მორბიდულად მსუქან პაციენტებში ბარიატრიული ოპერაცია 30-40%-ით ამცირებს ნაადრევი სიკვდილის ალბათობას - მშობლები

მორბიდულად მსუქან პაციენტებში ბარიატრიული ოპერაცია 30-40%-ით ამცირებს ნაადრევი სიკვდილის ალბათობას

2026-02-20 13:04:46+04:00

მორბიდული სიმსუქნე დაავადებაა, რომელსაც მკურნალობა სჭირდება - ამას გვეუბნება თანამედროვე მედიცინა კვლევებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით და მის სამკურნალოდ ბარიატრიულ ქირურგიას გვთავაზობს. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დახვეწილი პროტოკოლების წყალობით, ბარიატრიული ქირურგია დღეს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და სტანდარტიზებულ ოპერაციად ითვლება მუცლის ღრუში. მიუხედავად ამისა დღეს საზოგადოებაში გავრცელებულია წარმოდგენა, რომ ოპერაცია ვიზუალური პრობლემების მოსაგვარებლად ტარდება.

„ესთეტიკური ეფექტი ანუ ლამაზი სხეული ჩვენი ოპერაციების სასიამოვნო თანმხლები შედეგია. მას შეიძლება ბონუსი ვუწოდოთ. მთავარი შედეგი კი არის იმ მძიმე ქრონიკული დაავადებებისგან გათავისუფლება, რომლებიც ადამიანს უკარგავს ცხოვრების ხარისხს, იწვევს შესაძლებლობების შეზღუდვას და ცალკეულ შემთხვევებში სიკვდილსაც კი,“ - განმარტავს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბარიატრიული ქირურგი, ზოგადი ქირურგი გია მოსიაშვილი, რომელიც ბარიატრიულ ქირურგიაზე დეტალურად გვესაუბრება.

- ხშირად ბარიატრიულ ქირურგიას ესთეტიკურ პროცედურასთან აიგივებენ. სინამდვილეში, რა სამედიცინო დატვირთვა აქვს ამ მიმართულებას?

- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მცდარი სტერეოტიპი. ბარიატრიული ქირურგიის გაიგივება პლასტიკურ ქირურგიასთან ფუნდამენტურად არასწორია. რეალურად, ეს არის მეტაბოლური ქირურგია, რომლის უპირველესი მიზანია არა სილამაზე, არამედ სიცოცხლის გადარჩენა და გახანგრძლივება, ცხოვრების ხარისხის აღდგენა.

ჩვენ გვაქვს მტკიცებულებებზე დაფუძნებული კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ არის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის ჩარევა. ესენია: ბრძოლა მეტაბოლურ სინდრომთან, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის რემისიაში გადაყვანა, არტერიულ წნევის ნორმალიზაცია, ინფარქისა და ინსულტის რისკების, ქოლესტერინის დონის შემცირება, ძილის მოწესრიგება, ქვედა კიდურის სახსრების და წელის ტკივილი შემცირება ან სრულად გაქრობა. წონის კლებასთან ერთად უშვილო წყვილებში იზრდება ბავშვის ყოლის შანსი. დადასტურებულია, რომ სიმსუქნე დაკავშირებული მრავალი ტიპის სიმსივნის განვითარებასთან. წონის კლება ამცირებს ამ რისკებსაც.

- რა შემთხვევაში ინიშნება ბარიატრიული ქირურგია?როგორ დგინდება, კონკრეტულ ადამიანს სჭირდება თუ არა ეს ოპერაცია?

- ბარიატრიული ოპერაციის გადაწყვეტილებას არასდროს ვიღებთ მხოლოდ პაციენტის სურვილით ან სასწორზე დანახული რიცხვით. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ის გამოიყენება მორბიდული სიმსუქნის სამკურნალოდ, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას და მის ცხოვრების ხარისხს. ექიმები ვეყრდნობით საერთაშორისო და ეროვნულ პროტოკოლებს. ძირითადი კრიტერიუმია სხეულის მასის ინდექსი (BMI). როდესაც ის 40-ზე მეტია, ოპერაცია რეკომენდებულია მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა პაციენტს თანმხლები დაავადებები. თანმხლები დაავადებების არსებობის შემთხვევაში ბარიატრიული ოპერაცია ნაჩვენებია BMI 35-დან. მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს ოპერაცია განიხილება BMI 30 დროსაც კი. ასევე აუცილებელია, რომ პაციენტს ნაცადი ჰქონდეს წონის კლება დიეტით, ვარჯიშით ან მედიკამენტებით, რომლებმაც ვერ მოუტანეს სასურველი შედეგი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტის მოტივაცია და მზადყოფნა ცხოვრების წესის მნიშვნელოვან ცვლილებებისთვის.

