2004 წლის 25 აგვისტოს რუსეთში ავიაკატასტროფას 89 ადამიანი ემსხვერპლა. თითქმის ერთსა და იმავე დროს, ორი თვითმფრინავი ჰაერში მოულოდნელად აფეთქდა. ეს აფეთქება შეჯახებას არ უკავშირდება. ბორტზე მყოფი ადამიანებიდან ვერავინ გადარჩა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ორივე კატასტროფა ტერაქტის შედეგი იყო, რომელიც ორმა თვითმკვლელმა ქალმა (შაჰიდმა) განახორციელა…
ის ფაქტი, რომ ორმა ქალმა ბორტზე ასაფეთქებელი საშუალებების შეტანა და მათი აფეთქება შეძლო, ყველასთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ეს ტრაგედია აეროპორტის თანამშრომლების დაუდევრობითა და კორუფციით იყო გამოწვეული. როგორც ცნობილია, ტერორისტებს ბორტზე ასვლის შესაძლებლობა სწორედ მათ მისცეს.

24 აგვისტოს, საღამოს მოსკოვის დომოდედოვოს საერთაშორისო აეროპორტიდან სოჭის მიმართულებით ავიაკომპანია Siberia Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავი, "ტუ-154" აფრინდა. ბორტზე 46 ადამიანი იმყოფებოდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ, იმავე აეროპორტიდან ვოლგოგრადის მიმართულებით "ტუ-134" აფრინდა, რომელიც ავიაკომპანია Volga-AviaExpress-ს ეკუთვნოდა. ამ რეისზე 43 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.
აფრენიდან, დაახლოებით, ერთი საათისა და ოცი წუთის შემდეგ "ტუ-154" რადარებიდან გაუჩინარდა. ეკიპაჟმა მანამდე ავარიული სიგნალის გადაცემა მოასწრო. რამდენიმე წუთში კავშირი მეორე თვითმფრინავთანაც დაიკარგა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ტექნიკური გაუმართაობა ან ამინდის პირობები შეიძლებოდა, მიზეზი გამხდარიყო, თუმცა მალევე გაირკვა, რომ საქმე ტერაქტთან ჰქონდათ…
"ტუ-134"-ის ნამსხვრევები ტულის ოლქის სოფელ ბუჩალკის მახლობლად იპოვეს. "ტუ-154"-ის ფრაგმენტების უმეტესობა როსტოვის ოლქის სოფელ გლუბოკის მახლობლად აღმოაჩინეს. ორივე თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა და ნამსხვრევები კილომეტრების მანძილზე მიმოიფანტა.
მეორე თვითმფრინავის აფეთქებამ სალონის დაუყოვნებლივი დაშლა გამოიწვია, რის შედეგადაც მგზავრებთან ერთად ჰაერში სავარძლების რიგები აცვივდა. მაშველებმა სავარძლებზე შეკრული ადამიანების ცხედრები აღმოაჩინეს. მათ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდათ. წნევის უეცარმა ცვლილებამ ყურის ბარაბნების დახეთქვა და სხვა არაერთი დაზიანება გამოიწვია.
"დილის 6:15 საათზე, პირუტყვის გამოსაკვებად გავედი. მიმოფანტული ნაკელის გროვა დავინახე, იქვე კი სამადგილიანი სამგზავრო სავარძელი ეგდო. ორზე ადამიანი იჯდა. დაახლოებით 35 წლის ქალი, ქერათმიანი, მის გვერდით კი, დაახლოებით, შვიდი წლის გოგონა, რომელსაც მხოლოდ წინდა და მაისური ეცვა. "ოლია“, - დავუძახე ჩემს მეუღლეს, - "სწრაფად დაურეკე პოლიციას - ხალხი თვითმფრინავიდან გადმოყარეს", - გაიხსენა იური ბოდრინმა, სოფელ კრუტაია გორკას მკვიდრმა.
