რა შეიძლება, ხანგრძლივი დროით კალციუმის ნაკლებობამ გამოიწვიოს და რამდენად რეკომენდებულია, პროფილაქტიკის მიზნით, მისი მიღება - სპეციალისტი განმარტავს - მშობლები

რა შეიძლება, ხანგრძლივი დროით კალციუმის ნაკლებობამ გამოიწვიოს და რამდენად რეკომენდებულია, პროფილაქტიკის მიზნით, მისი მიღება - სპეციალისტი განმარტავს

2026-02-19 13:09:25+04:00

ენდოკრინოლოგი, ასისტენტ-პროფესორი, თეა ხუროძე, გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა შეიძლება, გამოიწვიოს ხანგრძლივი დროით კალციუმის ნაკლებობამ:

- კალციუმი თუ დაბალია, სისხლში ფოსფორი დიდი რაოდენობითაა. ხანგრძლივად, მაღალი დონის ფოსფორმა შესაძლებელია, თავის ტვინში, ბაზალურ განგლიებში კალციფიკატები გააჩინოს და ამის ხარჯზე გულყრა განვითარდეს. პაციენტი, ჰიპოკალცემიის გამო, ნევროლოგიურ კლინიკაში მოხვდეს და იქ დიაგნოსტირდეს, რომ გულყრა არა ეპილეფსიური, არამედ კალციუმის ხანგრძლივი დეფიციტის ფონზე განვითარებული გარკვეული ნეიროგენული ცვლილებებითაა გამოწვეული. ამიტომ, დიაგნოსტიკა ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია.

- პროფილაქტიკის მიზნით დამატებითი კალციუმი უნდა მივიღოთ თუ არა?

- კალციუმის ნორმალიზებისთვის იმხელა მართვის სისტემაა, რა თქმა უნდა, დამატებით, მუდმივად კალციუმის მიღება არც ერთ ასაკობრივ ჯგუფს არ სჭირდება. თუ D ვიტამინის დეფიციტი გამოვლინდა, შევავსოთ D ვიტამინი. თუ მაგნიუმის დეფიციტი გამოვლინდა, შევავსოთ მაგნიუმი. მხოლოდ სპეციფიკური პრობლემების დროს საჭიროებს ორგანიზმი დამატებით კალციუმის მიღებას, რომ ორგანიზმში კალციუმის ჰომეოსტაზის მართვა სათანადოდ მოხდეს.

ასაკობრივ და გენდერულ ჭრილში ამას უფრო აქტიურად უნდა მივაქციოთ ყურადღება იმიტომ, რომ მოზარდობის ასაკში ორგანიზმი ყველაზე დიდი რაოდენობის კალციუმს საჭიროებს. ასევე, ხანდაზმულობის ასაკში, ჰორმონალური ცვლილებებიდან გამომდინარე, კალციუმის ცვლაზე გარკვეული ზეგავლენა ხდება. ესტროგენის დეფიციტია, განსაკუთრებით ქალბატონებში, ოსტეოპოროზის მაღალი რისკია, ამ შემთხვევაშიც მინიმალური დეფიციტის კალციუმი და მასთან დაკავშირებული თითოეული რგოლის მოშლის შემთხვევაში დროული ჩართვა და კორექცია, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.