- მოგვიყევით უშუალოდ პროცედურაზე, რა ტიპის მანიპულაციაა ის? ოპერაციის დროს მხოლოდ კუჭის ნაწილის ამოკვეთა ხდება?

ბარიატრიული ქირურგია დღეს ცნობილია როგორც მეტაბოლური ქირურგია, რადგან მხოლოდ ანატომიურ ცვლილებას არ გულისხმობ. ის ცვლის ორგანიზმის მეტაბოლიზმს და ჰორმონალურ ფონს. უნდა გამოვყოთ ორი ტიპის ოპერაცია: კუჭის დაპატარავება და კუჭის შემოვლითი ოპერაციები.

პირველი ტიპის ოპერაციის მაგალითია მსოფლიოში ყველაზე ხშირად შესრულებადი სლივ-გასტრექტომია (Sleeve Gastrectomy). ამ ოპერაციის დროს ხდება კუჭის დიდი ნაწილის, დაახლოებით 75-80%-ის ამოკვეთა. კუჭი იღებს ვიწრო მილის ან ე.წ. ბანანის ფორმას. ამ მეთოდის მთავარი ეფექტი არის მიღებული საკვების მოცულობის შეზღუდვა და ჰორმონალური ცვლილება, რადგან მცირდება შიმშილის ჰორმონის გამომუშავება. ოპერაციის შემდეგ პაციენტები არ განიცდიან შიმშილს და დანაყრება დგება მცირე ულუფის მიღების შემდეგ.

მეორე ტიპის ოპერაციის მაგალითია გასტროშუნტირება (Gastric Bypass). ეს არის კომბინირებული მეთოდი. იქმნება კუჭის პატარა ტაკვი ანუ პატარავდება კუჭი და ხდება წვრილი ნაწლავის დასაწყისის 1.5-2 მეტრის გამოთიშვა მონელების პროცესიდან. შედეგად, მცირდება როგორც მიღებული საკვების რაოდენობა, ისე კალორიების შეწოვა.

ორივე შემთხვევაში ოპერაცია სრულდება ლაპაროსკოპიული მეთოდით ანუ მცირე განაკვეთებით, რაც ამცირებს ტრავმატიზმს და აჩქარებს რეაბილიტაციას.

- რამდენად უსაფრთხოა ბარიატრიული ქირურგია დღეს?

- თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დახვეწილი პროტოკოლების წყალობით, ბარიატრიული ქირურგია დღეს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და სტანდარტიზებულ ოპერაციად ითვლება მუცლის ღრუში. სტატისტიკურად, მისი რისკები გაუტოლდა ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის (ქოლეცისტექტომიის) რისკებს. გართულებების მაჩვენებელი წამყვან კლინიკებში 1%-ზე დაბალია. თუ 20-30 წლის წინ ეს მაღალი რისკის ოპერაციად ითვლებოდა, თანამედროვე ტექნოლოგიებმა რისკები მინიმუმამდე დაიყვანა. გამოცდილი ქირურგიული გუნდი, პაციენტის მულტიდისციპლინური მართვა, დეტალური წინასაოპერაციო გამოკვლევა, თანამედროვე მაღალი გარჩევადობის ლაპაროსკოპიული აპარატურა, მაღალეფექტური და სწრაფი ბიპოლარული და ულტრაბგერითი სკალპელები, ავტომატური საკერავი მოწყობილობები განსაზღვრავენ ოპერაციის წარმატებას. პაციენტები ოპერაციის შემდეგ იღვიძებენ უმნიშვნელო ტკივილით, რამდენიმე საათში დგებიან საწოლიდან, მეორე დღიდან იწყებენ თხევადი საკვების მიღებას და ეწერებიან ბინაზე.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ექიმები უსაფრთხოებას სხვა კუთხითაც ვაფასებთ: რა უფრო საშიშია - ოპერაცია თუ სიმსუქნე? ხანგრძლივ პერსპექტივაში, მორბიდული სიმსუქნით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკი გაცილებით მაღალია, ვიდრე ოპერაციული რისკები. მორბიდულად მსუქან პაციენტებში ბარიატრიული ოპერაციები საშუალოდ 30-40%-ით ამცირებს ნაადრევი სიკვდილის ალბათობას მომდევნო წლებში.

