53 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი ერიკ დეინი გარდაიცვალა, რომელსაც ფართო აუდიტორია განსაკუთრებით პოპულარული სამედიცინო სერიალიდან, "გრეის ანატომიიდან" იცნობდა.
ერიკ დეინმა დაახლოებით ერთი წლის წინ განაცხადა, რომ მას ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზი (ALS) დაუდგინდა — ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ნერვულ უჯრედებს აზიანებს და კუნთების ფუნქციის, მათ შორის, სუნთქვის, თანდათანობით დაკარგვას იწვევს.
მისმა ოჯახმა ჟურნალ People-სთვის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „ერიკი ხუთშაბათს, შუადღისას, ALS-თან მამაცი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო დღეები მან ახლო მეგობრების გარემოცვაში გაატარა, თავისი ერთგული მეუღლისა და ორი ულამაზესი ქალიშვილის — ბილისა და ჯორჯიას გვერდით, რომლებიც მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები იყვნენ.“
ერიკ დეინი 1972 წლის 9 ნოემბერს დაიბადა სან-ფრანცისკოში, ებრაულ ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა და დედამ მკაცრი რელიგიური წესებით გაზარდა ერიკი და მისი ძმა.
დეინი საშუალო სკოლაში სპორტსმენი იყო, თამაშობდა ბიჭების წყალბურთის გუნდში, მაგრამ არტურ მილერის „ყველა ჩემი შვილის“ სასკოლო დადგმაში მონაწილეობის შემდეგ მსახიობობა გადაწყვიტა.

1993 წელს დეინი ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მცირე როლები შეასრულა ტელესერიალებში. ასევე მონაწილეობდა მხატვრულ ფილმებში. ყველაზე დიდი წარმატება კიდოქტორ მარკ სლოუნის როლმა მოუტანა ABC-ის სამედიცინო დრამაში „გრეის ანატომია“.

დეინმა ასევე ითამაშა კალ ჯეიკობსის როლი გახმაურებულ სერიალში „ეიფორია“, რომლის პრემიერაც 2019 წელს შედგა. 2023 წელს მან აღწერა თავისი გამოცდილება „ეიფორიის“ მსგავს შოუში მონაწილეობის შესახებ, სადაც რეგულარულად უწევდა პროთეზირებული პენისის ტარება. მან განაცხადა: „ეს სცენები ძალიან რთულია გადასაღებად“.

დეინი 2004 წლის 29 ოქტომბერს დაქორწინდა მსახიობ რებეკა გეიჰარტზე. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ.

დამანგრეველი დიაგნოზის დასმამდე ყველაფერი იმ სიმპტომებით დაიწყო, რომლებიც ბევრს შეიძლება უმნიშვნელოდ მიაჩნდეს. გარკვეულ მომენტში მან კუნთების სისუსტე შენიშნა. ივნისში Good Morning America-სთან ინტერვიუში აღწერა, თუ როგორ აცლიდა დაავადება თანდათან ძალებს.
„ახლა ფაქტობრივად ცალი ხელი მაქვს. მარცხენა მხარე მიმუშავებს, მარჯვენა - დომინანტური მხარე - სრულიად გამქრალია... თავიდან მარჯვენა ხელში სისუსტე დამეწყო. იმ დროს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან ვფიქრობდი, რომ შეიძლება ტელეფონში ძალიან ბევრს ვმესიჯობდი. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა. ექიმთან მივედი. მან სხვა ექიმთან გამგზავნა. შემდეგ ნევროლოგთან მივედი, რომელმაც სხვა ნევროლოგთან გამგზავნა...“ - ამბობდა ის. ექიმიდან ექიმთან ცხრათვიანი ხეტიალის შემდეგ, მსახიობმა შეიტყო, რომ ამიოტროფული სკლეროზი ჰქონდა - პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ზურგის ტვინისა და ტვინის ნერვულ უჯრედებზე მოქმედებს, რაც კუნთების კონტროლის დაკარგვას და საბოლოოდ დამბლას იწვევს. „ვგრძნობ, რომ რამდენიმე თვეში მარცხენა ხელიც აღარ მექნება. ეს საფიქრალი გაფხიზლებს“, - ამბობს მსახიობი. ჯერ კიდევ აპრილში ერიკი წუხდა, რომ სიარულის უნარსაც დაკარგავდა და ქალიშვილებთან დროს ვეღარ გაატარებდა. ასეც მოხდა...

მიუხედავად იმისა, რომ ერიკ დეინი მაყურებლისთვის გამორჩეული გარეგნობითა და ძლიერი ეკრანული ქარიზმით გამოირჩეოდა, არაერთი გულშემატკივარი მიიჩნევს, რომ მისი პოტენციალი სრულად არ იყო რეალიზებული. მსახიობი ფართო პოპულარობით სარგებლობდა სერიალებში, თუმცა კინოკარიერაში მას შედარებით ნაკლებად ჰქონდა მასშტაბური და გარდამტეხი როლები. მიუხედავად ამისა, ერიკ დეინი მაყურებლის მეხსიერებაში დარჩება როგორც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სატელევიზიო პერსონაჟის შემსრულებელი და არტისტი, რომელმაც ეკრანზე ძლიერი კვალი დატოვა.