როგორ ცხოვრობს ქალი, რომელიც 15 წელზე მეტია, ანორექსიით იტანჯება და 17 კილოგრამს იწონიდა - 33 წლის კრისტინას ისტორია - მშობლები

როგორ ცხოვრობს ქალი, რომელიც 15 წელზე მეტია, ანორექსიით იტანჯება და 17 კილოგრამს იწონიდა - 33 წლის კრისტინას ისტორია

2026-02-20 00:31:39+04:00

კრისტინა კორიაგინა 15 წელზე მეტია, ანორექსიით იტანჯება. 33 წლის ქალი ამბობს, რომ დღეს ყველაფერს აანალიზებს, სად და როდის დაუშვა შეცდომა, თუმცა გამოსწორებას ვეღარ ახერხებს…

"ყველას ვურჩევ, იცხოვრონ და არ დაივიწყონ საკვები, თორემ მოგვიანებით აღარაფერი გამოსწორდება", - ამბობს კრისტინა.

კრისტინამ დაწყებითი კლასების ბოლოს წონაში რადიკალურად კლება დაიწყო. იქამდე ის ჩვეულებრივი, ენერგიული და მხიარული ბავშვი იყო.

ktistina-koriagina-1-1771533364.jpg
კრისტინა კორიაგინა 2018 წელს

"ბავშვობაში ბებიაჩემის მიერ გამომცხვარი ღვეზელები განსაკუთრებით მიყვარდა. მსუქანი ვიყავი და ხალხი მსუქანს მეძახდა, მამაჩემიც კი. არა დაცინვით, არამედ ხუმრობით", - გაიხსენა ქალმა 2018 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში.

9 წლის ასაკში კრისტინა საავადმყოფოში კუნთთან დაკავშირებული პრობლემით აღმოჩნდა. გოგონას ოპერაცია ჩაუტარდა. ანესთეზიის შემდეგ კი, თითქოს, სხვა ადამიანად დაიბადა…

ktistina-koriagina-2-1771533398.jpg
კრისტინა კორიაგინა სკოლის პერიოდში

"როდესაც საავადმყოფოდან გამოწერეს, საკვებზე უარი თქვა. საქმე იმ დონემდე მივიდა, რომ ტიროდა, თუ ვაჭმევდით. ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ ექიმთან წავედით, მკურნალობა დავიწყეთ და მას შემდეგ, უკვე მრავალი წელია, რაც ვმკურნალობთ", - იხსენებს კრისტინას დედა, მარინა კორიაგინა.

სკოლის დამთავრებისთვის გოგონა ძალიან გახდა. თუმცა, ის ამაში პრობლემას ვერ ხედავდა. პირიქით, როგორც კრისტინა იხსენებს, მაშინ სიგამხდრის გამო ძალიან ბედნიერი იყო.

ktistina-koriagina-20-1771533487.jpg
კრისტინა კორიაგინა ბავშვობაში

"წონაში დაკლების კონკრეტული მიზანი არასდროს მქონია, მაგრამ მომატების მეშინოდა. საჭმელზე ისტერიკა მეწყებოდა, თეფშებს ვყრიდი. ხორცზე საერთოდ უარი ვთქვი. დილით წვენს ვსვამდი, დაახლოებით შუადღის 3-5 საათზე ჩაის ან ყავას შაქრით, დღის ბოლოს კი, საღამოს 9 საათისთვის, შეიძლება ვაშლი ან პატარა ბანანი მეჭამა. მაშინაც კი, თუ ამას ვჭამდი, თავს მძიმედ ვგრძნობდი. როცა არ ვჭამ, თავს უკეთ ვგრძნობ", - იხსენებს გოგონა თავის ისტორიას.

