გუშინ შვილი კალათბურთზე შეყვანას გთხოვდათ, დღეს ბავშვს ფეხბურთი მოსწონს, ხვალ — ცეკვა, ზეგ კი აცხადებს, რომ ყველაფერი მობეზრდა და ყველა წრიდან გამოყვანას გთხოვთ. ბევრი მშობლისთვის ეს მდგომარეობა ნაცნობია. რატომ ხდება ასე - რატომ კარგავს ბავშვი ინტერესს სწრაფად და როგორ ვასწავლოთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა?
ასაკობრივი თავისებურებები
ტვინის ის ნაწილი, რომელიც იმპულსების კონტროლზე და გრძელვადიან დაგეგმვაზეა პასუხისმგებელი, სრულად დაახლოებით 25 წლისთვის ყალიბდება. მანამდე ბავშვს უჭირს საკუთარი თავის „დაძალება“ ან იმის გააზრება, რომ მაგალითად ინგლისურის მიტოვება მომავალში შესაძლოა არასწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს.
ურთიერთობები ჯგუფში
ხანდახან ბავშვს თავად საქმიანობა მოსწონს, მაგრამ კონკრეტულ ჯგუფში თავს ცუდად გრძნობს. მიზეზი შეიძლება იყოს არაჯანსაღი გარემო — იერარქია, დაცინვა, ბულინგი ან რამე სხვა დისკომფორტი.
ურთიერთობა მასწავლებელთან
კარგ მასწავლებელს შეუძლია ბავშვს როგორც მუსიკა, ისე მათემატიკა შეაყვაროს. თუ ბავშვი მასწავლებლის გვერდით თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს ან გაკვეთილები მისთვის უინტერესოა, წრის მიტოვების სურვილი ძლიერდება.
მოტივაციის ნაკლებობა
თუ ბავშვი ვერ ხედავს აზრს კონკრეტულ საქმიანობაში, ინტერესიც იკლებს. ეს ხშირად ხდება მაშინ, როცა მშობლებს შვილი ისეთ წრეზე დაჰყავთ, რომელიც მათთვისაა საინტერესო და არა ბავშვისთვის.
გადატვირთვა
ბავშვს აუცილებლად სჭირდება თავისუფალი დრო — დრო, როცა არაფერს აკეთებს და უბრალოდ ისვენებს.
დაბალი თვითშეფასება
თუ ბავშვს შეცდომის დაშვების ეშინია ან საკუთარ შესაძლებლობებში არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი ახალი საქმიანობა მისთვის შფოთვის წყაროდ იქცევა.
ინტერესების ცვლილება
ასაკთან ერთად გემოვნება და ინტერესები იცვლება — ეს ნორმალურია. განგაშის საფუძველი მაშინ ჩნდება, როცა ბავშვი რეგულარულად და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ტოვებს დაწყებულ საქმეს.
ხშირად მშობლების პირველი რეაქციაა — დასჯა და იძულება. გარკვეული ზომით მშობელს მაინც უწევს მოთხოვნის დაყენება, რადგან სწორედ ის არის პასუხისმგებელი ბავშვის დღის რეჟიმსა და საქმიანობაზე. თუმცა ეს უნდა გაკეთდეს რბილად. დასჯა ბავშვს არა პასუხისმგებლობას, არამედ შიშს, ტყუილსა და თავის გამოძრომის გზების ძიებას ასწავლის.
ბავშვები ვითარდებიან „კონტროლირებადი ფრუსტრაციის“ პირობებში — სიტუაციებში, რომლებიც მათთვის ოდნავ არასასიამოვნოა, მაგრამ ტრავმულ დონემდე არ მიდის. ასეთი გამოცდილება ზრდის გამძლეობას და ემოციური რეგულაციის უნარებს ასწავლის.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გავარკვიოთ ინტერესების ხშირი ცვლილების მიზეზი. შემდგომი ნაბიჯებიც სწორედ ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს.
თუ მიზეზი ასაკია, აუცილებელია მკაფიო და სტაბილური დღის რეჟიმი — გაკვეთილებთან ერთად დასვენების დროც. რეჟიმი ბავშვს უსაფრთხოების შეგრძნებას აძლევს და აჩვევს, რომ გარკვეულ დროს გარკვეულ ადგილზე უნდა იყოს.
თუ პრობლემა ჯგუფში ან მასწავლებელშია, შეიძლება ღირს ჯგუფის შეცვლა, მაგრამ არა საქმიანობის. მაგალითად, სხვა კლასში ან სხვა გუნდში გადაყვანა.
თუ საქმე გადატვირთვაშია, გადახედეთ გრაფიკს და განსაზღვრეთ პრიორიტეტები. კვლევების მიხედვით, ბავშვს დღეში დაახლოებით ორი საათი თავისუფალი დრო სჭირდება — სკოლისა და წრეების გარეშე, და იდეალურ შემთხვევაში — ტელეფონის გარეშეც.
დაბალი თვითშეფასება ხშირად უკავშირდება იმას, როგორ ვაფასებთ ბავშვს. შეაქეთ დახარჯული ძალისხმევა და შუალედური პროგრესი, და არა მხოლოდ საბოლოო შედეგი.
ჰკითხეთ ბავშვს, რა გამოსდის კარგად და რა უჭირს. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ „უნდა შეძლოს“ — შესთავაზეთ დახმარება და ერთად გაარკვიეთ, რატომ არ გამოდის რაღაც.
მოტივაციის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს წახალისება. მაგალითად, თუ ბავშვი არ გააცდენს რეპეტიტორთან გაკვეთილებს, მიიღებს იმას, რაზეც დიდი ხანია ოცნებობს. თუმცა ამ მეთოდით ხშირად სარგებლობა არ არის რეკომენდებული.
თუ თავად ვერ ასრულებთ დაწყებულ საქმეებს, დიდი ალბათობით ბავშვიც იმავე ქცევას გაიმეორებს. აჩვენეთ მაგალითი: მაშინაც კი, როცა რაღაცის გაკეთება არ გინდათ, მაგრამ იცით, რომ ეს მნიშვნელოვანია (მაგალითად, ვარჯიში ჯანმრთელობისთვის), მაინც ასრულებთ მას.
თუ ბავშვს საქმიანობა საერთოდ არ აინტერესებს, ცვლილება შეიძლება მისთვის სასარგებლო იყოს.
თუ შეუძლია არგუმენტირებულად ახსნას, რატომ არ შეეფერება კონკრეტული წრე, ღირს მისი მოსმენა.
თუ ბავშვი რეალურად გადაღლილია, დატვირთვის შემცირება მხოლოდ სარგებელს მოუტანს.
ბავშვისთვის დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა სწავლადი უნარია. მოთმინება, თანმიმდევრულობა და ემპათია — ეს ის საფუძველია, რომელიც ბავშვს დაეხმარება პასუხისმგებლობის, გამძლეობისა და შინაგანი მოტივაციის განვითარებაში.