- რომელი მიმართულების სპეციალისტების ჩართულობაა საჭირო წარმატებული შედეგის მისაღებად?

- როგორც უკვე აღვნიშნე ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგია არის მულტიდისციპლინური დარგი. ოპერაციამდე პაციენტი გადის მულტიდისციპლინური გუნდის ექიმების კონსულტაციებს: ქირურგის გარდა პაციენტს ნახულობს ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, თერაპევტი, ფსიქოლოგი, ანესთეზიოლოგი. ფასდება პაციენტის ჰორმონალური სტატუსი, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მდგომარეობა, ფსიქოლოგიური მზადყოფნა, ანესთზიის რისკები. ყველა დარგის ექიმის თანხმობა აუცილებელია იმისთვის, რომ დაინიშნოს ოპერაცია. ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტის ოპერაციისთვის მომზადება რამდენიმე თვე გაგრძელებულა. საჭიროების დროს პაციენტის კვლევებში ჩართულები არიან სხვა დარგის სპეციალისტებიც, მაგალითად, გასტროენტეროლოგები, ჰემატოლოგები, რევმატოლოგები, ალერგოლოგები და ა. შ.

რა თქმა უნდა, სრულყოფილად მომზადებული პაციენტის ოპერაციული რიკები გაცილებით დაბალია.

- რატომ უნდა მიმართონ პაციენტებმა ბარიატრიული ქირურგიისთვის „ნიუ ჰოსპიტალს“?

- „ნიუ ჰოსპიტალსი“ მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია. თანამედროვე განახლებადი სამედიცინო აპარატურა, მაღალკვალიფიციური საექიმო გუნდი, საერთაშორისო აკრედიტაცია და მენეჯმენტის სწრაფვა მუდმივად გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი და პაციენტთა უსაფრთხოება, მას საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებად აქცევს. კლინიკაში დანერგილია მკურნალობისა და პაციენტის მოვლის უმაღლესი სტანდარტები. საქართველოს პირობებში ეს ნიშნავს, რომ პაციენტი იღებს მსოფლიო დონის სამედიცინო მომსახურებას ქვეყნიდან გაუსვლელად. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საოპერაციოები და დიაგნოსტიკური კაბინეტები ბარიატრიული პაციენტების წარმატებული მკურნალობის წინაპირობაა. ოპერაციებისას გამოიყენება უახლესი თაობის ლაპაროსკოპიული აპარატურა, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, მინიმალურ ტრავმას, უმნიშვნელო პოსტოპერაციულ ტკივილს და სწრაფ რეაბილიტაციას. კლინიკა იყენებს უმაღლესი ხარისხის ერთჯერად სამედიცინო საკერავ აპარატებს (სტეპლერებს), რაც ოპერაციის შემდგომი გართულებების, მაგალითად, გაჟონვის რისკი მინიმუმამდე დაჰყავს.

ზოგადად, ჭარბწონიანი პაციენტების ოპერაცია ყოველთვის გარკვეულ რისკებთან ასოცირდება. „ნიუ ჰოსპიტალსის“ უპირატესობაა მისი ძლიერი რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილება, რომელიც ნებისმიერი სირთულის შემთხვევის სამართავად არის მზად. ასევე, კლინიკაში არსებული მძლავრი დიაგნოსტიკური საშუალებები მუშაობს 24/7-ზე, რაც უზრუნველყოფს პაციენტის მუდმივ მონიტორინგს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი გადის მკურნალობის ყველა ეტაპს ერთ სივრცეში: დიაგნოსტიკა, მომზადება, ოპერაცია, რეაბილიტაცია, ოპერაციის შემდგომი მონიტორინგი. „ნიუ ჰოსპიტალსი“ არის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია პაციენტის მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და მკურნალობის გრძელვადიან შედეგზე.

- როგორია ბარიატრიული ქირურგიისწინასაპოერაციო პერიოდი?

