდებარე სკოლაში აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს.

შემდეგ, წლის განმავლობაში, თავისუფალი ადგილები გამოჩნდება ხოლმე და მობილობით გადასვლა შესაძლებელია. მაგრამ, ზოგადი განათლების მიწოდება შეუფერხებლად უნდა უზრუნველვყოთ.

როგორც ცნობილია, 2026-2027 სასწავლო წლიდან პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. სიახლემ მშობლებში პროტესტი გამოიწვია. მათი ნაწილი ითხოვს, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი, პირველ კლასში რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცეთ. ამ თემაზე თამარ მახარაშვილი აღნიშნავს:

-აქამდე 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებულების სკოლაში შესვლა სავალდებულო იყო. ხოლო, 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სასურველი. სასურველობის ნაწილში, სტატისტიკა რომ მოგახსენოთ, საბავშვო ბაღში, დაახლოებით, 50% რჩებოდა, 50% სკოლაში შემოდიოდა. იმ მოკვლევებით, რომლებიც ვნახეთ, ერთ დღეს, ერთ კვირას, სამ კვირას, ბავშვების ძილიანობიდან დაწყებული, მზაობით, ხასიათით, დამოკიდებულებით დამთავრებული, ამ პერიოდს დიდი მნიშვნელობა აქვს. რატომაა ასეთი განცდა, თუ ბავშვი საბავშვო ბაღში ან პრე-სქულში დარჩება, ის დაჩაგრული გამოვა. ბავშვებს დავაცადოთ ბავშვობა. როცა ექნება მზაობა, სკოლაში მაშინ უნდა შემოვიყვანოთ.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვი თავიდანვე წარმატებულად ჩაერთოს სასწავლო პროცესში, პირველკლასელისთვის გაკვეთილები არ იყოს მოსაბეზრებელი და არ ჩამორჩეს საგაკვეთილო პროგრამას? - თამარ გაგოშიძე