მის შემთხვევაში მკურნალობა აბსოლუტურად უშედეგო აღმოჩნდა. გოგონას სტრესის გამო ანორექსიის დიაგნოზი დაუსვეს. რეკომენდაციებს ასრულებდა, თუმცა წონაში ვეღარ იმატებდა. კრისტინამ ორი უმაღლესი დაამთავრა წარჩინებით, მუშაობდა კიდეც, თუმცა არც ენერგიის დახარჯვამ და არც ექიმების მცდელობამ არ გაამართლა.

ktistina-koriagina-32-1771533525.jpg
კრისტინა კორიაგინა

პარალელურად, გოგონას, წონის დეფიციტის გამო, ხერხემლის პრობლემები აწუხებს.

"დაჯდომაც კი არ შემიძლია; კუჭის გასაჭიმად წყლის ერთი ყლუპი უნდა დავლიო. მაგრამ პირველი ყლუპიც კი მტკივა", - თქვა მან.

ექიმების თქმით, იმისათვის, რომ ქალი სტაბილურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მინიმუმ, 45 კილოგრამს უნდა მიაღწიოს. კრისტინამ ჯერ ეს მაჩვენებელი ვერ მიაღწია, მაგრამ ამბობს, რომ პროგრესი აქვს.

ktistina-koriagina-7-1771533558.jpg
კრისტინა კორიაგინა

2023 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან დაავადება დაძლია. თუმცა, ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

"არაფერი გამომისწორდა და ჯერ კიდევ გრძელი გზა მაქვს გასავლელი. ჩემს სხეულს ბევრი რამის ატანა არ შეუძლია, მკურნალობაზე არ რეაგირებს. ეს დიდი უკუსვლა იყო. დიდ მანძილზე სიარული არ შემიძლია. მხოლოდ ეტლით გადავადგილდები. ჩემი სხეული საკვებს უარყოფს და ეს ჩემი ახირებით არ ხდება. ძალიან რთულია...", - აღიარა კრისტინამ

კრისტინა ახლა თავისუფალ დროს კითხულობს, სუნთქვით ვარჯიშებს აკეთებს, ფსიქოლოგია აინტერესებს და სხვადასხვა მასალას ეცნობა.

ktistina-koriagina-5-1771533686.jpeg
კრისტინა კორიაგინა

"უბრალოდ ვიბრძვი. მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ; ჩემი სხეული დაიღალა. მკურნალობას გავდივარ. თუ 5 წელია, ავად ხარ, შანსი ყოველთვის არის! მაგრამ თუ 20 წელია, ავად ხარ, მაშინ აბსოლუტურად არა... სხეული დაიღლება და ყველაფერს თავისით უარყოფს", - ამბობს კრისტინა.

იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს მისი ახირება არ არის. მისი სხეული საკვებს კატეგორიულად უარყოფს და შესაბამისად, ვერც წონაში იმატებს.

"თმა გაგცვივდებათ, კბილები დაგცვივდებათ, სიარულს ვეღარ შეძლებთ, უნდა გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გაქვთ. საყვარელ ადამიანებზე იფიქრეთ - ჩემნაირ ადამიანებს ამას ვეტყვი. ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა", - ამბობს კრისტინა.

ktistina-koriagina-8-1771533733.jpg
კრისტინა კორიაგინა

ქალი აცხადებს, რომ ახლა წონას საერთოდ აღარ აკონტროლებს და ცდილობს, მკურნალობის კურსს მიჰყვეს:

"ჩემს წონაზე არც კი ვსაუბრობ. დიდი ხანია სასწორი არ მქონია. ეს ყველაზე დიდი მიღწევაა, რადგან ჩემნაირ ადამიანებს დღეში ხუთჯერ შეუძლიათ, აწონვა", - ამბობს კრისტინა.

გული შენელებული მქონდა და მეგონა, მოვკვდებოდი - ცნობილი მსახიობების შვილის გულახდილი ნაამბობი, როგორ დაამარცხა ანორექსია
როგორ გამოიყურებიან ახლა 14 წლის დები, რომლებიც სამოდელო სააგენტომ ანორექსიამდე მიიყვანა