- ბარიატრიული ოპერაციისთვის მზადება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ქირურგიული ოპერაცია. ეს პერიოდი საშუალოდ 1-დან 4 კვირამდე გრძელდება. თუ პაციენტს რთული თანმხლები დაავადებები აქვს, ოპერაციისთვის მზადების პროცესი ხანგრძლივდება. აუცილებელი სამედიცინო კვლევებიდან უნდა გამოვყოთ გასტროსკოპია - უნდა შეფასდეს საყლაპავის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის მდგომარეობა, უნდა დავაზუსტოთ ხომ არ არის წყლული, ეროზია ან Helicobacter pylori და ა. შ.. ასევე აუცილებელია მუცლის ღრუს ექოსკოპია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ღვიძლის ზომას, ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობას. ლაბორატორიული ანალიზებიდან კეთდება: სისხლის საერთო, ბიოქიმიური მაჩვენებლები, კოაგულოგრამა, ჰორმონალური ფონი და ვიტამინების დონე. კარდიოლოგიური და პულმონოლოგიური მიმართულებით ტარდება კარდიოგრაფია, სპირომეტრია, გულმკერდის რენტგენოგრაფია. ცალკეულ შემთხვევებში ძალიან მაღალი სხეულის ინდექსიან პაციენტებში საჭირო ხდება წინასაოპერაციო დიეტა, რომლის მიზანიც არის გაცხიმოვნებული ღვიძლის ზომებში დაპატარავება. ოპერაციამდე 3-4 კვირით რეკომენდებულია თამბაქოს მოწევის შეწყვეტა.

- როგორია პოსტოპერაციული პერიოდი? როდისიწყებადა რამდენი ხანი გრძელდებაკლების პროცესი?

- პაციენტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათთვის მოულოდნელი იყო ოპერაციის შემდგომი პერიოდის სიმსუბუქე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ისინი არ უჩივიან ტკივილს. ოპერაციის დასრულებიდან 3-4 საათის შემდეგ პაციენტი დგება ფეხზე, მეორე დღეს იწყებს სითხის მიღებას და ბინაზე ეწერება მეორე ან მესამე დღეს.

რაც შეეხება წონის კლებას, ის იწყება ოპერაციიდან პირველივე დღეებში. თუმცა, პირველ 2-4 კვირაში სასწორზე დანახული დიდი ციფრები (ხშირად 10-15 კგ-მდე) ძირითადად სითხის გამოდევნისა და მკაცრი თხევადი დიეტის შედეგია. ნამდვილი, ვიზუალური ტრანსფორმაცია, რომელსაც გარშემომყოფები ამჩნევენ, მე-2 და მე-3 თვიდან იწყება. ამ პერიოდისთვის ორგანიზმი სრულად გადართულია საკუთარი ცხიმის წვაზე. საშუალოდ, პაციენტები კვირაში 1-დან 2 კილოგრამამდე სტაბილურად იკლებენ. სამი თვის თავზე, როგორც წესი, ზედმეტი წონის დაახლოებით 30-40% უკვე დაკარგულია. ოპერაციიდან 12-18 თვის შემდეგ ხდება საბოლოო წონის სტაბილიზაცია.

ზოგჯერ პაციენტებს ოპერაციიდან მე-3 კვირას წონის კლება უჩერდება. თუმცა ეს მხოლოდ დროებითი პაუზაა შემდეგ ნახტომამდე. მინდა ხაზი გავუსვა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს - ბარიატრიული ოპერაციის შედეგების საზომი მხოლოდ სასწორი არ არის. რეალური შედეგი ხშირად არა კილოგრამებში, არამედ თანმხლები დაავადებების რემისიაში გამოიხატება. მაგალითად, ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში სისხლში შაქრის დონის ნორმალიზება ხშირად იწყება ოპერაციიდან პირველივე კვირაში, ვიზუალურ ცვლილებებამდე.

- რაზეა დამოკიდებული კლების ტემპი? რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა სასურველი შედეგის მისაღებად?

- კლების ტემპი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია საწყის წონაზე, ასაკზე, სქესსა და მეტაბოლიზმზე. პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ოპერაცია არის ინსტრუმენტი, რომ მან ადვილად შეძლოს კვებითი ჩვევების ცვლილება. ოპერაციის შემდეგ კვება იწყება თხევადი საკვებით, შემდეგ გრელდება ფაფისებური და ფარშირებულით და ერთი თვის შემდეგ მყარი საკვებით. ცილა არის პრიორიტეტული საკვები, მისი მიღება აუცილებელი, რათა წონის კლება მოხდეს ცხიმის და არა კუნთის ხარჯზე. არ უნდა დაგვავიწყდეს წყლის მიღება: მინიმუმ 1.5 - 2 ლიტრის მიღება ყლუპ-ყლუპად. ოპერაციიდან 10-14 დღეში საჭიროა დანამატების: მულტივიტამინების, კალციუმისა და რკინის მიღება.