ტუ-134-სა და ტუ-154-ს გამოცდილი პილოტები, მიხაილ გურიევი და იური ბაიჩკინი მართავდნენ. როგორც მოგვიანებით ჩანაწერებით გაირკვა, მათ ბოლომდე ვერ გაიგეს, რა მოხდა სალონში, მაგრამ ცდილობდნენ, თვითმფრინავები საცხოვრებელ შენობებს მოეშორებინათ და კიდევ მეტი ტრაგედია არ გამოეწვიათ.
დაღუპულთა ნათესავებს, რომლებიც იმ საბედისწერო ღამეს ვოლგოგრადის აეროპორტში შეიკრიბნენ, მაშინვე უთხრეს, რომ 99%-იანი ალბათობით, ეს ტერორისტული თავდასხმა იყო. არავის ჰქონდა გადარჩენის შანსი. იმავე დღეს დადასტურდა, რომ ფრენა ყოველგვარი წესების დაცვით ხორციელდებოდა, პილოტები კი თავიანთი საქმის დიდი პროფესიონალები იყვნენ.
ორი საათის შემდეგ გამომძიებლებმა ტრაგედიაში ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელეს. მათი ვერსიით, ტერაქტი ორმა ქალმა, ამინათ ნაგაევამ და საციტა ჯებირხანოვამ მოაწყო. მათი ცხედრები აფეთქების შემდეგ სრულად დანაწევრებული იყო.
გაირკვა, რომ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ძმისა და ქმრის გამო შური იძიეს.
ამინათ ნაგაევა, რომელსაც თავდასხმამდე ერთი თვით ადრე 30 წელი შეუსრულდა, ჩეჩნეთის სოფელ კიროვ-იურში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. სკოლა არ დაუმთავრებია და სახელის დაწერაც კი უჭირდა. ქალმა ძმები გაზარდა და ბაზარში, მოვაჭრედ მუშაობდა. ორი წლით ადრე, სანამ ამინათი ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ჩემოდნით თვითმფრინავში ავიდოდა, რუსეთის სადაზვერვო სააგენტოებმა მისი ძმა დააკავეს. ის ტერორისტებთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი. დამ გადაწყვიტა, მის გამო შური ეძია...
რაც შეეხება მეორე თვითმკვლელ ტერორისტს, რომელმაც ტუ-154-ზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ააფეთქა, ქალი 37 წლის იყო და ჩეჩნეთში, შალის რაიონში ცხოვრობდა. ის ადამიანებთან იშვიათად კონტაქტობდა, ამიტომ სოფლის მაცხოვრებლებს მის შესახებ არც კარგის თქმა შეეძლოთ და არც - ცუდის. გროზნოში სამსახურში დადიოდა, ბრუნდებოდა და მაშინვე სახლში იკეტებოდა. ხოლო როდესაც მისი ქმარი, ჩეჩენი მებრძოლი, გაუჩინარდა, ყველა სოციალური კავშირი მთლიანად გაწყვიტა. როგორც გამოძიებით დადგინდა, ამინათიც და საციტაც შამილ ბასაევის მიერ შექმნილ თვითმკვლელთა რაზმს - "შავ ქვრივებს“ თითქმის ერთდროულად შეუერთდნენ.
სხვათა შორის, თავდასხმიდან ერთი თვის შემდეგ, მგზავრების სიკვდილზე პასუხისმგებლობა სწორედ ქალების მეთაურმა აიღო. ბასაევი აცხადებდა, რომ ქალი თვითმკვლელები თავდაპირველად თვითმფრინავების აფეთქებას არ აპირებდნენ. მათი მიზანი თვითმფრინავების გატაცება და ჩეჩენი მებრძოლების მძევლებში გაცვლა და გროზნოდან ფედერალური ჯარების გაყვანა იყო.
