როგორ გამოვიყენოთ და მოვამზადოთ შვრია სწორად, რომ მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებები არ დავკარგოთ - მარი მალაზონია საუბრობს - მშობლები

როგორ გამოვიყენოთ და მოვამზადოთ შვრია სწორად, რომ მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებები არ დავკარგოთ - მარი მალაზონია საუბრობს

2026-02-19 12:11:44+04:00

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონიაგადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია"საუბრობს, როგორ გამოვიყენოთ და მოვამზადოთ შვრია სწორად, რომ მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებები არ დავკარგოთ:

- ტირაჟირებულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვრია კალციუმსა და აუცილებელ მინერალებს გვაკარგვინებს და მისი მოხმარება კატეგორიულად არ შეიძლება. მოდი, გავარკვიოთ, ეს მართლა ასეა თუ - არა.

დიახ, შვრიაში არის ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება, მინერალების დაკარგვას ხელი შეუწყოს. მაგრამ, აქ დაკარგული აღმოჩნდება არა მარტო კალციუმი, არამედ მაგნიუმი, თუთია და ნებისმიერი მინერალი, კალციუმთან ერთად. მასში განსაკუთრებული ჯგუფის ნივთიერებაა, რომელსაც ფიტინის მჟავა ჰქვია. უფრო ზოგადად, ფიტატებს ვეძახით ხოლმე. ასეთი ნივთიერებების ერთი ოჯახია, რომელიც კიდევ უფრო დიდ ოჯახში ერთიანდება და მას ანტინუტრიენტები ჰქვია.

ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი ნუტრიენტი ანუ საკვები ნივთიერებაა და დიდი რაოდენობით გვჭირდება. საკვებ რაციონში ასევე მიკრონუტრიენტები გვაქვს. ეს გახლავთ მინერალები, ვიტამინები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ეს ნივთიერებები ენერგიის წყარო არ არის, მაგრამ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

შეიძლება, ნებისმიერ საკვებ პროდუქტში იყოს გაფანტული ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ძალიან კარგი საკვები ნივთიერებების შეთვისებას ეწინააღმდეგება.

მარტივად რომ ვთქვათ, შვრიაში ნუტრიენტები, ჩვენთვის საჭირო პროდუქტები გვაქვს. ამავე პროდუქტში, ერთდროულად, ამ პროდუქტების მიმართ წინააღმდეგობრივად განწყობილი და ამ საკვები ნივთიერებების დამკარგავი მოლეკულები გახლავთ. შვრიის შემთხვევაში, ამას ფიტინის მჟავა ჰქვია.

თუ ჩვენ ვიტყვით, რომ გამომშრალ ლობიოში არის რკინა და მასში არსებული ფიტინის მჟავა ამ რკინას დაგვაკარგვინებს... თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ბროკოლიში სულფორაფანია, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობისათვის ძალიან სასარგებლოა. ის წინამდებარე ჯირკვლის კიბოს თავიდან აცილებაში უზარმაზარ როლს ასრულებს, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ის ანტინუტრიენტია და მისი დამსახურებით, შეიძლება, უამრავი ნივთიერება დაიკარგოს.

მაშინ, სად არის გამოსავალი? ყველა ამ პროდუქტზე უარი უნდა ვთქვათ? გამოსავალი არსებობს. დღეს დანამდვილებით ვიცით, თუ შვრიას, ლობიოს, ნებისმიერ მარცვლეულს, ბურღულეულსა და პარკოსანს სწორად მოვამზადებთ, შევძლებთ, საკვები ნივთიერებები ანტინუტრიენტებისაგან დავიცვათ.

მარტივი მეთოდი არსებობს. ჩვენმა წინაპრებმა არც ბიოქიმია იცოდნენ, არც ნუტრიენტები, არც ანტინუტრიენტები და არც მტკიცებითი მედიცინის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. ისინი მარცვლეულ-ბურღულეულს, ლობიოს ალბობდნენ...

გავიხსენოთ, ლობიოს წინასწარი ჩალბობა, კერძის მომზადებამდე. მაგალითად, კორკოტისა და წანდილის მომზადებისთვის, ხორბლის მარცვლის წინასწარ ჩალბობა და ასე შემდეგ. უფრო ადვილად შეთვისებადი და უფრო ნაკლები დისკომფორტის მომგვრელი იყო.

მაგრამ, ამავე დროს, ამ ტექნოლოგიაში საიდუმლოა - ფიტინის მჟავის დანაკარგი იზრდება და საკვებ ნივთიერებებს ნაკლები საფრთხე ემუქრება.

არის ჩალბობა, დუღილი და თერმული დამუშავება, რომელიც ფიტინის მჟავის რაოდენობას მინიმუმამდე ამცირებს. შესაბამისად, ეს პროდუქტები რაციონიდან კი არ უნდა ამოვიღოთ, სწორად უნდა დავამუშაოთ.

თუ თქვენ გადაწყვეტილი გქონდათ, რომ 1 ჭიქა რძიანი შვრიის ფაფა მიგერთმიათ, ასეთ არჩევანს გთავაზობთ. მოამზადეთ ეს ფაფა. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, რძიანი ფაფის ნაწილი დატოვეთ ნახევარი, მეორე ნახევარი სეზონური ხილით შეავსეთ. კიდევ უკეთესი იქნება, თუ ამ პროდუქტებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტით ავარჩევთ. მაგალითად, კენკრის გამოყენებით. ეს იქნება ის განსაკუთრებული საიდუმლო, რომელიც, ერთი მხრივ, ყველა სასარგებლო ნივთიერების ორგანიზმში მოხვედრას ხელს შეუწყობს, მეორე მხრივ, აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს არ დაგვაკარგვინებს.

ასაკთან ერთად, ქალმა მარილის მოხმარება უნდა შეამციროს... - მარი მალაზონია საუბრობს, რა სჭირდება ქალის ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის
მას შეუძლია, ჩვენი ორგანიზმიდან კანცეროგენები გამოიტანოს, რომელიც საკვებით მოხვდა ან საკვების გადამუშავების შედეგად ჩამოყალიბდა ორგანიზმში - მარი მალაზონია