- როგორ გრძელდება პაციენტის ცხოვრება სასურველი წონის მიღების შემდეგ?

- როგორც უკვე ვთქვით, საბოლოო წონის ჩამოყალიბება ორ წლამდე პერიოდს მოიცავს. ამ დროისთვის ჩატრებული ოპერაციის გამო, ის აღარ განიცდის ფსიქოლოგიურ დისკომფორტს შემცირებული ულუფების გამო. ამავდროულად, მას აღარ აწუხებს ის თანმხლები დაავადებები, რომლების უფიქსირდებოდა ოპერაციის წინ. უკან იხევს ან სრულ რემისიას განიცდის დიაბეტი ტიპი 2, ჰიპერტენზია, სახსრების ტკივილი. ქალბატონებში ხშირად აღდგება ფერტილობა. აუცილებელია წელიწადში ერთხელ საკონტროლო ვიზიტი და ანალიზების ჩაბარება ვიტამინების დეფიციტის გამოსარიცხად. მისი ცხოვრების ხარისხი და ჯანმრთელობის მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესებულია.

- რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მზადყოფნა?

- ფსიქოლოგიურ მზადყოფნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში ფსიქოლოგიური მზადყოფნა გულისხმობს რეალისტურ მოლოდინებს. არ უნდა ველოდოთ, რომ ჩვენი ცხოვრების წესის ცვლილების გარეშე მხოლოდ ოპერაციაზე იქნება დამოკიდებული წონის კლება. უნდა იმართოს ემოციური კვება. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ წონა იქ არ გაჩერდება, სადაც “მე მინდა”. ყველა ოპერაციას თავისი სავარაუდო კლების კოეფიციენტი აქვს.

- შესაძლებელია თუ არა ოპერაციის შემდეგ კვლავ წონის მატება დაიწყოს? რამ შეიძლება განაპირობოს აღნიშნული?

- სამწუხაროდ, პაციენტთა ნაწილს შესაძლოა ჰქონდეს წონის ხელმეორედ მომატება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ სიმსუქნე არის ქრონიკული დაავადება. ოპერაცია ამ დაავადებას გადაიყვანს „რემისიაში“, მაგრამ არ კურნავს სამუდამოდ, თუ პაციენტმა ხელი არ შეუწყო შედეგს. მიზეზები შეიძლება იყოს წახემსების ჩვევა ანუ მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ულუფებით, მაღალკალორიული საკვების (ტკბილეული, ჩიფსი, ალკოჰოლი) მიღება. არ უნდა დაგვავიწყდეს სითხის კალორიები ანუ ტკბილი გაზიანი სასმელები, მილქშეიკები, რომლებიც სწრაფად გაივლის კუჭს, მაგრამ არ იწვევს დანაყრებას. არ უნდა მოხდეს ფიზიკური აქტივობის სრული უგულებელყოფა. ანატომიურად კუჭის მცირედი გაწელვა ბუნებრივია, მაგრამ წონის მატებას ძირითადად ქცევითი დარღვევები იწვევს.

- რას ეტყვით იმ ადამიანებს, ვინ ბარიატრიულ ქირურგიაზე ფიქრობს?

- ნუ შეხედავთ ამ ოპერაციას როგორც მარტივ გამოსავალს ან მხოლოდ კოსმეტიკურ ჩარევას. ეს არის სერიოზული სამედიცინო გადაწყვეტილება, რომელსაც შეუძლია თქვენი სიცოცხლის გახანგრძლივება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. სიმსუქნით გამოწვეული თანმხლები დაავადებები ადრეულ ეტაპზე სრულიად განკურნებადია. თუ სიმსუქნე გიშლით ხელს სრულფასოვან ცხოვრებაში და დიეტებით შედეგს ვერ აღწევთ, ნუ დაკარგავთ დროს. მოდით კონსულტაციაზე, მოიძიეთ სწორი ინფორმაცია და მიიღეთ გადაწყვეტილება თქვენი ჯანმრთელობის სასარგებლოდ. სიმსუქნე დაავადებაა, დაავადებას კი მკურნალობა სჭირდება.

R