"ისინი სხვა ბავშვებთან ერთად რუსთავიდან იყვნენ ჩამოსულნი, ანსამბლის წევრები არიან" ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სასტუმრო "არმაზში" გაჩენილი ხანძრის დროს სამი ბავშვი დაიწვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განუცხადა, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის დროს სასტუმრო დაიწვა და სამი ბავშვის შენობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.
"გამთენიისას ხანძარი გაჩნდა სასტუმროში, სამწუხაროდ, სამი ბიჭი დაიწვა, ისინი სხვა ბავშვებთან ერთად რუსთავიდან იყვნენ ჩამოსულნი, ანსამბლის წევრები არიან", - აღნიშნა სულხან ევგენიძემ.
დაღუპულები 10-11 წლის ბავშვები არიან.
გადარჩენილი 31 ბავშვი და მშობლები ქობულეთში, მეზობელ სასტუმრო "სავანეში" არიან გადაყვანილები, ხოლო პედაგოგები დაკითხვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება.
ერთ-ერთი მშობლის, თინათინ გოგიშვილის თქმით, ხანძარი გამთენიისას გაჩნდა და ბავშვების გამოყვანა პირადი ნივთების გამოტანის გარეშე, სწრაფი ტემპით განახორციელეს.
"ხანძარი რამ გამოიწვია, არ ვიცით, მაგრამ ძალიან სწრაფად გავრცელდა. ძალიან ცუდი რამ შეგვემთხვა. ბავშვები, რომლებიც დაიღუპნენ, მათი ნომერი სასტუმროს მეორე ნაწილში იყო. ჩვენ გაღვიძებისთანავე ვცდილობდით ბავშვების გამოყვანას. ჩაუცმელები და ყოველგვარი ნივთების გარეშე, ყველანი ჩქარა გამოვედით სასტუმროდან, ხანძარი სწრაფად გავრცელდა. ფაქტობრივად, ცეცხლმოკიდებულები გამოვედით შენობიდან", - განაცხადა თინათინ გოგიშვილმა.
როგორ გადარჩენილი ბავშვები ვარაუდობენ, ხანძარი იმ კონდენციონერს გაუჩნდა, რომელიც დაღუპული
ბავშვების ოთახში იყო ჩართული. ბავშვები ამბობენ, რომ ეს ვარაუდები მათ უფროსებისგან მოისმინეს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნუგზარ სურმანიძის თქმით, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან, გარდაცვლილი 3 ბავშვი ბათუმის პროზექტურაში არიან გადასვენებული.
რუსთავიდან ქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლები უკვე ჩავიდნენ. ისინი ბავშვების პედაგოგებსა და იმ მშობლებს, რომლებიც ბავშვებს თან ახლდათ, ადანაშაულებენ, რომ მოზარდებს შესაბამისი ყურადღება არ მიაქციეს.
დაღუპული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ თუ სასტუმრო "არმაზს" ტექნიკური პრობლემები ჰქონდა, ბავშვები არ უნდა მიეღო. დაღუპული ბავშვების მშობლები შეუძლოდ გახდნენ და ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
ხანძრის დროს სასტუმროში რუსთავის ანსამბლ "სიხარული 2"-ის ბავშვები იმყოფებოდნენ.
"ინტერპრესნიუსი"