23 აგვისტოს, ჯებირხანოვამ და ნაგაევამ თავიანთ ოჯახებს უთხრეს, რომ ბაქოში 1-ელი სექტემბრისთვის სკოლის ფორმების შესაძენად მიდიოდნენ. ჯერ ხასავიურტამდე მივიდნენ. იქიდან ტაქსით მახაჩკალაში წავიდნენ და მოსკოვში გაფრინდნენ. დომოდედოვოს აეროპორტში ორმა შავებში ჩაცმულმა ქალმა პატრულის თანამშრომლების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. მათ კონტრტერორისტულ დეტექტივს, მიხეილ არტამონოვს მიმართეს. თუმცა, არტამონოვმა მხოლოდ ქალების დოკუმენტები შეამოწმა და ისინი არ გაუჩხრეკია...
ისინი აეროპორტის თანამშრომელს, არმენ არუთინიანს მიუახლოვდნენ. მამაკაცი ავიაბილეთებს ყიდდა. ვოლგოგრადის ბილეთი ნაგაევას 170 დოლარი დაუჯდა. ჯებირხანოვამ სოჭის ბილეთი ორი ათას რუბლად იყიდა. უფრო მეტიც, იმ დროისთვის ასვლა უკვე დასრულებული იყო, მაგრამ არუთინიანს იმდენად სურდა ფულის შოვნა, რომ თვითმკვლელი ტერორისტი მეორე დღის რეისზე დაჯავშნა, შემდეგ კი, ავიაკომპანიის წარმომადგენლის, ნიკოლაი კორენკოვის დახმარებით, ის 24 აგვისტოს, ათას რუბლად შეცვალა.
ჩეჩენ ქალებს მთელი ამ ხნის განმავლობაში ასაფეთქებელი საშუალებები თან ჰქონდათ. ნაწილი სხეულზე ჰქონდათ ლენტით მიმაგრებული, ნაწილს კი ჩანთაში ინახავდნენ. მათი ბარგი არავის შეუმოწმებია... ისინი ბორტზე შეფერხების გარეშე მოხვდნენ.
ცნობილია ისიც, რომ 6 მგზავრი ამ ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩა. საცობის გამო, მათ ფრენაზე დააგვიანდათ და შესაბამისად, თვითმფრინავში ვეღარ მოხვდნენ.
თვითმფრინავების აფეთქებაში სამ ადამიანს ბრალი წაუყენეს. არმენ არუთინიანსა და ნიკოლაი კორენკოვს, რომლებიც ტერორისტებს თვითმფრინავის ბილეთების შეძენაში დაეხმარნენ, 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მიხეილ არტამონოვს, რომელმაც 89 ადამიანის სიკვდილში პასუხისმგებელი ქალების ჩხრეკაზე უარი თქვა, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა ეს სასჯელი მოგვიანებით ერთი წლით შეუმცირდა.
ერთი წლის შემდეგ, ტულას რეგიონში, ტუ-134-ის ჩამოვარდნის ადგილას, გატეხილი კუბის ფორმის მემორიალი აღიმართა და დაღუპულთა მონაცემები ამოიტვიფრა. ვოლგოგრადში, მოსკოვი-ვოლგოგრადის რეისის ეკიპაჟისა და მგზავრების ხსოვნის პატივსაცემად, არყის ხეივანი გაშენდა.
სამი წლის შემდეგ, როსტოვის რეგიონში, ტუ-154-ის ჩამოვარდნის ადგილას, ძეგლი აღიმართა. მემორიალის მასიურ ქვაზე დიდი შრიფტით მწერალ ევა ჰოფმანის ციტატაა ამოტვიფრული:
"გაუჩინარებულნი სრულად არ ქრებიან - ისინი ჩვენს სინდისში განაგრძობენ სიცოცხლეს. გამოუძიებელი დანაშაულები მარადისობაში არ იფანტება - ის იქვე რჩება, სადაც ჩაიდინეს და მძიმედ აწვება იმ საზოგადოებას, რომელმაც ჩაიდინა.“